“ქართულო მედია, თქვენ ხართ იდიოტები” – იაგო ხვიჩია

153
spot_img

თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.

„თქვენთან არ შემოვალ პოლემიკაში. უბრალოდ ქართულ მედიას მინდა, ვუთხრა. იმედია, ეს ვიდეოჩანაწერი გარეთ მოხვდება. თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ. აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი, რომლებიც მეკითხებიან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხვიჩიას მოუწოდა, არ გადასულიყო შეურაცხყოფაზე და ბოდიში მოეხადა.

„ვისაც არ უნდა ეხებოდეს, არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ასე გააგრძელოთ. არც გაგრძელების შესაძლებლობას მოგცემთ, მით უმეტეს, როდესაც კომიტეტის წევრი არ ბრძანდებით. შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხართ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს. ძალიან გთხოვთ, ბოდიში მოიხადეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„რას ნიშნავს, კომიტეტის წევრი არ ვარ, პარლამენტის წევრი ვარ. თქვენზე ხომ არაფერს ვამბობ. რა ბოდიში, კაცო. თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნორმალური თუ ხართ, რა ბოდიში უნდა მოვიხადო. ან თქვენ ვინ ხართ, რომ მე ბოდიშს მახდევინებთ. ვაბშე, ვინ ხართ, რომ ბოდიშს მახდევინებთ. ვის ვაყენებ შეურაცხყოფას? ადამიანი მითხარით, სად ზის აქ, თუ შეურაცხყოფას ვაყენებ. იდიოტიზმია თავისი შინაარსით, რომ თქვენ, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავთ ახლა, ვითომ მედიის გულშემატკივარი ხართ და მე ვებრძვი მათ. ამ იდიტოზმს, რასაც ახლა სინამდვილეში აკეთებთ, ვითომ კეთილშობილური მიზნებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით, მედიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ ხვდება. ვერ ხვდება, რომ ხვალ მაუწყებლობას გაუთიშავენ, რადგან სიტყვა არ მოეწონათ. იდიოტები ხართ, ამას რომ ვერ ხვდებით, ქართულო მედია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ და კომიტეტის სხდომა დატოვა.