Home Blog Page 2199

როდის ხართ გულწრფელი, როცა ამბობთ, ქვეყანა გაღარიბდა, უკან-უკან მიდის, თუ ახლა, პოპულისტურ განცხადებებს რომ აკეთებთ, სად უნდა დავხარჯოთ გაზრდილი ბიუჯეტი- არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას

დღეს ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება ხარჯვით ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება, წელსვე გაზარდოს ხარჯვითი ნაწილი შემოსავლების გამო და გადაანაწილოს ის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებაზე საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა და მათ განცხადებებს პოპულისტური უწოდა.

„კარგია, რომ დღეს ასე ენერგიულად არის ზოგიერთი ოპოზიციონერი მოსული. მთელი ოპოზიცია, რომ ასე მუშაობდეს მთელი წლის განმავლობაში უფრო კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც ამ დარბაზში, დარბაზს გარეთ, ქუჩაში თუ ტელევიზიაში თვეების განმავლობაში საუბრობდით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ჩამოინგრა, თითქოს ყოველდღიურად საქართველო მიდის უკან, ღარიბდება, დემოკრატია სუსტდება და ქვეყანა შორდება ევროპას. ხომ ეს ხალხი ხართ? თუ თქვენ მართლა გჯერათ რასაც ამბობთ და თქვენი განცხადებები თუ სიმართლეა, მაშინ ამიხსენით როგორ ხდება, რომ განვიხილავთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ნახევარმილიარდიანი ზრდის ცვლილებას და თქვენ ამ ტრიბუნასთან გამოდიხართ და აქტიურად მსჯელობთ ვის გადავუნაწილოთ ეს ფული და სად მივმართოთ. თუნდაც თქვენი პოპულისტური და პოლიტიკური გეგმებისთვის როგორ გამოიყენოთ ეს ფული. თუ ქვეყანა უკან მიდის, თუ ქვეყანა ღარიბდება, მაშინ აქედან ხმამაღლა რაღას ლაპარაკობთ მომატებული ბიუჯეტი რაში უნდა გადაანაწილოს საქართველომ? როდის ხართ გულწრფელები, როცა ამბობთ ქვეყანა გაღარიბდა, უკან-უკან მიდის, თუ აქ რომ გამოდიხართ და პოპულისტურ განცხადებებს აკეთებთ, სად უნდა დავხარჯოთ ეს გაზრდილი ბიუჯეტი?“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“11 წლის განმავლობაში, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ, გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ”

11 წლის განმავლობაში, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ, გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებაა“ პირველი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ომი არ ყოფილა.

„გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი“ პოლიტიკით მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციამდე და ათას უბედურებამდე. 400 კაცზე მეტი დაიღუპა, 30 ათასი დევნილი და ა.შ. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის მანძილზე მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება. კეთილი ინებონ და გვაცადონ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე უნგრეთისთვის პირველია სტრატეგიული მიდგომა, მეორეა დისკუსია, მესამე კი იქნება გადაწყვეტილება”

ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე უნგრეთისთვის პირველია სტრატეგიული მიდგომა, მეორეა დისკუსია, მესამე კი იქნება გადაწყვეტილება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანს კითხვა დაუსვეს მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ვიქტორ ორბანის თქმით, გაფართოების შედეგების სტრატეგიული კალკულაცია ჯერ არ მომხდარა.

„პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, ეს შედის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესში თუ არა და რა პასუხები გვექნება გაფართოების სტრატეგიულ გავლენებზე. ეს არ გაკეთებულა, გაფართოების შედეგების სტრატეგიული კალკულაცია ჯერ არ მომხდარა. უნგრეთისთვის პირველია სტრატეგიული მიდგომა, მეორე – დისკუსია, მესამე კი იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან” – იაგო ხვიჩია

იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას, მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეიძლება, „ქართულ ოცნებაში“ საქმის შენარჩუნება ასეც ურჩევნიათ.

„მჯერა ჩემი კოლეგების, რომ „ქართულ ოცნებაში“ საჯაროდ არ გადახტებიან და იმპიჩმენტი არ შედგება. ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორიც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რათა ამ პროცესის დასრულების შემდეგ პრეზიდენტზე ისაუბრონ, როგორც კონსტიტუციის დამრღვევზე. მგონი, ეს საქმე იმპიჩმენტამდე არ მივა. ეს დისკუსია იმხელა დონეზე აიწია, რომ ჩემი ნებისმიერი კოლეგისთვის იაფად გაყიდვა უხერხული იქნება. „ქოცები“ კიდევ ამ ყველაფერში ძალიან ძვირს არ გადაიხდიან. საკმაოდ რთული იქნება, რომ ამხელა ყურადღებისა და ბულინგის ფონზე უმრავლესობის მხარეს 12 დეპუტატი გადახტეს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ეს დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ. შეიძლება, საქმის შენარჩუნება ასეც ურჩევნიათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ -შარლ მიშელი

გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა გაფართოებისთვის მომზადება.

„ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მოვემზადოთ. ბევრი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ეს იქნება ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეს არის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დებატების დაწყების საწყისი ეტაპი. უნდა გავარკვიოთ რამდენიმე საკითხი: პირველი, რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვაფინანსებთ ჩვენ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს მომავალში“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროკავშირის ელჩს თუ აქვს რესურსი, ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე-ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის ელჩს თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ვფიქრობ, არ აქვს ამის რესურსი, ასეთ პირობებში ყველამ გვაცალოს, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

კერძოდ, ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს ელჩის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას, პირიქით, აძლიერებს მას“.

კობახიძის თქმით, სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები.

„მე მახსოვს თავის დროზე კარლ ჰარცელის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, საჯაროდაც და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა ხელს არ შეუწყობდა რაღაც პროცესების სწორად განვითარებას. მაშინ მე ვუთხარი მარტივი რამ, მაშინ გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ხომ ვერ ჩავერეოდით სასამართლოს საქმიანობაში. ძალიან მარტივი იყო მისთვის მელიას დარწმუნება იმაში, რომ გადაეხადა გირაო, რაზეც მითხრა, რომ ის არ გეგმავდა ამის გაკეთებას, მელიას დარწმუნებას, გადაეხადა გირაო.

შემდეგ გახსოვთ თქვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში იყო სწორი, მელიას დაჭერა იყო სწორი და ლეგიტიმური, დარჩა ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ისტორიას დარჩა ასევე სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა, აქ ერთი რამ აღვნიშნო. მას თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში ყველამ უნდა გვაცალოს ჩვენ, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით, ზუგდიდში DATA BOOTCAMP-ი გაიმართა.

DATA BOOTCAMP-ის  მონაწილეებმა 7 დღის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის – AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. შემაჯამებელ დემო დღეზე, კი მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

თიბისიმ, მონაწილეებს შორის, ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების კურსებს გაივლიან.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DATA BOOTCAMP-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

DATA BOOTCAMP-ი, გურჯაანსა და ზუგდიდში ჩატარების შემდეგ, ბათუმსა და თბილისშიც გაიმართება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

R

“გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში საქართველოსთანაც”

გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში საქართველოსთანაც, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

„პირველ ყოვლისა, ეს ეხება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანია, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. ასეთი გეგმები გვაქვს ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან და პერსპექტივაში საქართველოსთანაც. რაც უფრო მეტია ევროკავშირის კომისარი, მით მეტი უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება, ამან გონივრულად იმუშაოს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ არ შეგიძლიათ გააგრძელოთ მთავრობის გაფართოება ახალი სამინისტროების გამოგონებით. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს პრაგმატული გადაწყვეტის პოვნა. ჩვენთვის გერმანიაში, აშკარად როლს თამაშობს კითხვა, რამდენი ადგილი აქვს ჩვენს დიდ წევრ ქვეყანას ევროპარლამენტში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

“საზოგადოება ხედავდა, პრეზიდენტის წარმომადგენლებს როგორ უჭირდათ პასუხების გაცემა” – ირაკლი კობახიძე

ბევრი კომენტარი გავაკეთეთ იმპიჩმენტის პროცედურასთან, პროცესთან დაკავშირებით. საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს როგორ უჭირდათ კითხვებზე პასუხების გაცემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარდგინების ავტორებმა ყველა კითხვას ზუსტი პასუხი გასცეს.

„შეგნებულად არ სცემდნენ კითხვებს პასუხს, ერთსა და იმავე თემაზე ათჯერ დასმულ შეკითხვას. როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. ასევე იხილეთ კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებით, რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცი. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რადგან პასუხები არ აქვთ უამრავ კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. როცა ამტკიცებ, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებას, ხოლო თვითონ მუხლის სათაური გეუბნება, რომ სტატუსს ადგენს, რაზეა აქ საუბარი. როცა გეკითხებიან, რა განსხვავებაა წარმოდგენასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ გვპასუხობ, ხომ ყველაფერი ცხადია. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედლით “სოხუმელი” ჯილდოვდება გიორგი ჯანჯღავა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში

2023 წლის 5 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფხაზეთში ომის დროს გმირულად დაცემული მამულიშვილების ხსოვნას. შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა გიორგი ჯანჯღავას დიპლომატიური საქმიანობის შესახებ:

„ძნელია ქართველი კაცის ღირსებათა ნუსხაში დაასახელო თვისებები, რომლებიც ჩვენი ორი ერის – ქართველისა და აფხაზის – შვილს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას არ გააჩნდეს. ის მამით ქართველი, ხოლო დედით კი – აფხაზია. ის ხიდია, ბურჯია, ჩვენს ერებს შორის, რომელიც განიცდის იმ ტკივილს, რაც ეს 30 წელია გულს გვიწვავს და აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ბატონი გიორგი, ამასთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობარი, მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ჩვენს უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებით, მან არა ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. სწორედ მისი დიდი მამულიშვილობა, ღრმა პროფესიონალიზმი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უშურველი მხარდაჭერა არის ის მიზეზი, რის საფუძველზეც ჩვენი სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – ბატონ გიორგი ჯანჯღავას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის შესახებ“.

„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 და ამ ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ქართულ-თურქული კულტურული და სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკასა და ასევე ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სუდანის რესპუბლიკაში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, ცნობილ ქართველ დიპლომატს, მის აღმატებულება გიორგი ჯანჯღავას მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება”, – ვკითხულობთ საპატიო დოქტორის დიპლომში.

რექტორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, ბატონი გიორგი ჯანჯღავა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის სამშვიდობო პროცესებში აქტიური ჩართულობის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა მედლით „სოხუმელი“.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ამ მედლით დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონ ჟიული შარტავას ოჯახი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური საგა“.

გიორგი ჯანჯღავამ მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ამ მაღალი საუნივერსიტეტო წოდების მინიჭებისა და ჯილდოს გადაცემისთვის:

„ბატონი ზურაბი უნიკალური მოვლენაა ქართულ სივრცეში. მისი თავდადება, თავგანწირვა, სამშობლოს უდიდესი სიყვარული მართლაც შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელია. ის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი გაერთიანებისთვის. ამ თვალსაზრისით, მან მეგობრები შეიძინა თურქეთშიც და ისინი არა მხოლოდ მის პერსონალურ მეგობრებად, არამედ საქართველოს მეგობრებად აქცია. ამასთან, ის ფაქტი თუნდაც რად ღირს, რაც მსოფლიო პატრიარქს და იმ სიტყვებს უკავშირდება, რომელიც მისმა უნეტარესობამ ჩვენი ქვეყნის, პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ თქვა. ბატონო ზურაბ, უღრმესი მადლობა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილად მაქციეთ, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა“.

თურქეთში საქართველოს საელჩომ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის სახელმწიფო ხაზინას სპეციალური მედალი დაამზადებინა. ამ დროისთვის, ბატონი ელჩის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ეს ჯილდო ოფიციალურად გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება რეჯებ თაიპ ერდოღანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჩავუშოღლუს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს და ორი ქვეყნის სხვა უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირებს.
დღეს ეს ჯილდო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ოფიციალურად გადაეცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ გიორგი ჯანჯღავას შესახებ ისაუბრა პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას.

ღონისძიება დასრულდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების – „კოლხასა“ და „მორდუს“ – ბრწყინვალე საკონცერტო ნომრით.

https://www.sou.edu.ge/news/diplomati-giorgi-janjRava-soxumis-saxelmwifo-universitetis-sapatio-doqtoria/1330

პროექტ Caliper-ის ფარგლებში კვლევასა და ინოვაციაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020-ის პროექტის, Caliper-ის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი, შეხვედრა კვლევასა და ინოვაციაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია პროექტის მიზნებზე, განხორცილებულ აქტივობებზე, მიღებულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და პროექტი CALIPER- ის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტ „CALIPER”-ს. პროექტის ძირითადი მიზანია, გააძლიეროს გენდერული ბალანსი STEM მიმართულებებში და უზრუნველყოს ქალი მკვლევრების უფრო მეტად ჩართულობა კვლევასა და ინოვაციაში, ასევე, ხელი შეუწყოს ევროპული კვლევითი სივრცის მე-4 პრიორიტეტის განხორციელებას გენდერული თანასწორობის შესახებ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფონდმა შეიმუშავა და დანერგა გენდერული თანასწორობის გეგმა (GEP), რომელიც წარმოადგენს სტრუქტურული ცვლილებებისა და STEM მიმართულებებში გენდერული ბალანსის გაძლიერების ინსტრუმენტს.

“ნაცმოძრაობას” წამოსცდა, რომ პრეზიდენტი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს ვეტოს დაადებს” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს, პარლამენტი დაძლევს.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წამოსცდა, რომ პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს.

„ამ დღეებში იყო მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“, ოპოზიცია იყო ზუსტად იმავე დაბრენდვით, თითქოს ეს იყო რუსული კანონი. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა. მადლობას ვუხდი უცხოელ აქტორებს, რომ არ ჩაერივნენ ამ პროცესში და ჰქონდათ კონსტრუქციული როლი. ოპოზიციის რადიკალიზმის პოტენციალი ძალიან დაბალია. ვნახეთ ისევ ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაცების“ ყალბი „ენჯეოები“ სხვადასხვა მოქმედებით. გუშინ „ნაცმოძრაობას“ წამოსცდა, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. როგორც ჩანს, იციან, უკვე. ვეტო თუ იქნება, პარლამენტი დაძლევს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი, პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან ამ ყველაფრის წამხალისებლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.