Home Blog Page 2123

„ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის, ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ – უცხოური პრესა

„უკრაინის იმედები ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების გაფართოება-განმტკიცების თაობაზე არ გამართლდა. ორივე ქვეყანა უპირატესობას რუსეთთან თანამშრომლობასა და საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფას ანიჭებს და არა კიევის სურვილების შესრულებას“, – ნათქვამია დასავლეთ უკრაინულ გაზეთ „ვისოკიი ზამოკში“ (Високий замок – იბეჭდება ლვოვში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკი სის ეძახის, სი კი მასთან არ მიდის. ტელეფონითაც კი არ ურეკავს“ (ავტორი – სერგეი ფურსა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთთან მიმართებით ვოლოდიმირ ზელენსკის მაგია არ მუშაობს. რატომ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი ჩვენი მეგობარი არ არის. პეკინი ვაშინგტონთანაა დაპირისპირებული და უპირატესობას ანიჭებს მოსკოვს, როგორც პოლიტიკურ მოკავშირეს და ძვირფას სანედლეულო პარტნიორს, რომლისგანაც შედარებით იაფად იღებს ნავთობსა და გაზს. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში კოლექტიურ დასავლეთთან ომობს, უფრო კონკრეტულად – ამერიკასთან, რომელიც ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ყველაზე მეტად გვეხმარება.

მეორე – იმიტომ, რომ ზელენსკი ჩინელ პოლიტიკოსებს არ ელაპარაკება. უკრაინის პრეზიდენტს უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობა ეხერხება, ხალხთან საუბარი. იგი ძალიან პოპულარულია დასავლეთში იმის წყალობით, რომ უკრაინელი ხალხის გმირული სახის ანარეკლს წარმოადგენს. იგი არის უკრაინელობის განსახიერება საშუალო სტატიკური გერმანელისა და კანადელისათვის. იგი თავისი მოქმედებით პასუხობს იმ კონტრელიტურობის მოთხოვნას, რომელიც დღეს ძალზე გავრცელებულია დასავლეთში ბოლო ათწლეულის მზარდი ეკონომიკური უთანასწორობის ფონზე.

და სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის გამო პოლიტიკოსებს არჩევანის უფლება აღარ აქვთ. პოლიტიკოსები აკეთებენ იმას, რაც საზოგადოებას სურს. ჩინეთში კი პირიქითაა – იქ საზოგადოებას არ აქვს არჩევანი: როგორც ამხანაგი სი იტყვის, ყველაფერი ისე იქნება.

ამიტომაც, ამხანაგი სი კიევში რომც ჩამოსულიყო, ან დაერეკა და კავშირზე გამოსულიყო, ეს არაფერს არ შეცვლიდა. სხვათა შორის, იგივე პრობლემა გვაქვს ინდოეთთანაც, რომლის ხელისუფლების ავტოკრატიზაცია ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს. ნარენდრა მოდი ავტორიტარ ხელმძღვანელად ყალიბდება, რომელიც ხურავს დამოუკიდებელ პრესას, იჭერს და ციხეში გზავნის თავის მოწინააღმდეგეებს, ხოლო ოლიგარქებს უმეგობრდება.

ამიტომაც ჩინეთი და ინდოეთი – როგორც სახელმწიფოები – ჩვენთვის მეგობრები არ არიან. ჩვენი კონფლიქტი რუსეთთან – ეს არის კონფლიქტი ფასეულობებისათვის. ჩვენ ვერ მივიღებთ მხარდაჭერას იმ მთავრობებისგან, რომლებსაც სულ სხვა ფასეულობებს სცემენ პატივს, ან საერთოდ არ გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ პირდაპირ გადავიდნენ რუსეთის მხარეზე – იმიტომ მათ ევროპისა და აშშ-ის ბაზარი სჭირდებათ. მათ ასევე იციან, რომ დასავლეთი ამ ბაზრებზე არ შეუშვებს, ამიტომ ისინი შეეცდებიან რუსეთთან ისე ითანამშრომლონ, რომ მოგება მაქსიმალურად მიიღონ. დიქტატორებისათვის ფასეულობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერესები – საკუთარი, პირადი ინტერესები.

უკრაინაში ვიზიტი და კიევისადმი გამოვლენილი მხარდაჭერა დიქტატორების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ხელს უშლის. მათ აწყობთ, რომ რუსეთის გვერდით იყონ – „გლობალური სამხრეთის“ სახით. მართალია, მათი ცხოვრებისა და ეკონომიკური განვითარების დონე დასავლეთს ჩამორჩება, მაგრამ არც ისეთი მცირეა, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენდეს. მათ სურთ, რომ საერთაშორისო სივრცეში უფრო დიდი როლი შეასრულონ.

პარადოქსი იმაშია, რომ ბოლო 40-50 წლის განმავლობაში „გლობალური სამხრეთის“ ცხოვრების დონე სწორედ გლობალიზაციის წყალობით გაუმჯობესდა, რომელსაც აშშ ნერგავდა და უზრუნველყოფდა. თუმცა მათ უმრავლესობას ამერიკა მაინც არ უყვართ, ანუ მხარს არ უჭერენ იმათ, ვისაც აშშ მხარს უჭერს. ესე იგი, ჩვენ.

ამიტომაც ნუ ვიდარდებთ იმას, თუ ამხანაგი სი არ დარეკავს. არ ზარისაგან არავითარი სარგებლობა არ გვექნება. მხოლოდ ტყუილად დავკარგავთ დროს. ჩვენთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა ორლაბდო ბლუმის – [ბრიტანელი კინომსახიობის] ვიზიტს შეუძლია.

წყარო

“მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა” – დიმიტრი გვრიტიშვილი

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა – მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც პრემიერს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას მიაწვდიან, დაელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

“არ ვიცი, საიდან მოვიდა ღამის სატელეფონო საუბრებში მართლმსაჯულების განხორციელება, თუ ქრთამი.

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა. წარმოადგინონ ეს მტკიცებულებების სახით.

ორკესტრირებული შეტევის არაერთი ტალღა ყოფილა სასამართლოზე, ახლა ყველაზე სერიოზულია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა.

საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე.

ამიტომ, მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა.

ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნავს გვრიტიშვილი.

“უმჯობესია, საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ” – “ხალხის ძალა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ოთხი მოსამართლის სანქცირება ცინიზმის მწვერვალია, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ .

„2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემას უცხოელი აგენტები – სააკაშვილი და ადეიშვილი დაეპატრონენ. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ამერიკელების მიერ გამწესებულმა ხელისუფლებამ მაშინ ქართული მართლმსაჯულება. სასამართლოს ხელით საქართველოში გაუბედურდა ათიათასობით ოჯახი. სასამართლო გადაქცეული იყო პოლიტიკური რეპრესიების, ელიტური კორუფციის, ბიზნესის რეკეტის, დამოუკიდებელი მედიის მიტაცების, ადამიანების დაშინების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად. უამრავი ადამიანისთვის უსამართლო განაჩენი ნაადრევი სიკვდილით, ჯანმრთელობის მძიმე შერყევით ან ოჯახის გაღატაკებით დასრულდა. ამ სისტემის შემოქმედი სააკაშვილი დღეს ამერიკელების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფი პატიმარია, რომელიც კერძო საავადმყოფოს ლუქსპალატაში ყოფნას ვერ იტანს და რომელზეც გვეუბნებიან, რომ წონაში ხელოვნურად კლების გამო უნდა გავათავისუფლოთ.

კორუმპირებული სასამართლო სისტემის მეორე შემოქმედი, ზურაბ ადეიშვილი ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის სრული გარანტიით სარგებლობს. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ. მეტიც, საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ისტერიულად უპირისპირდებიან.

იგივე ეხება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასაც, რომელიც ამერიკელებმა 2012 წლიდან მოყოლებული ვერაფრით მოინელეს. არსებობს რამდენიმე ამერიკელი სენატორის რამდენიმე წლის წინანდელი წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ, როგორ ჩაუგდეს ხელში ამერიკელებმა, კერძოდ, USAID-მა, სოროსის ფონდმა და ისტ-უესტ მენეჯმენტმა ალბანეთის სოციალისტურ პარტიას ალბანეთის სასამართლო სისტემა. მსგავსი პროცესები სასამართლოზე ამერიკული კონტროლის დასამყარებლად არაერთ ქვეყანაში წარიმართებოდა და წარიმართება.

დღევანდელი საქართველოც ამის საუკეთესო მაგალითია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, ამერიკელები სასამართლოზე „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნებას გამალებული ცდილობენ. ამერიკელები არ ერიდებიან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას მიმდინარე სასამართლო საქმეებზე, რისი ყველაზე ცხადი მაგალითიც „რუსთავი 2“-ის შემთხვევა იყო. ისინი პირდაპირ იბარებენ მოსამართლეს და სთხოვენ ანგარიშს მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეზე, შემდეგ კი, მას ამერიკაში ვიზიტს უუქმებენ.

ამერიკელები სასამართლო სისტემის კონსტიტუციურ ორგანოს – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უთანხმებენ არცერთ შეხვედრას, ვიზიტს, ტრენინგს თუ სხვა ღონისძიებას, რასაც სასამართლო ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებისთვის იყენებენ. ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს რბილად პასუხობდა, რამაც ამერიკელების მიერ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის კულმინაციამდე – მოსამართლეების სანქცირებამდე მიგვიყვანა.

ამერიკელების თავხედური ქმედებები სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების შედეგია. როდესაც ამერიკაში სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა სულაც 25 პროცენტზეა ჩამოსული, უმჯობესია ამერიკელებმა საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ და სხვის დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში ბეწვი არ ეძებონ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ამერიკელების მიერ დალაგებული სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო სისტემა საქართველოში და ამ ბნელ წარსულს არასოდეს უნდა დავუბრუნდეთ. ამისათვის კი, აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოავლინოს მეტი პრინციპულობა და როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანტიდემოკრატიული შეტევებისგან მეტი სიმკაცრით დაიცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Koba Kobaladze Meets Aleksandre Tevdoradze

On April 6, 2023, Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, met with Aleksandre Tevdoradze, Director of the United Water Supply Company of Georgia. The meeting was held at the Head Office of the Company.

The meeting was aimed to support the United Water Supply Company to develop the infrastructure of “Veteran Farmers’ Association” founded in the Region of Guria.

The parties emphasized the joint efforts of state institutions and society to overcome the social and economic challenges faced by veterans living in the region.

Aleksandre Tevdoradze reiterated his support to Koba Kobaladze and “Guria Veteran Farmers Association” and noted that effective steps will be taken by the company in order to facilitate the result-oriented cooperation.

Koba Kobaladze thanked Aleksandre Tevdoradze and the United Water Supply Company of Georgia for their goodwill and cooperation.

The meeting was also attended by Nino Narozashvili, Deputy Director of the United Water Supply Company of Georgia.

„საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს” – რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს – კრონპრინცი მუჰამედ იბნ სალმანი ვლადიმერ პუტინს ენერგეტიკულ ომში თავის ყველაზე დიდ იარაღს აძლევს“ (ავტორი – მელისა ლოუფორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლეთი უკან იხევს იმ დროს, როცა რუსეთი გაძლიერებულ საუდის არაბეთს უახლოვდება – იმ საუდის არაბეთს, რომელიც ჯო ბაიდენმა განიშორა. იყო დრო, როცა იგი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველას ჰპირდებოდა, რომ საუდიტებს საერთაშორისო არენიდან გარიყავდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო სწრაფი ინფლაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და „მძინარე ჯოს“ თავისი დაპირების დარღვევა მოუწია – ჯიდაში გაემგზავრა, კრონპრინც მუჰამედ იბნ სალმანთან პირადად შესახვედრად. მაგრამ ჯო ბაიდენი, რომელსაც, ალბათ, ეგონა, რომ მასპინძელი ნავთობის მოპოვების გაზრდის წინადადებას დაეთანხმებოდა, მასზე ფასების შემცირების მიზნით, მწარედ მოტყუვდა – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC), რომელსაც საუდის არაბეთი მეთაურობს, აშშ-ის პრეზიდენტის მრისხანე მუქარების მიუხედავად, „შავი ოქროს“ ამოღება დღე-ღამეში ორ მილიონ ბარელამდე შეამცირა. ახლა კი იგივე „ოპეკი“ კიდევ უფრო ამცირებს ნავთობის მოპოვების მოცულობას.

და სანამ ჯო ბაიდენი შორიდან აკვირდება ამ ყველაფერს და თავის უსასოობას აცნობიერებს, ნათელია, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ამ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინი იქნება: ნავთობის ამოღების შემცირებით „შავი ოქრო“ გაძვირდება, ანუ რუსეთი, რომელიც დღე-ღამეში 500 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებს და დიდ ნაწილს ექსპორტში გზავნის, მეტ ფულს მიიღებს.

„არაკეთილმოსურნეებმა“ დასავლეთს სამმაგი დარტყმა მიაყენეს: ა) ნავთობზე მაღალი ფასებით ინფლაცია გაგრძელდება, ბ) „ოპეკის“ გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ საუდის არაბეთი დასავლეთს ზურგს აქცევს და ჩინეთ-რუსეთისაკენ ბრუნდება; გ) ნავთობზე მაღალი ფასები და აქედან გამომდინარე, რუსეთის შემოსავლების სწრაფი ზრდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციების ეფექტს ასუსტებს.
ექსპერტების გამოთვლით, ერთი ბარელი ნავთობის ფასის ერთი დოლარით გაზრდით რუსეთის შემოსავლები წელიწადში 2,7 მილიარდი დოლარით მოიმატებს. ათი დოლარით გაზრდის შემთხვევაში კი კრემლი მხოლოდ ამ წელიწადის ბოლომდე 145 მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.

„საუდის არაბეთი თითქოს აცხადებს: „რუსეთო, შენ ჩვენი მეგობარი ხარ!“. ერ-რიადი რუსეთ-ჩინეთის ალიანსისაკენ უყურება“, – ამბობს ბერნ შილდროპი, კომპანია SEB Financial Services-ის მთავარი ანალიტიკოსი. საუდის არაბეთისათვის ეს სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია – სამომავლოდ მის ნავთობზე მოთხოვნა სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთში უნდა გაიზარდოს.
ისტორიულად ამერიკას და საუდის არაბეთს საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვთ: ერ-რიადი ამერიკული იარაღის ყველაზე დიდ შემსყიდველს წარმოადგენს. ურთიერთობის პიკმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწია, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს კი შესუსტდა.

საუდის არაბეთის თვალში ჩინეთის რეპუტაცია მაღალია, რადგან პეკინმა ერ-რიადი თეირანთან შეარიგა – მათი ურთიერთობა თავის დროზე არაბეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე იემენის კონფლიქტმა გააფუჭა: თეირანი ამბოხებულ ჰუსიტებს ეხმარებოდა, ერ-რიადი კი იემენის მთავრობას.
იმ დროს, როცა ჩინეთი, საუდის არაბეთი და რუსეთი ერთმანეთთან ახლოვდებიან, ამერიკა სულ უფრო შორდება. ვრცელდება ხმები, რომ საუდის არაბეთმა შეიძლება ნავთობის გაყიდვა, ამერიკული დოლარის ნაცვლად, ჩინურ იუანებზე დაიწყოსო. თუ ეს მართლაც მოხდება, მაშინ ასეთი ცვლილება მსოფლიო ფინანსურ სივრცეში „ბირთვულ აფეთქებას“ დაემსგავსება. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ საუდის არაბეთი – აშშ-ის უწინდელი ერთგული პარტნიორი და მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში – ვაშინგტონს დაშორდება და სხვა ავტოკრატის (ვთქვათ, ჩინეთის) ორბიტაზე გადავა, მაშინ იუანებზე ნავთობის გაყიდვა შეუძლებლად აღარ მოგვეჩვენება.

წყარო

“ტრანსატლანტიკური ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა – პირიქით, ამიტომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს”

ტრანსატლანტიკური ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა – პირიქით, ამიტომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

საუბარია იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია.

„ნატო აფართოებს თავის საზღვრებს რუსეთთან და არა – რუსეთი, რომელიც თითქოს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნატო-ს საზღვრებთან განთავსებას ცდილობს“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ, პუტინის თქმით, საწყობების მშენებლობა ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იქნება რუსეთის ბირთვული არსენალის პირველი განლაგება მის საზღვრებს გარეთ.

“რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა” – ლევან მურუსიძე

კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა – რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისი და კიდევ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მურუსიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე კორუფციაში არაა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება მოხდა, რომელიც თითიდან გამოწოვილია. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

რა არის ნამდვილი მიზეზი, რაც წლების განმავლობაში გრძელდება – რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. დასაწყისში ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს. მაგრამ შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული და ვერ იქნა სასამართლოს მიტაცება და ხელში ჩაგდება (სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა), ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

“დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან”- ნინო ქადაგიძე

დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან, იმედს ვიტოვებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს პასუხები აგეცემა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

ნინო ქადაგიძემ კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მოგეხსენებათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მიერ გუშინ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მაქსიმალურად მინდა, ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან.

ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რამეთუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა, ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვიწოდო სიმშვიდისკენ. ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ. დიდ იმედს ვიტოვებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული, გაეცემა პასუხები და ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი საზოგადოებაში გამოსვლა, ოფიციალური განცხადება გაკეთდება მას შემდეგ, რაც მომეცემა შესაძლებლობა, რომ მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

ვაზისუბნის დასახლებაში ისნის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოები განახორციელა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლება IIა მ/რ კორპუსი N23 და 23ბ-ს მიმდებარედ ისნის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოები განახორციელა.

საფარი 1500 კვ.მ-ზე მოწესრიგდა და სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გამოიყო.

ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2023 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურა 19 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 22 მისამართზე შეიცვალა.

ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და პრიორიტეტების მიხედვით მისამართებზე ასფალტის საფარს აახლებს.

კობა კობალაძე ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა. შეხვედრა კომპანიის სათაო ოფისში გაიმართა.

მხარეთა შეხვედრის მიზანი იყო გურიის რეგიონში ჩამოყალიბებული ”ვეტერან ფერმერთა ასოციაციის” ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანადგომა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას;

ალექსანდრე თევდორაძემ კობა კობალაძეს და ”გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, კომპანიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

კობა კობალაძემ, ალექსანდრე თევდორაძესა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გულისხმიერებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ნინო ნაროზაშვილი.

„ის, რაც სისტემურად შეიქმნა მართლმსაჯულების შიგნით, კლანის სახით, ამოსაძირკვია“- რა შეფასებები მოჰყვა მოსამართლეების დასანქცირებას

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

აღნიშნული ფაქტი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასა.

„მურუსიძის, ჩინჩალაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირება, რომლებიც დღეს მოქმედი მოსამართლეები არიან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბჭოში  უკავიათ მაღალი თანამდებობები, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისტორიული ფაქტია და ეს სასამართლო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დრო, იმისთვის, რომ მოსამართლეებმაც გაიაზრონ, თუ რა მოხდა და სანქცირებულ მოსამართლეებს არ უნდა დაეყრდნონ. რაც მოხდა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია,“  – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სამართლის დარგის სპეციალისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დასანქცირება  ლოგიკური იყო.

როგორ ის  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს, უდავო გახდა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოში მართლმსაჯულებასა და კონკრეტულ პირებს მართლაც სჭირდებათ რადიკალური ზომების გატარება.

„ახლა ვფიქრობ, უდავო მტკიცებულება გვაქვს, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების კრიტიკა არ იყო მიკერძოებული და სუბიექტური, არამედ იყო ობიექტური. ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ – შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად თქვა, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ სანქციებს და ძალიან სერიოზული საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

ეს ერთის მხრივ შეიძლება შევაფასოთ დადებითად, იმ თვალსაზრისით, რომ უდავო გახდა საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენს მართლმსაჯულებასა და კონკრეტულ პირებს მართლაც სჭირდებათ რადიკალური ზომების გატარება. მეორეს მხრივ ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან. ისინი არაფრის დიდებით ამ ფაქტის – ფაქტად ცნობას არ აპირებენ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი არის სუვერენიტეტის შელახვა, შიდა საქმეებში ჩარევა და რომ თითქოს მართლმსაჯულების რეფორმა წარმატებითაა განხორციელებული.

მიმუშავია ლონდონში, როგორც იურისტსა და ადვოკატს, ასევე აშშ -ში და ვიცი როგორ მუშაობს ნამდვილი, ჭეშმარიტი, მიუკერძოებელი სასამართლო და მოსამართლეები. ის, რაც საქართველოში ხდება არის სრულიად შეუსაბამო იმ სტანდარტებთან, რაც არსებობს საუკეთესო მართლმსაჯულების სისტემის მქონე ქვეყნებში. იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მე მიწევს მუშაობა მხოლოდ ევროსასამართლოს საქმეებზე, რადგან აზრს ვერ ვხედავ იმაში, მივმართო ჩვენს სასამართლოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოხვდეს იმ სიაში, სადაც ეს ოთხეული მოხვდა. ნამდვილად არიან მართლმსაჯულების სისტემაში კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და ობიექტური მოსამართლეები, მაგრამ ის, რაც სისტემურად შეიქმნა მართლმსაჯულების შიგნით, კლანის სახით, ამოსაძირკვია. ამის გარეშე, არათუ მართლმსაჯულებას, ისე სახელმწიფოს გაჯანსაღება არ უწერია,“- აღნიშნა  ჩვენთან საუბარში ლია მუხაშავრიამ.

„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე, მოგვიტანს თუ არა ეს ფაქტი სასიკეთო ცვლილებებს თუნდაც სასამართლო სისტემის შეცვლის მიზნით, იურისტი გვპასუხობს, რომ „ჯერჯერობით რა კომენტარებიც მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით იურისტების მხრიდან, ხელისუფლება არ აპირებს ანგარიში გაუწიოს ამ მნიშვნელოვან ხდომილებას. თავად მურუსიძის განცხადება სრულიად არაადეკვატური იყო.  ვფიქრობ, ერთადერთი დადებით შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ  ვისაც არ სჯეროდა აქამდე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული რთული ვითარება, ეგებ იმათ მაინც გაიგონ ეს და მომავალი წლის არჩევნებზე, კარგად დაფიქრდნენ ვის ჩააბარონ  ხელისუფლება. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და საპარლამენტო, საკანონმდებლო ხელისუფლებას, რადგან თუ არ შეიქმნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნება, ისე არც სასამართლოს ეშველება, არც სახელმწიფოს და მით უფრო  საზოგადოებას,“ -განმარტა ლია მუხაშავრიამ.

მოსამართლეების დასანქცირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილება მეგობარი საქართველოს მიმართ, უკიდურესად არასამართლიანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებას. ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ამ ნაბიჯს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილით ხსნის.

„ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. მართლა გგონიათ, რომ ვინმეს დააჯერებთ აქ თქვენს ორხაზიან ბოდვას კორუფციაზე? ნუთუ ასეთი ჩამორჩენილი გგონიათ ქართველი ხალხი, რომ ვერ ხვდებოდეს რა მიზნები გაქვთ? ძალიან ცუდი. ერთადერთი, რასაც მოიმკით ამ თქვენი უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილებით, არის ის, რომ კიდევ უფრო გააღვივებთ ქვეყანაში ანტიამერიკულ განწყობებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლების არასამართლიანი ცვლილების დაუოკებელმა სურვილმა არ უნდა დაგაბრმაოთ.” – წერს ნიკოლეიშვილი

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს – ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას.

„გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნა რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით.

აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას. მემარცხენე დემოკრატებმა აურიეს შინ და გარეთ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ძალიან სავალალოა!“- წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი” – ანრი ოხანაშვილი

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც.

მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ოხანაშვილის თქმით, „ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება, საინტერესო პროცესების მონაწილენი ვიქნებით”.

მისი თქმით, მათ ექნებათ კომუნიკაცია პარტნიორთან, რის შემდეგაც საზოგადოებას მიაწვდიან “ბევრ და საინტერესო ინფორმაციას”.

„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში არ წაადგება, როცა სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. აქედან გამომდინარე გვექნება კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. ამ კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ბევრი სხვადასხვა მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ხალხისთვის. უსამართლობა არის მძიმე რამ, როცა ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი, ბრალი წარუდგინო, ამიტომ რასთან გვაქვს საქმე ყველას გვაინტერესებს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, არსებობს ბევრი სხვადასხვა ფორმატი კომუნიკაციის. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო და ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს, ჩვენ ყველას, პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს, ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს სიმართლე, რა მტკიცებულებებია, თუ არის მტკიცებულებები, თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა სჭირდება, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა კომუნიკაცია, რა ფორმით, როგორ ამ ეტაპზე არ გაგიზიარებთ.

ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ყველას, გვაქვს უფლება ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავიგეთ. როცა საუბარია სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე, ეს უპრეცედენტო არის. 2012 წლამდე, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, საკითხების გაშლა, ჩვენ მზად ვარ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ. პირველ რიგში საჭიროა პარტნიორთან კომუნიკაცია, ამის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ბევრ და საინტერესო ინფორმაციას,”- განაცხადა ოხანაშვილმა.