“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ქართველი”-დიმიტრი ხუნდაძე

99
spot_img

„ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც კი მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამმა სიმართლემ ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა. ანუ, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მოძრაობა „ხალხის ძალაც” სწორედ ამ პრინციპით დაფუძნდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტის დღეების მთელმა სიმწვავემ ძირითადად ჩვენზე გადაიარა, პრინციპებს არ ვღალატობთ და პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ სიმართლის თქმით ვაპირებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ რეალობა სულ სხვაა, ვიდრე დღეს ხალხს უყვებიან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, მათ მიერვე სრულიად კონტროლირებადი მედიასაშუალებებით.
რუსეთი იყო და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ის პოლიტიკური მოთამაშე, რომლის თითქოსდა უძლეველი იმიჯის შექმნაში თავად დასავლეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი. იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასუსტებული რუსეთისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გააძლიერეს. დასავლეთის შეცდომის მსხვერპლნი აღმოვჩნდით ჩვენც და უკრაინაც. დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწევით, არადა, დასავლეთი თავად ეწევა ანტიქართულ რიტორიკას, რამაც მათ მიმართ საზოგადოების გაბრაზება გამოიწვია. კრიტიკას კი ანტიდასავლურ რიტორიკად ნათლავენ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა სიმართლე.

„იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასუსტებული რუსეთისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გააძლიერეს. დასავლეთის შეცდომების მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენც და უკრაინაც. დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწევით, არადა, დასავლეთი ხშირად თავად ანტიქართულ რიტორიკას ეწევა, რამაც მათ მიმართ ქართული საზოგადოების გაბრაზება გამოიწვია. კრიტიკას კი ანტიდასავლურ რიტორიკად ნათლავენ. ხელისუფლებას უტიფრად აბრალებენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებიან ტყუილებს, თუ როგორ აწამებენ და კლავენ (საპატიმრო არ ჰქვია) ოროთახიან ლუქს პალატაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილს. სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაამტკიცა ჩვენი სიმართლე. კარგია, რომ სტრასბურგი დამოუკიდებლობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა და მტკიცებულება მოვისმინეთ, მაგრამ ტყუილიაო, ჯიუტად იმეორებენ. ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაზე ალაპარაკდა მეზობელი თურქეთიც, რომელიც დღეს რთულ საარჩევნო პროცესშია და პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ სამზარეულოში ვიღაც არის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, მავანნი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია, მაგრამ ეს არის ტყუილი და სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულების გასამართლებლადაა მოგონილი.

„როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის დასანქცირებას, არამედ საკუთარი მოსახლეობის დასანქცირებას სთხოვენ ფრენების აკრძალვით. საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად საზოგადოებას აძლევდა საშუალებას, რომ მეტი სცოდნოდა, საიდან შემოდის და რაში იხარჯება ფული. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება დემოკრატიის უკუსვლაა და სააკაშვილის ქუჩაში გამოტანილი განაჩენები – წინსვლა. ოჯახის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, რწმენის აღიარება და პატივისცემა თურმე ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელი ყოფილა. საკუთარ ინტერესებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, არათუ ხმამაღლა საუბარი. რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და ზოგჯერ მათი უცხოელი პარტნიორი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ჩვენმა ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც ზოგადად პატივს ვცემთ, თუმცა ლოიალობის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომლის მომავალიც მხოლოდ ჩვენს ხელშია. მავანნი კი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია. ესეც ტყუილია და მიმართულია სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულების გასამართლებლად. ასეთი წარსული ჩვენ უკვე გქონდა და აღარ გვსურს. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ჩვენზე. ეს არ გვაშინებს, რადგან ძალა ხალხში და სიმართლეშია. ქართულ პოლიტიკაში სიმართლე ისეთ ბასრი და საჭირო არასოდეს ყოფილა, როგორც არის დღეს. იარლიყების მიკერება სიმართლეს ვერ ჩაახშობს. მთავარი არის, დრო და ისტორია რას იტყვის შენზე და არა ენა, რომელსაც არ აქვს ძვალი. ეს არის ის, რაც დიპლომატიური ენით მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ახლა მათთვის, ვისაც ეს ენა არ ესმის და მაინც რუსეთუმეობაზე საუბრობს – ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ქართველი. ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.