Home Blog Page 2169

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ The Times of Israel   იტყობინება.

„მე ვარ პასუხისმგებელი თავდაცვაზე. ამაზე ვიყავი პასუხისმგებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის რთული ინციდენტების დროსაც, და ასევე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს“, – განუცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ისრაელის ქმედებები იქნება ზუსტი და მომაკვდინებელი და გაგრძელდება მისიის შესრულებამდე.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“არ აჰყვეთ მრისხანებას” – ჯო ბაიდენი ისრაელს

11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, ჩვენ ასევე შეცდომები დავუშვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ეს ტერორისტული თავდასხმა მოხდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის აღწერეს, როგორც ისრაელის 11 სექტემბერი. თუმცა, ისრაელის ზომის ქვეყნისთვის ეს იყო 15-ჯერ დიდი 11 სექტემბერი. მასშტაბი შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელებები შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას ისრაელში, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში. შოკი, ტკივილი, მრისხანება – ყოვლისმომცველი მრისხანება. მე მესმის და ბევრ ამერიკელს ესმის ეს. შეუძლებელია, უყუროთ, რა დაემართათ თქვენს დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ვაჟებს, ქალიშვილებს, შვილებს, ჩვილებსაც კი და არ იყვიროთ სამართლიანობის მოთხოვნით. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩემი გაფრთხილებაა: ვიდრე ამ მრისხანებას გრძნობთ, არ აჰყვეთ მას. 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ და მივაღწიეთ მას, ასევე შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ომის დროს ხელისუფლების წინაშე არსებული არჩევანი არასდროსაა მარტივი.

„მე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩამოვიდა. მე მიმიღია ომის დროს გადაწყვეტილებები. ვიცი, რომ ხელმძღვანელობისთვის ეს არჩევანი არასდროსაა ნათელი ან მარტივი. ყოველთვის არის ფასი გადასახდელი. თუმცა, ეს მოითხოვს, იყო წინადახედული. ეს მოითხოვს ძალიან რთული შეკითხვების დასმას. ეს მოითხოვს სიცხადეს მიზნებთან დაკავშირებით და იმის გულწრფელ შეფასებას, მიაღწევს თუ არა ამ მიზნებს გზა, რომელსაც ადგახარ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 თვეში რეკორდული რაოდენობის – 1 216 372 მგზავრს მოემსახურა

იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით,მ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 1,216,372 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის იანვარ სექტემბერი 633,834 – მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 3,615 რეისი შესრულდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი რეისების რაოდენობა 43% გაიზარდა. (2022 წლის 9 თვე – 2, 535 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163,998 მგზავრს მოემსახურა რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66%-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია.

2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

“ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ მისი პოლიტიკური ჟამი მოახლოვდა და ახლა ცდილობს, ქვითკირით გაამაგროს თავისი მორყეული სახელისუფლებო ციხე-სიმაგრე”

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები არის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, დავაკვირდეთ, როდის იწყებენ საქართველოში ხელისუფლებები კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილებების შეტანას? – მაშინ, როცა პოლიტიკური ბოლო ჟამი აქვთ და გრძნობენ, რომ მათი ლეგიტიმაცია მორყეულია, მათი ნდობა აღარ აქვთ. სულ ასე ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, აღნიშნული კანონი ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლისთვის უნდა.

„გახსოვთ, რომ სააკაშვილის დროს ცვლილებები მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო სტრუქტურებთან 50 მეტრში არ უნდა მისულიყვნენ. ეს ცვლილებებიც ზუსტად ამ ისტორიის გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ მისი პოლიტიკური ჟამი მოახლოვდა და ახლა ცდილობს, ქვითკირით გაამაგროს თავისი მორყეული სახელისუფლებო ციხე-სიმაგრე. სჭირდებათ, ევროკავშირს იშველიებენ, სჭირდებათ, ევროკავშირს ლანძღავენ და ჩამოყალიბდნენ. ბორელს არ სძინავს. ამ კანონში ცვლილებას თუ არ შეიტანთო. ბორელმა დარეკა, ძილი გამიკრთა, გინდათ თუ არა ცვლილებები მოამზადეთო. ფარად ევროკავშირის რეკომენდაციას იშველიებს, რაც ტყუილია. ეს კანონი ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლისთვის უნდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.

„მისი განცხადებაა, სტატუსი მთავრობას არ ეკუთვნის და ხალხს ეკუთვნის, ხალხმა უნდა მოიშოროს მთავრობა, რეალურად, პრორუსული პოლიტიკაა, რასაც მთავრობა ატარებს, ეს სისულელეა, მაგრამ განა შეიძლება, ამ პოზიციის მქონე ადამიანს მთავრობამ მისცეს მანდატი, რომ საქართველოს ინტერესები წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე.

ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს. ისეთი სიტყვებით, რასაც ვერ გაიმეორებ, მით უმეტეს, წესიერ საზოგადოებაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.

„მისი განცხადებაა, სტატუსი მთავრობას არ ეკუთვნის და ხალხს ეკუთვნის, ხალხმა უნდა მოიშოროს მთავრობა, რეალურად, პრორუსული პოლიტიკაა, რასაც მთავრობა ატარებს – ეს სისულელეა, მაგრამ განა შეიძლება, ამ პოზიციის მქონე ადამიანს მთავრობამ მისცეს მანდატი, რომ საქართველოს ინტერესები წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, იმპიჩმენტის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასმულ კითხვაზე, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა და დარბაზი დატოვა. ვოლსკის განმარტებით, ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს.

„ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს. ისეთი სიტყვებით, რასაც ვერ გაიმეორებ, მით უმეტეს, წესიერ საზოგადოებაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილს შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

“ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სუნაკს ისრაელში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ აფასებს მის მხარდაჭერას და მათ ერთად უნდა გაიმარჯვონ.

„ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვას.

„მე ვამაყობ, რომ აქ თქვენთან ერთად ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს ვდგავარ. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“, – განუცხადა სუნაკმა ნეთანიაჰუს.

რიში სუნაკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკისა და ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის შეხვედრა დასრულდა.

„პრემიერმა და პრეზიდენტმა ჰერცოგმა ხაზი გაუსვეს რეგიონში ძალადობის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების აუცილებლობას. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ“, – აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას BBC იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ჰამასს“ ტერორისტებად არ მოიხსენიებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის თუ როგორც BBC ახასიათებს „ჰამასს“, ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ვიცი, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც თქვენი და ჩვენი სახელმწიფოებია, თქვენ პირდაპირ ვერ ჩაერევით, მაგრამ ამას გარკვეული გამოხმაურება უნდა მოჰყვეს, რათა ეს შეცდომა გამოსწორდეს და „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განისაზღვროს“, – განუცხადა ჰერცოგმა სუნაკს.

შეხვედრაზე სუნაკმა აღნიშნა, რომ ისრაელს საკუთარი უსაფრთხოების აღდგენის მხოლოდ უფლება კი არა, არამედ ვალდებულებაც აქვს.

რატომ არ აფინანსებდა ზურაბიშვილი ვიზიტებს ბიუჯეტიდან?-ირაკლი კობახიძე

რატომ არ აფინანსებდა ზურაბიშვილი ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის – საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც კი სალომე ზურაბიშვილს ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, დარღვევის შემთხვევაში, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება.

„საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე“,-განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ” – დავით კირკიტაძე

ის, რაც მაუწყებლის შიდა რეგულირების სფერო იყო, გადააქვთ მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც გამოყენებულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ – ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი არ მიგვითითებს, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მიზანი მედიის შეზღუდვაა.

„მთელი რიგი საკითხები გამოაქვთ მაუწყებლის შიდა რეგულირებიდან და ექცევა მარეგულირებელი კომისიის ქვეშ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მედიაზე ზეწოლისთვის. ის, რაც მაუწყებლის შიდა რეგულირების სფერო იყო, გადააქვთ მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც გამოყენებულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი, არსად არ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. „ქართული ოცნების“ რეალური მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ამას უპირისპირდება დღეს ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში,“ – განაცხადა კირკიტაძემ.

“ქართულო მედია, თქვენ ხართ იდიოტები” – იაგო ხვიჩია

თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.

„თქვენთან არ შემოვალ პოლემიკაში. უბრალოდ ქართულ მედიას მინდა, ვუთხრა. იმედია, ეს ვიდეოჩანაწერი გარეთ მოხვდება. თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ. აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი, რომლებიც მეკითხებიან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხვიჩიას მოუწოდა, არ გადასულიყო შეურაცხყოფაზე და ბოდიში მოეხადა.

„ვისაც არ უნდა ეხებოდეს, არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ასე გააგრძელოთ. არც გაგრძელების შესაძლებლობას მოგცემთ, მით უმეტეს, როდესაც კომიტეტის წევრი არ ბრძანდებით. შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხართ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს. ძალიან გთხოვთ, ბოდიში მოიხადეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„რას ნიშნავს, კომიტეტის წევრი არ ვარ, პარლამენტის წევრი ვარ. თქვენზე ხომ არაფერს ვამბობ. რა ბოდიში, კაცო. თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნორმალური თუ ხართ, რა ბოდიში უნდა მოვიხადო. ან თქვენ ვინ ხართ, რომ მე ბოდიშს მახდევინებთ. ვაბშე, ვინ ხართ, რომ ბოდიშს მახდევინებთ. ვის ვაყენებ შეურაცხყოფას? ადამიანი მითხარით, სად ზის აქ, თუ შეურაცხყოფას ვაყენებ. იდიოტიზმია თავისი შინაარსით, რომ თქვენ, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავთ ახლა, ვითომ მედიის გულშემატკივარი ხართ და მე ვებრძვი მათ. ამ იდიტოზმს, რასაც ახლა სინამდვილეში აკეთებთ, ვითომ კეთილშობილური მიზნებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით, მედიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ ხვდება. ვერ ხვდება, რომ ხვალ მაუწყებლობას გაუთიშავენ, რადგან სიტყვა არ მოეწონათ. იდიოტები ხართ, ამას რომ ვერ ხვდებით, ქართულო მედია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ და კომიტეტის სხდომა დატოვა.

„დასავლეთის სოლიდარობა მხოლოდ ისრაელის მიმართ ძირს უთხრის განვითარებადი ქვეყნების უკრაინისადმი მხარდაჭერას“- Financial Times

„დასავლეთის გადაწყვეტილებამ – მხარი დაუჭიროს ისრაელის შეტევას ღაზას სექტორში, „გლობალური სამხრეთის ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია. აშშ-ისა და ევროპის ასეთი პოზიცია უკრაინის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „დასავლეთის სოლიდარობა მხოლოდ ისრაელის მიმართ ძირს უთხრის განვითარებადი ქვეყნების უკრაინისადმი მხარდაჭერას“ (ავტორი – ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების აღიარებით, დასავლეთის მიერ ისრაელის ღაზას სექტორზე შეტევისადმი მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ის მცდელობები, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ანტირუსული კონსენსუსის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობისათვის.

ისრაელის მრისხანე განცხადებამ, რომ „ჰამასელები“ აუცილებლად მიიღებენ მკაცრ საპასუხო დარტყმას, თითქმის ნულამდე დაიყვანა ის მრავალთვიანი მუშაობა, რომლის მიზანს რუსეთის გარიყვა წარმოადგენდა მსოფლიოს მასშტაბით. დღეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მათი მოკავშირეების მიმართ ისმის ბრალდებები, რომ დასავლეთი ორმაგ პოლიტიკას ატარებს.

საქმე იმაშია, რომ სასწრაფო დიპლომატიური ვიზიტების, ვიდეოკონფერენციებისა და სატელეფონო საუბრების ფონზე დასავლელი ხელმძღვანელების მისამართით გაისმის საყვედურები, რომ მათ, დაგმეს რა „ჰამასი“ და მხარი დაუჭირეს მხოლოდ ისრაელს, არ სურთ ორმილიონანხევარი პალესტინელის უფლებების დაცვა. ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი შეშფოთებით აცხადებს, რომ ამერიკამ ისრაელს ხელში „კარტ-ბლანში“ მისცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელი თავისი ძლიერებით „ჰამასს“ შეუტევს. ეს ყველაფერი კი იმას გამოიწვევს, რომ შესუსტდება უკრაინის ომის დაწყებიდან განხორციელებული ძალისხმევა – ჩამოყალიბებულიყო წამყვანი სახელმწიფოების ერთიანი თვალსაზრისი „გლობალური სამხრეთის“ მიმართ – ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის სახით, რომ მათ მხარი დაეჭირათ ახალი მსოფლიო წესრიგისათვის.

ამჟამად „გლობალური სამხრეთის“ პოზიცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხში დასავლეთის პოზიციას არ ემთხვევა. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ თუ განვითარებადი ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მიმართაც მსგავს პოზიციას დააფიქსირებენ, პერსპექტივაში დასავლეთის ძალისხმევით ინიცირებული ნებისმიერი მოლაპარაკება, დიდი ალბათობით, ჩაიშლება.

„ჩვენ „გლობალური სამხრეთისათვის“ ბრძოლა წავაგეთ“, – ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დიპლომატი „დიდი შვიდეულიდან“, – მთელი ის მუშაობა, რომელიც გლობალურ სამხრეთთან ვაწარმოებდით [უკრაინის მხარდასაჭერად], წყალში ჩაიყარა. უნდა დავივიწყოთ ახალი საერთაშორისო წესრიგის რეალიზება. ისინი ახლა ჩვენ აღარ მოგვისმენენ“.

ბევრი განვითარებადი ქვეყანა პალესტინელთა ბრძოლას თავიდანვე მხარს უჭერდა, რადგან მასში თვითგამორკვევისადმი სწრაფვას და აშშ-ის გლობალური ბატონობის წინააღმდეგობას ხედავდა, რომელიც ისრაელის მთავარ სპონსორს წარმოადგენს.

ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ბევრს არაბს მტკიცედ აქვს ჩამოყალიბებული იმის შეგრძნება, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები არასოდეს არ მოუწოდებდნენ ისრაელს პასუხისმგებლობისაკენ, პალესტინელების მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო. ასევე არ აქცევდნენ სერიოზულ ყურადღებას სირიის, იემენისა და რუსეთმა და მისმა მოკავშირე ჩინეთმა კი პალესტინელებთან თბილი ურთიერთობები დაამყარეს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში, სამშაბათს, თავის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა და [მათ, საუბრის დროს, პალესტინელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს].

„ჩვენ რასაც უკრაინის მიმართ ვამბობთ და ვაკეთებთ, იგივე მიდგომა ღაზელი პალესტინელების მიმართაც უნდა გავავრცელოთ, თორემ სხვანაირად ავტორიტეტსა და ნდობას დავკარგავთ“, – ამბობს დიპლომატი „დიდი შვიდეულიდან“, – თუ ასე არ გავაკეთებთ, მაშინ რატომ უნდა დაგვიჯეროს ბრაზილიელებმა, ინდონეზიელებმა და სამხრეთაფრიკელებმა, როცა ადამიანის უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ?“.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამდე ოთხი კვირის წინ, როცა აშშ-ის, ევროკავშირის და მათი დასავლელი მოკავშირეები ნიუ-დელში „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეიკრიბნენ, მათ განვითარებად ქვეყნებს სთხოვეს, რომ დაეგმოთ რუსეთის არმიის შეტევები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მოეთხოვათ კრემლისათვის გაეროს წესდების დაცვა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულება.

დასავლეთის ბევრი წარმომადგენელი Financial Times-სთან საუბარში ამბობს, რომ განვითარებადი ქვეყნების ლიდერები მათ, დასავლური არგუმენტების მსგავსად, მათ პირიქით უყენებენ ბრალს და ითხოვენ, რომ დასავლეთმა დაგმოს ისრაელის საპასუხო აგრესია პალესტინის მიმართ და კატეგორიულად მოსთხოვონ ებრაელებს შეწყვიტოს ღაზას სექტორის ბლოკადა, ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდონ ელექტროენერგია, წყალი, სურსათი და მედიკამენტები.

ბოლო დღეებში რუსეთი ცდილობდა, რომ უშიშროების საბჭოს მიეღო რეზოლუცია ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის შეწყვეტის მიზნით, რომელშიც „ჰამასი“ ნახსენები არ არის. საბჭოს წევრებმა რუსული რეზოლუცია უარყვეს.

„მოდით, გულღიად ვთქვათ: უშიშროების საბჭოს დასავლელი წევრების ასეთი ქცევა ხომ რუსეთისათვის სასურველ „ციურ ფანტელს“ წარმოადგენს. კრემლს სწორედ ეს უნდა: მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის კრიზისს სათავისოდ იყენებს და მილიარდობით იქაურ მოსახლეობას, არაბულ სამყაროს ეუბნება: „აი, შეხედეთ – დასავლეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო წესრიგს არ იცავს და თქვენს წინააღმდეგ გამოდის“.

არაბული სახელმწიფოები, განსაკუთრებით იორდანია და ეგვიპტე, დასავლელი ლიდერებისაგან ითხოვენ, რომ მათ ისრაელის მიმართ მიდგომა გაამკაცრონ, ღაზას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მიზნით: „თუ თქვენ უკრაინისათვის ელექტროენერგიის გამორთვას, სურსათის მიუწოდებლობას [და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დანგრევას] დანაშაულს უწოდებთ, მაშინ იგივე უნდა თქვათ იმაზეც, რასაც ისრაელი ღაზას მიმართ აკეთებს“, – ამბობს ერთ-ერთი არაბული ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, იგი იორდანიაში, ამანში არაბული ქვეყნების ლიდერებსაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ მათ ამანში ჩასვლაზე, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადეს.

ჯო ბაიდენმა იმ სისხლიან ინციდენტში, რასაც ღაზას საავადმყოფოს დაბომბვა წარმოადგენს, მხარი ისრაელს დაუჭირა და განაცხადა, რომ საავადმყოფო „ცახალს“ (ისრაელის არმიას) არ დაუბომბავს.

სამშაბათს გამართული ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა ვიდეოსამიტზე ზოგიერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ [მხოლოდ ისრაელისადმი მხარდაჭერა] და ღაზელი პალესტინელების უფლების დაცვაზე უარის თქმა იმას გამოიწვევს, რომ არაბები დასავლელებს ორპირობაში დაადანაშაულებენ.

ამ დისკუსიის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელი გაღიზიანებულია ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ქცევით. ჯერ ერთი, რომ გასული კვირის ბოლოს მან გადაწყვიტა ისრაელში ისე გამგზავრებულიყო, რომ 27 ქვეყნის ნებართვა არ ჰქონდა და არ იყო შემუშავებული ყველასთან შეთანხმებული პოზიცია, მეორე კი – დუბლინი, მადრიდი და ლუქსემბურგი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს თელ-ავივში გამოსვლისას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არც უხსენებია.

„ინდოეთს, ინდონეზიას და ბრაზილიას სურთ, რომ ამ საკითხზე დასავლეთის საერთო პოზიცია დაინახონ. მათ სურთ, რომ დასავლეთმა თანმიმდევრულობა გამოამჟღავნოს. და თუ ისინი ჩვენგან ამას ვერ დაინახავენ, იქმნება განსაზღვრული საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისას „გლობალური სამხრეთის“ წამყვანი ქვეყნები ევროკავშირის, ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ პოზიციას აღარ ენდობიან“, – თქვა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრისას იაპ დე ჰოოპ-სხეფერმა, ნატოს ყოფილმა გენმდივანმა.

„ჩვენ, დასავლეთი, ტონს ვეღარ ვიძლევით, „გლობალური სამხრეთი“ კი გვეუბნება: „ჩვენც გვაქვს ხმის უფლება, რომელსაც თქვენ ამდენ ხანს გვართმევდით“, – აღნიშნავს ყოფილი გენმდივანი, რომელიც დღეს ნიდერლანდების საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი შეთავაზებულ რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ დაუჭირა: მუდმივი წევრის სტატუსის მქონე ჩინეთმა და დროებითმა წევრებმა – არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, მოზამბიკმა და გაბონმა. რუსეთმა განაცხადა, რომ რეზოლუციას შეასწორებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გათვალისწინებით და როგორც დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, ასეთი რეზოლუციის პროექტი, ალბათ უკვე საჭირო ცხრა ხმას მოაგროვებს და მიღებული იქნება. თუ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ ვეტოს უფლებით ისევ ისარგებლებენ, ეს კრემლის პროპაგანდისტული გამარჯვება იქნება: „არაბებო, ხედავთ?“.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა, ჩინეთის მხარდაჭერით, ინიციატივა ხელში ჩაიგდოს და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – აღნიშნავს მაღალჩინოსანი დასავლელი დიპლომატი, – არადა, ნამდვილად არის იმის საფრთხე, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მომდევნო კენჭისყრის დროს უკრაინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს“.

საფრანგეთი შეშფოთებულია იმით, რომ ვაითუ ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს. პარიზს მიაჩნია, რომ მართალია, რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ძველი გავლენა აღარ აქვს, მაგრამ მას მაინც შეუძლია არაბების ანტიდასავლური პოზიციების გაძლიერება, დასავლეთისა და აშშ-ის რესურსების წყალში გადაყრა და უკრაინისაგან მათი ყურადღების ახლო აღმოსავლეთზე უფრო მეტად გადატანა.

„რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაჭიანურებით. იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება უფრო მეტად ისრაელსა და პალესტინას მიაპყროს და მოვლენების მიმართ საერთაშორისო პოზიცია შეცვალოს“, – ამბობს ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ხუთშაბათს თეთრ სახლში ჯო ბაიდენი ევროკომისიისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეებს – ურსულა ფონ დერ ლაიენს და შარლ მიშელს შეხვდება, რომლის დროსაც ევროპელები და ამერიკელები შეეცდებიან ერთიანი პოზიციის შემუშავებას.

„ევროპა ამ სიტუაციაში არ უნდა აჩქარდეს“, – თქვა ზემოთ ხსენებულმა მინისტრმა, – ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა დავიბენით და რაღაც-რაღაცებში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ახლა უფრო უკეთესი კოორდინაცია გვაქვს ორივე მხარის უფლებების დაცვის საკითხებში“.

წყარო