მედლით “სოხუმელი” ჯილდოვდება გიორგი ჯანჯღავა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში

330
spot_img

2023 წლის 5 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფხაზეთში ომის დროს გმირულად დაცემული მამულიშვილების ხსოვნას. შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა გიორგი ჯანჯღავას დიპლომატიური საქმიანობის შესახებ:

„ძნელია ქართველი კაცის ღირსებათა ნუსხაში დაასახელო თვისებები, რომლებიც ჩვენი ორი ერის – ქართველისა და აფხაზის – შვილს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას არ გააჩნდეს. ის მამით ქართველი, ხოლო დედით კი – აფხაზია. ის ხიდია, ბურჯია, ჩვენს ერებს შორის, რომელიც განიცდის იმ ტკივილს, რაც ეს 30 წელია გულს გვიწვავს და აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ბატონი გიორგი, ამასთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობარი, მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ჩვენს უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებით, მან არა ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. სწორედ მისი დიდი მამულიშვილობა, ღრმა პროფესიონალიზმი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უშურველი მხარდაჭერა არის ის მიზეზი, რის საფუძველზეც ჩვენი სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – ბატონ გიორგი ჯანჯღავას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევის შესახებ“.

„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 და ამ ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ქართულ-თურქული კულტურული და სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკასა და ასევე ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სუდანის რესპუბლიკაში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, ცნობილ ქართველ დიპლომატს, მის აღმატებულება გიორგი ჯანჯღავას მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება”, – ვკითხულობთ საპატიო დოქტორის დიპლომში.

რექტორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, ბატონი გიორგი ჯანჯღავა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის სამშვიდობო პროცესებში აქტიური ჩართულობის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა მედლით „სოხუმელი“.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ამ მედლით დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონ ჟიული შარტავას ოჯახი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური საგა“.

გიორგი ჯანჯღავამ მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ამ მაღალი საუნივერსიტეტო წოდების მინიჭებისა და ჯილდოს გადაცემისთვის:

„ბატონი ზურაბი უნიკალური მოვლენაა ქართულ სივრცეში. მისი თავდადება, თავგანწირვა, სამშობლოს უდიდესი სიყვარული მართლაც შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელია. ის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი გაერთიანებისთვის. ამ თვალსაზრისით, მან მეგობრები შეიძინა თურქეთშიც და ისინი არა მხოლოდ მის პერსონალურ მეგობრებად, არამედ საქართველოს მეგობრებად აქცია. ამასთან, ის ფაქტი თუნდაც რად ღირს, რაც მსოფლიო პატრიარქს და იმ სიტყვებს უკავშირდება, რომელიც მისმა უნეტარესობამ ჩვენი ქვეყნის, პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ თქვა. ბატონო ზურაბ, უღრმესი მადლობა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილად მაქციეთ, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა“.

თურქეთში საქართველოს საელჩომ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის სახელმწიფო ხაზინას სპეციალური მედალი დაამზადებინა. ამ დროისთვის, ბატონი ელჩის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ეს ჯილდო ოფიციალურად გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება რეჯებ თაიპ ერდოღანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჩავუშოღლუს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს და ორი ქვეყნის სხვა უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირებს.
დღეს ეს ჯილდო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ოფიციალურად გადაეცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ გიორგი ჯანჯღავას შესახებ ისაუბრა პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას.

ღონისძიება დასრულდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების – „კოლხასა“ და „მორდუს“ – ბრწყინვალე საკონცერტო ნომრით.

https://www.sou.edu.ge/news/diplomati-giorgi-janjRava-soxumis-saxelmwifo-universitetis-sapatio-doqtoria/1330