,,ჩვენ ვერ დავუწესებთ ჩვენს მოქალაქეებს დამატებით სასჯელს” – ღუდუშაური

93
spot_img

ჩვენ არ და ვერ დავუწესებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას, რაც ყველას უნდა ესმოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა.

ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, რუსეთმა თავად თქვა უარი იმაზე, რაც ცალმხრივად, სანქციის სახით ჰქონდა გამოყენებული.

„საქართველოს არაფერი განუახლებია, საქართველომ რაც გააკეთა და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ დავუწესებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას. ვფიქრობ, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, უმარტივესი ჭეშმარიტებაა. არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ხელისუფლება თუნდაც ერთ ადამიანს უქმნიდეს დამატებით ბარიერს, ჩვენ ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებთ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, არ ვიცი, რომელ დემოკრატიულ სტანდარტში უნდა ჯდებოდეს. ერთადერთი ბერკეტი გვაქვს, რომ აეროპორტებში წარმოდგენილი ვიყოთ საპოლიციო ქვედანაყოფებით, რომლებიც შეუზღუდავენ ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით სარგებლობას. ვფიქრობ, საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან – რუსეთის ფედერაციას რაც ცალმხრივად სანქციის სახით ჰქონდა გამოყემებული, ამაზე რუსეთის ფედერაციამ თქვა უარი. სანქციის დაწესების და არც მისი მოხსნის დროს, ბუნებრივია, საქართველო არ და ვერ ჩაერეოდა. სხვა ყველაფერი მგონია, რომ სპეკულაციაა“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილების შემდეგ, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან“. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის გზასთან დაკავშირებით.