როდის ხართ გულწრფელი, როცა ამბობთ, ქვეყანა გაღარიბდა, უკან-უკან მიდის, თუ ახლა, პოპულისტურ განცხადებებს რომ აკეთებთ, სად უნდა დავხარჯოთ გაზრდილი ბიუჯეტი- არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას

117
spot_img

დღეს ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება ხარჯვით ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება, წელსვე გაზარდოს ხარჯვითი ნაწილი შემოსავლების გამო და გადაანაწილოს ის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებაზე საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა და მათ განცხადებებს პოპულისტური უწოდა.

„კარგია, რომ დღეს ასე ენერგიულად არის ზოგიერთი ოპოზიციონერი მოსული. მთელი ოპოზიცია, რომ ასე მუშაობდეს მთელი წლის განმავლობაში უფრო კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც ამ დარბაზში, დარბაზს გარეთ, ქუჩაში თუ ტელევიზიაში თვეების განმავლობაში საუბრობდით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ჩამოინგრა, თითქოს ყოველდღიურად საქართველო მიდის უკან, ღარიბდება, დემოკრატია სუსტდება და ქვეყანა შორდება ევროპას. ხომ ეს ხალხი ხართ? თუ თქვენ მართლა გჯერათ რასაც ამბობთ და თქვენი განცხადებები თუ სიმართლეა, მაშინ ამიხსენით როგორ ხდება, რომ განვიხილავთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ნახევარმილიარდიანი ზრდის ცვლილებას და თქვენ ამ ტრიბუნასთან გამოდიხართ და აქტიურად მსჯელობთ ვის გადავუნაწილოთ ეს ფული და სად მივმართოთ. თუნდაც თქვენი პოპულისტური და პოლიტიკური გეგმებისთვის როგორ გამოიყენოთ ეს ფული. თუ ქვეყანა უკან მიდის, თუ ქვეყანა ღარიბდება, მაშინ აქედან ხმამაღლა რაღას ლაპარაკობთ მომატებული ბიუჯეტი რაში უნდა გადაანაწილოს საქართველომ? როდის ხართ გულწრფელები, როცა ამბობთ ქვეყანა გაღარიბდა, უკან-უკან მიდის, თუ აქ რომ გამოდიხართ და პოპულისტურ განცხადებებს აკეთებთ, სად უნდა დავხარჯოთ ეს გაზრდილი ბიუჯეტი?“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.