
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკისა და ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის შეხვედრა დასრულდა.
„პრემიერმა და პრეზიდენტმა ჰერცოგმა ხაზი გაუსვეს რეგიონში ძალადობის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების აუცილებლობას. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ“, – აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას BBC იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ჰამასს“ ტერორისტებად არ მოიხსენიებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის თუ როგორც BBC ახასიათებს „ჰამასს“, ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ვიცი, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც თქვენი და ჩვენი სახელმწიფოებია, თქვენ პირდაპირ ვერ ჩაერევით, მაგრამ ამას გარკვეული გამოხმაურება უნდა მოჰყვეს, რათა ეს შეცდომა გამოსწორდეს და „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განისაზღვროს“, – განუცხადა ჰერცოგმა სუნაკს.
შეხვედრაზე სუნაკმა აღნიშნა, რომ ისრაელს საკუთარი უსაფრთხოების აღდგენის მხოლოდ უფლება კი არა, არამედ ვალდებულებაც აქვს.