ევროკავშირის ელჩს თუ აქვს რესურსი, ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე-ირაკლი კობახიძე

95
spot_img

ევროკავშირის ელჩს თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ვფიქრობ, არ აქვს ამის რესურსი, ასეთ პირობებში ყველამ გვაცალოს, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

კერძოდ, ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს ელჩის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას, პირიქით, აძლიერებს მას“.

კობახიძის თქმით, სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები.

„მე მახსოვს თავის დროზე კარლ ჰარცელის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, საჯაროდაც და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა ხელს არ შეუწყობდა რაღაც პროცესების სწორად განვითარებას. მაშინ მე ვუთხარი მარტივი რამ, მაშინ გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ხომ ვერ ჩავერეოდით სასამართლოს საქმიანობაში. ძალიან მარტივი იყო მისთვის მელიას დარწმუნება იმაში, რომ გადაეხადა გირაო, რაზეც მითხრა, რომ ის არ გეგმავდა ამის გაკეთებას, მელიას დარწმუნებას, გადაეხადა გირაო.

შემდეგ გახსოვთ თქვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში იყო სწორი, მელიას დაჭერა იყო სწორი და ლეგიტიმური, დარჩა ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ისტორიას დარჩა ასევე სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა, აქ ერთი რამ აღვნიშნო. მას თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში ყველამ უნდა გვაცალოს ჩვენ, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.