პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.
„მისი განცხადებაა, სტატუსი მთავრობას არ ეკუთვნის და ხალხს ეკუთვნის, ხალხმა უნდა მოიშოროს მთავრობა, რეალურად, პრორუსული პოლიტიკაა, რასაც მთავრობა ატარებს – ეს სისულელეა, მაგრამ განა შეიძლება, ამ პოზიციის მქონე ადამიანს მთავრობამ მისცეს მანდატი, რომ საქართველოს ინტერესები წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, იმპიჩმენტის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასმულ კითხვაზე, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა და დარბაზი დატოვა. ვოლსკის განმარტებით, ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს.
„ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს. ისეთი სიტყვებით, რასაც ვერ გაიმეორებ, მით უმეტეს, წესიერ საზოგადოებაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილს შეკითხვებისთვის არ უპასუხია.