„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი თავმოყვარეობის სასარგებლოდ და დატოვა ის ორგანიზაცია, საიდან ემუქრებოდნენ გარიცხვით იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი იყო წასული ღონისძიებაზე, სადაც ღმერთზე, ოჯახსა და ტრადიციებზე იყო საუბარი, – ამის შესახებ მედიასთან ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა. „ორი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ დარჩენა ამ გაერთიანებაში თავმოყვარეობის საკითხი უფრო იყო, ვიდრე რაღაც პოლიტიკური საკითხი. „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკვეთრი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ბუდაპეშტში, სადაც საუბარი შეეხებოდა ოჯახს, ღმერთს, ტრადიციებს და ისეთ ფასეულობებს, რომელზეც დგას საქართველო. „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ ღარიბაშვილი გაემგზავრებოდა ამ ფორუმზე, მაშინ საქართველოს გარიცხავდნენ ამ პარტიიდან. შესაბამისად, მხოლოდ ეს მოცემულობა კმარა იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციაში დარჩენა გახდეს თავმოყვარეობის საკითხი. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი თავმოყვარეობის სასარგებლოდ და დატოვა ის ორგანიზაცია, საიდან ემუქრებოდნენ გარიცხვით იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი იყო წასული ღონისძიებაზე, სადაც ღმერთზე, ოჯახსა და ტრადიციებზე იყო საუბარი. მეორე საკითხია ის, ხომ არ შეუშლის ეს ევროპულ ინტეგრაციას. რა გამოდის, ოჯახზე და ტრადიციებზე საუბარი ხელს უშლის ევროინტეგრაციას? „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ტრადიციებზე და ღმერთზე ლაპარაკობ, მაშინ არაფერი გესაქმება ევროპაში. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, მათივე ლოგიკით, ევროპელობა და ევროპაში ინტეგრაცია გამორიცხავს ოჯახის სიყვარულსა და ტრადიციების პატივისცემას. ეს არის აბსურდი“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი. „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ღია ცის“ შესახებ, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის
მოლდოვური მხარის ინფორმაციით, მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის პირობებს შექმნის.
როგორც მოლდოვური მედია წერს, შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა.
მოლდოვური მხარის ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე – ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
„ღია ცის“ შეთანხმება პირველი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციისათვის. ერთად ჩვენ გავაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.
ეს არის ძლიერი სიგნალი ჩვენი მხარდაჭერისა მოლდოვის მიმართ უწყვეტ გზაზე უფრო ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შესაქმნელეად“, – განაცხადეს ამერიკის საელჩოში.
“საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას”- შალვა პაპუაშვილი
ფრენების შეზღუდვა იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომელიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს, აქეთ უნდა წავიდეს საბოლოო ჯამში რუსეთის გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არცერთი სანქცირებული კომპანია არ იქნება დაშვებული.
„ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო უზრუნველყოფს სრულად საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ითქვა მკაფიოდ, რომ არცერთი ავიაკომპანია, არცერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაეშვება. საქართველო არ აპირებს, დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს, დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს, ესეც ითქვა ცალსახად. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ აწესებს ორმხრივ სანქციებს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უცხოური ვალუტის კურსი 17 მაისისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5638 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5638 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5395 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0243 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7617 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0308 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
“უკრაინული კოკაინით გაჯერებული, პარიზული თბილი ჰაერი ზედმეტად შეისუნთქა” – მედვედევი მაკრონზე
„საფრანგეთი აკმაყოფილებს ამერიკელების ყველა გარყვნილ ახირებას და ამ პროცესში ის საკუთარ ეკონომიკას და უბრალო ევროპელებს აზარალებს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტი კიეველ ნარკომანთან სოციალიზაციამ აშკარად დააზიანა. მან ზედმეტად ბევრი უკრაინული კოკაინის ნარჩენებით გაჯერებული, პარიზული თბილი ჰაერი შეისუნთქა, რომელსაც მისი სტუმარი გამოყოფდა“, – წერს მედვედევი.
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ქართველი”-დიმიტრი ხუნდაძე
„ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც კი მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამმა სიმართლემ ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა. ანუ, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მოძრაობა „ხალხის ძალაც” სწორედ ამ პრინციპით დაფუძნდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტის დღეების მთელმა სიმწვავემ ძირითადად ჩვენზე გადაიარა, პრინციპებს არ ვღალატობთ და პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ სიმართლის თქმით ვაპირებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ რეალობა სულ სხვაა, ვიდრე დღეს ხალხს უყვებიან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, მათ მიერვე სრულიად კონტროლირებადი მედიასაშუალებებით.
რუსეთი იყო და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ის პოლიტიკური მოთამაშე, რომლის თითქოსდა უძლეველი იმიჯის შექმნაში თავად დასავლეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი. იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასუსტებული რუსეთისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გააძლიერეს. დასავლეთის შეცდომის მსხვერპლნი აღმოვჩნდით ჩვენც და უკრაინაც. დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწევით, არადა, დასავლეთი თავად ეწევა ანტიქართულ რიტორიკას, რამაც მათ მიმართ საზოგადოების გაბრაზება გამოიწვია. კრიტიკას კი ანტიდასავლურ რიტორიკად ნათლავენ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა სიმართლე.
„იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასუსტებული რუსეთისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გააძლიერეს. დასავლეთის შეცდომების მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენც და უკრაინაც. დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწევით, არადა, დასავლეთი ხშირად თავად ანტიქართულ რიტორიკას ეწევა, რამაც მათ მიმართ ქართული საზოგადოების გაბრაზება გამოიწვია. კრიტიკას კი ანტიდასავლურ რიტორიკად ნათლავენ. ხელისუფლებას უტიფრად აბრალებენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებიან ტყუილებს, თუ როგორ აწამებენ და კლავენ (საპატიმრო არ ჰქვია) ოროთახიან ლუქს პალატაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილს. სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაამტკიცა ჩვენი სიმართლე. კარგია, რომ სტრასბურგი დამოუკიდებლობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა და მტკიცებულება მოვისმინეთ, მაგრამ ტყუილიაო, ჯიუტად იმეორებენ. ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაზე ალაპარაკდა მეზობელი თურქეთიც, რომელიც დღეს რთულ საარჩევნო პროცესშია და პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ სამზარეულოში ვიღაც არის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, მავანნი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია, მაგრამ ეს არის ტყუილი და სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულების გასამართლებლადაა მოგონილი.
„როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის დასანქცირებას, არამედ საკუთარი მოსახლეობის დასანქცირებას სთხოვენ ფრენების აკრძალვით. საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად საზოგადოებას აძლევდა საშუალებას, რომ მეტი სცოდნოდა, საიდან შემოდის და რაში იხარჯება ფული. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება დემოკრატიის უკუსვლაა და სააკაშვილის ქუჩაში გამოტანილი განაჩენები – წინსვლა. ოჯახის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, რწმენის აღიარება და პატივისცემა თურმე ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელი ყოფილა. საკუთარ ინტერესებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, არათუ ხმამაღლა საუბარი. რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და ზოგჯერ მათი უცხოელი პარტნიორი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ჩვენმა ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც ზოგადად პატივს ვცემთ, თუმცა ლოიალობის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომლის მომავალიც მხოლოდ ჩვენს ხელშია. მავანნი კი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია. ესეც ტყუილია და მიმართულია სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულების გასამართლებლად. ასეთი წარსული ჩვენ უკვე გქონდა და აღარ გვსურს. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ჩვენზე. ეს არ გვაშინებს, რადგან ძალა ხალხში და სიმართლეშია. ქართულ პოლიტიკაში სიმართლე ისეთ ბასრი და საჭირო არასოდეს ყოფილა, როგორც არის დღეს. იარლიყების მიკერება სიმართლეს ვერ ჩაახშობს. მთავარი არის, დრო და ისტორია რას იტყვის შენზე და არა ენა, რომელსაც არ აქვს ძვალი. ეს არის ის, რაც დიპლომატიური ენით მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ახლა მათთვის, ვისაც ეს ენა არ ესმის და მაინც რუსეთუმეობაზე საუბრობს – ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ქართველი. ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
“ამ სუპერ წამალს არ აქვს უარყოფითი გვერდითი ეფექტები!” – ქეთი შავლიაშვილი
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი – ქეთი შავლიაშვილი, “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში, ვარჯიშისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ წერს.
“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოუშვა სრულიად ახალი პრეპარატი. ეს პრეპარატი აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს და ინსულინისადმი მგრძნობელობას; ხელს უწყობს წონის კონტროლს და ამცირებს გულის დაავადებების, მაღალი წნევის და მაღალი ქოლესტერინის რისკს. ის ასევე აუმჯობესებს განწყობას, მოტივაციას და კოგნიტურ ფუნქციას; ხელს უშლის დემენციას; აუმჯობესებს კუნთების ძალას და ძვლების ჯანმრთელობას.
და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ეს პრეპარატი ასევე ამცირებს სხვადასხვა სახის კიბოს რისკს, ისეთის, მაგალითად, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის, მკერდის, საშვილოსნოს და ფილტვების კიბო. ის ასევე აუმჯობესებს ძილს. და თუ თქვენ გაქვთ დაბალი ლიბიდო ან შემცირებული სექსუალური ფუნქცია, ეს ახალი პრეპარატი ტესტოსტერონის მომატების გზით, ამ პრობლემების მოგვარებაშიც აუცილებლად დაგეხმარებათ.
თანაც, ეს ყველაფერი უამრავი მეცნიერული კვლევით დადასტურებული ფაქტებია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ამ სუპერ წამალს არ აქვს უარყოფითი გვერდითი ეფექტები!
დარწმუნებული ვარ, რიგები დადგებოდა აფთიაქებთან ასეთი წამლის შესაძენად.
რეალურად კი, ასეთი წამალი უკვე არსებობს და მასზე ყველა ჩვენგანს მიუწვდება ხელი. საუბარი მაქვს ვარჯიშზე- რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაზე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის!
ვარჯიში (სწორი დოზა, ტიპი და სიხშირე) აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ბიოლოგიურ სისტემას. ის ასევე აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიომის ფუნქციას და ჯანმრთელობას; აძლიერებს იმუნურ ფუნქციას; ზრდის უჯრედის ენერგიის წარმომქნელი ორგანელების, მიტოქონდრიების რაოდენობას და ფუნქციას და აბალანსებს სისხლში შაქარს და ინსულინს; აბალანსებს სასქესო ჰორმონებს, თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას; აძლიერებს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ ნაკადს.
ვარჯიში ზრდის ტელომერების სიგრძეს (რაც ასაკთან ერთად მცირდება და ცუდ ჯანმრთელობასთან ასოცირდება), ამცირებს ანთებას, შეაქცევს ასაკთან დაკავშირებულ არასასურველ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს.
სწორ დიეტასთან ერთად, ვარჯიში ყველაზე მძლავრი საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად!
ისეთმა მარტივმა ვარჯიშმაც კი, როგორიც ყოველდღიურად მხოლოდ 10 წუთით ფეხით სიარულია, შეიძლება წლები შემატოს თქვენს სიცოცხლეს.
გაიხანგრძლივეთ ჯანმრთელობა მოძრაობით!” – წერს ქეთი შავლიაშვილი.