“ამ სუპერ წამალს არ აქვს უარყოფითი გვერდითი ეფექტები!” – ქეთი შავლიაშვილი

276
spot_img

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი – ქეთი შავლიაშვილი, “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში, ვარჯიშისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ წერს.

“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოუშვა სრულიად ახალი პრეპარატი. ეს პრეპარატი აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს და ინსულინისადმი მგრძნობელობას; ხელს უწყობს წონის კონტროლს და ამცირებს გულის დაავადებების, მაღალი წნევის და მაღალი ქოლესტერინის რისკს. ის ასევე აუმჯობესებს განწყობას, მოტივაციას და კოგნიტურ ფუნქციას; ხელს უშლის დემენციას; აუმჯობესებს კუნთების ძალას და ძვლების ჯანმრთელობას.

და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ეს პრეპარატი ასევე ამცირებს სხვადასხვა სახის კიბოს რისკს, ისეთის, მაგალითად, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის, მკერდის, საშვილოსნოს და ფილტვების კიბო. ის ასევე აუმჯობესებს ძილს. და თუ თქვენ გაქვთ დაბალი ლიბიდო ან შემცირებული სექსუალური ფუნქცია, ეს ახალი პრეპარატი ტესტოსტერონის მომატების გზით, ამ პრობლემების მოგვარებაშიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

თანაც, ეს ყველაფერი უამრავი მეცნიერული კვლევით დადასტურებული ფაქტებია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ამ სუპერ წამალს არ აქვს უარყოფითი გვერდითი ეფექტები!

დარწმუნებული ვარ, რიგები დადგებოდა აფთიაქებთან ასეთი წამლის შესაძენად.

რეალურად კი, ასეთი წამალი უკვე არსებობს და მასზე ყველა ჩვენგანს მიუწვდება ხელი. საუბარი მაქვს ვარჯიშზე- რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაზე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის!

ვარჯიში (სწორი დოზა, ტიპი და სიხშირე) აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ბიოლოგიურ სისტემას. ის ასევე აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიომის ფუნქციას და ჯანმრთელობას; აძლიერებს იმუნურ ფუნქციას; ზრდის უჯრედის ენერგიის წარმომქნელი ორგანელების, მიტოქონდრიების რაოდენობას და ფუნქციას და აბალანსებს სისხლში შაქარს და ინსულინს; აბალანსებს სასქესო ჰორმონებს, თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას; აძლიერებს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ ნაკადს.

ვარჯიში ზრდის ტელომერების სიგრძეს (რაც ასაკთან ერთად მცირდება და ცუდ ჯანმრთელობასთან ასოცირდება), ამცირებს ანთებას, შეაქცევს ასაკთან დაკავშირებულ არასასურველ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს.

სწორ დიეტასთან ერთად, ვარჯიში ყველაზე მძლავრი საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად!

ისეთმა მარტივმა ვარჯიშმაც კი, როგორიც ყოველდღიურად მხოლოდ 10 წუთით ფეხით სიარულია, შეიძლება წლები შემატოს თქვენს სიცოცხლეს.

გაიხანგრძლივეთ ჯანმრთელობა მოძრაობით!” – წერს ქეთი შავლიაშვილი.