Home Blog Page 2074

,, ნებისმიერი კომისიის საბოლოო პროდუქტი არის ორი…” – კახაძე ოპოზიციას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორს, ხათუნა სამნიძეს მიმართა კითხვით – იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მიერ დასანქცირებული თითოეული მოსამართლე გამართლდა, როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით.

„პირველად ჩემს ცხოვრებაში, მექნება ძალიან მოკლე, მშრალი შეკითხვა. ნებისმიერი კომისიის საბოლოო პროდუქტი არის ორი – პესიმა, ოპტიმა. თქვენ ემზადებით უარყოფითი დასკვნისთვის, მაგრამ რომ აღმოჩნდეს ისე, რომ მიიღოთ დადებითი შედეგი და გამართლდეს თითოეული მათგანი, როგორი იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა ამერიკასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში?“, – განაცხადა ლადო კახაძემ. 

 შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

,, რუსეთის ეკლესია „თავისუფლების კუნძულია“- რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი კირილე ირწმუნება, რომ კრემლის ლიდერისგან ბრძანება არასოდეს მიუღია. ამის შესახებ პროკრემლისტური მედიასაშუალება TASS-ი იტყობინება.

რუსეთის პატრიარქის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობაში ერთგვარი სიმფონია ჩამოყალიბდა.

ამასთან, რუსეთის პატრიარქი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესია „თავისუფლების კუნძულია“.

„თავისუფლების კუნძული – არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ნამდვილად თავისუფლები ვართ. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ხელს იშვერს და აცხადებს, რომ პატრიარქი პრეზიდენტის დავალებებით მოქმედებს. ღვთის წინაშე გეუბნებით პრეზიდენტს პატრიარქისთვის არასდროს არაფერი უბრძანებია.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ როგორც მართლმადიდებელი მორწმუნე ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი, არც მომავალში იზამს ამას“, – აცხადებს პატრიარქი კირილე.

ოლივერ ვარჰეი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პასუხობს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებმაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს.

როგორც ევროკომისარი აცხადებს, ევროკავშირი მადლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძვირფასო წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით თქვენი 2023 წლის 24 მარტის წერილისთვის საქართველოს მიერ ევროკომისიის 2023 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, პირველ რიგში, ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში.

როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე“, – ნათქვამია ვარჰეის წერილში.

23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოლივერ ვარჰეის მიმართეს, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შუალედური შეფასება საჯარო იყოს.

ვგიჟდები ასეთ “რჩევებზე” უკვე ნაქეიფარზე” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ყველა წესს რომ ვიცავდე, როგორც ძველი რაჭული ანდაზა ამბობს, ჩემს ძილს ძაღლი არ დაჰყეფდა – რატომ არ შეიძლება ძილამდე სამი საათის განმავლობაში ჭამა და სმა, შენ ხარ ჩემი ბატონი და ბევრი მიზეზით, მინიმუმ ცუდი სიზმრები იცის. თუმცა ენდოკრინული მიზეზები გამოსატოვებელი არაა, რადგან სწორედ შაქრების ვერგადამუშავებას და მითუმეტეს ასე გავრცელებულ შაქრიან 1 და 2 ტიპის დიაბეტს თან ახლავს საჩუქრად ძილის დარღვევაც, შფოთვაც, უენერგიობაც და ზოგჯერ მეტიც. თირკმელსაც უჭირს სითხეების რეგულირება და თირკმელი რადგან სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში ღრმა სტრესის შემნახველ სალაროდაა მიჩნეული, ასეთივე ღრმად დაბუდებული სტრესების ამოწევას იწყებს ღამის საათებში და სიმშვიდეც ღრმად ირღვევა. პასკების უხვად ჩალაგების მიზეზით ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ე.წ. გულძმარვა, ხოდა რაც კი რამ წამიკითხავს ამის შესახებ, თითის გაყოლებით მესიზმრებოდა სახელმძღვანელოს გვერდები და გუგლის დიაგნოსტიკასავით ნაირნაირ მიზეზს ვფიქრობდი. ძილში გულძმარვის გამომწვევი ერთერთი მიზეზი საყლაპავი მილის თიაქარია, რომელსაც ბონუსად მოსდევს შფოთვითი აშლილობები. თიაქარით გამოწვეული გულძმარვა ძილის საათებში მაშინ ვლინდება, თუ ისე ხარ ამოტენილი საკვებით, რომ მაგალითად, პასკის ნაჭრები მთელ ჩვენს უამრავმეტრიან ნაწლავებში კუპატის შიგთავსივითაა ჩალაგებული. ძილშივე პირობას ვდებდი, ამას აღარასდროს ჩავიდენმეთქი. მოკლედ მეგობრებო, ფსიქო-სომატიკის საუკეთესო მიგნებების მიხედვით, თუ წესრიგშია საჭმლის მომნელებელი და ან ენდოკრინული სისტემები – მინიმუმ განახევრებულია ნევროზი. ხოლო ეს ყველაფერი რომ წესრიგში იყოს, ჭარბი კვებით თვითდაზიანება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. დავტოვოთ “ქეიფი” ექსცესად, თავის იშვიათ დაჯილდოებად. სხვა დანარჩენ დროს დავიცვათ ფიზიოლოგიური ინტერვალი – 12 საათი.
ვგიჟდები ასეთ “რჩევებზე” უკვე ნაქეიფარზე. მანამდე ხომ არც თქვენთვის მიკადრებია, ლაგამი მოჭიმეთმეთქი და არც საკუთარი თავისთვის მიწყენინებია. აი ესაა ტაქტი და აღზრდა!

სთქვა მან და პასკის ზორბა ნაჭერი გადაიღო, ვინაიდან და რადგანაც, ამ ხნის ქალი მოყრილიყო და საუზმეზე გლახა არაფერი წაეკითხა.”

კახა ლაბუჩიძემ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერში“ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია, რომელიც ისრაელის საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა, მიზნად ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან ჰოლოკოსტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს.

„ჰოლოკოსტის დღე უმძიმესია კაცობრიობისთვის, რამდენადაც ამ ისტორიულმა მოვლენამ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიო ისტორიის ეს ტრაგიკული თარიღი გვახსენებს ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს და ამავდროულად გვაფიქრებს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ წარსულის მაგალითებზე, წინ აღვუდგეთ შეუწყნარებლობას და დავიცვათ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო მსგავსი ბოროტებისა და სისასტიკისგან“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ებრაელთა დევნის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ შეძლო სრულიად მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თანამეგობრობის და შემწყნარებლობის საუკეთესო მაგალითი.

„ბედნიერი ვარ, წარმოვადგენდე იმ ქვეყანას, რომელმაც ებრაელ ერს მრავალსაუკუნოვანი დევნის დროსაც მხარდაჭერა გამოუცხადა. განათლებისა და კულტურის კომისია მხარდაჭერას უცხადებს ქართულ-ებრაულ სკოლას და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ქართულ-ებრაული სკოლის მიერ გამართულ კონფერენციას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ისრაელის საელჩოს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს უნივერსიტეტების, ზოგადი და კერძო სკოლების, ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსეთის დუმამ სამშობლოს ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა შემოიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

ამრიგად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.(ამჟამად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ხოლო “ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან  20 წლამდე გაიზარდა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს. მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტი  რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა.

“ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, ბაღაშვილი და მათი კოლეგები დღეიდან, ევროპელი პენსიონერებიდან წამოღებული ფულის მფლობელები ხდებიან”- ირაკლი ლატარია

ჯარი გაძარცვა, ბინძური ფულით შექმნა კომპანია, სადაც დაასაქმა ახალგაზრდები და ევროპელი პენსიონერები გააძარცვინა, ამდენი ახალგაზრდა გახადა დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილე. ეს არ ეყო და დღეს რას აკეთებს? „ფორმულას“ წილებს აძლევს იქ მომუშავე თანამშრომლებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ იგი უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

ლატარიას თქმით, ამ ნაბიჯით, კეზერაშვილი დანაშაულის თანამონაწილედ ხდის ტელეკომპანიის კოლექტივს. მისივე განცხადებით, „ფორმულას“ თანამშრომლები, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითურად დაუფლებული თანხით იღებენ ანაზღაურებას.

„ე.ი. რა გამოდის? ჯარი გაძარცვა, ბინძური ფულით შექმნა კომპანია, სადაც დაასაქმა ახალგაზრდები და ევროპელი პენსიონერები გააძარცვინა.. ამდენი ახალგაზრდა გახადა დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილენი..
ეს არ ეყო და დღეს რას აკეთებს? „ფორმულას“ წილებს აძლევს იქ მომუშავე თანამშრომლებს და ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, ბაღაშვილი და ა.შ მათი კოლეგები დღეიდან, ევროპელი პენსიონერებიდან წამოღებული ფულის მფლობელები ხდებიან… კეზერაშვილი ამ საქმეში არის პროფესიონალი, კერძოდ, მას შეუძლია დანაშაულების სხვებისთვის განაწილება, თან ისე, რომ აქეთ მადლობას ელოდება!„ფორმულა“ მთლიანად არის დანაშაულებრივი ტელევიზია, სადაც ნებისმიერი თანამშრომელი ანაზღაურებას იღებს – პენსიონერების ნაძარცვით მიღებული შემოსავლიდან!!!“ – წერს ლატარია Facebook-ზე.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

 

“დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი სასაცილოა” – ლევან ხაბეიშვილი

ექსტრადიციაზე საუბარი სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში დავით კეზერაშვილი გამართლებულია – თუ ევროპულ სასამართლოში მსგავსი რამ დაუმტკიცდება, შეიძლება ლოგიკური იყოს ამაზე საუბარი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ისეთი “მესიჯები” აქვს, რომ კონკრეტულ ტელევიზიასა და ადამიანს ზიანი მოუტანოს.

“ექსტრადიციაზე რომ საუბრობენ, სასაცილოა, რადგან სხვა ქვეყნის სასამართლოებში ეს ადამიანი გამართლებულია. ისინი ბოდავენ. პოლიტიკური მესიჯი აქვთ, რომ ზიანი მოუტანონ კონკრეტულ ტელევიზიას და ადამიანს, შემდეგ მასზე პოლიტიკურ ჭრილში შავი პიარი ააგორონ. თუ მსგავსი რამე დაუმტკიცდება, ოღონდ მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოში კი არა, ევროპულ სასამართლოში, პირობითად დიდ ბრიტანეთში, ამ შემთხვევაში შეიძლება ლოგიკური იყოს ამაზე საუბარი. თალაკვაძე და კობახიძე სასწაულებს ლაპარაკობენ, გაგიჟდებით ისეთ რაღაცებს ამბობენ კეზერაშვილზე კი არა, “ტვ პირველზე”, “ფორმულაზე”, “მთავარზე”. ამ ხალხს რომ ვუსმინოთ და გვეგონოს, რომ სწორია, გავაფრენთ ყველა. ამიტომ, მგონი, დალაგებული ხალხი ვართ იმისთვის, რომ მშვიდად შევაფასოთ, რას ემსახურება მათი განცხადება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, კეზერაშვილი თავად გასცემს პასუხს, თუ რაიმე გამოძიება იარსებეს.

“მეეჭვება, ჩემზე მეტად “ქოლ-ცენტრების” საქმე ვინმემ იცოდეს თავისი ფიგურანტებით, ამიტომ პრობლემა არაა ნებისმიერ ობიექტურ საგამოძიებო მოქმედებას მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილი კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ წილის ნახევრის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

“მისი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ შორის ტელეკომპანია “ფორმულასთვის”, რომ წნეხი, რაც შეიძლება მათზე იყოს, მოიხსნება. “ფორმულას” ეს გადაწყვეტილება თუ დაეხმარება, თორემ არ ავნებს. კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ეს მისი უფლებაა. განაცხადა, რომ “ფორმულაზე” რომ წნეხი მოიხსნას, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება და ძალიანაც კარგი”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.

“კეზერამ ფაქტობრივად დანაშაული აღიარა და ახლა ცდილობს წილების ნაწილის გადაფორმებით თავისებური კრიმინალური „ობშჩიაკი“ შექმნას”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დაუწერეს მისმა ხელის გოგო-ბიჭებმა გულისამაჩუყებელი განცხადება, რომ თურმე უსაშველოდ თეთრი და ფუმფულაა. არადა, კეზერამ ფაქტობრივად დანაშაული აღიარა და ახლა ცდილობს წილების ნაწილის გადაფორმებით ტვ-ფორმულას კოლექტივი გახადოს ისეთივე „scammer”-ები, როგორც თავად არის.

„ზოგიერთი ნაკლებად განვითარებულისთვის საუკეთესო თავდაცვად თავდასხმა ითვლება, განსაკუთრებით, როდესაც კუდზე ფეხს მწარედ დაგაჭერენ. ასე მოუვიდა „კეზერა-ბიჭსაც.“ დაუწერეს მისმა ხელის გოგო-ბიჭებმა გულისამაჩუყებელი განცხადება, რომ თურმე უსაშველოდ თეთრი და ფუმფულაა.
არადა, კეზერამ ფაქტობრივად დანაშაული აღიარა და ახლა ცდილობს წილების ნაწილის გადაფორმებით ტვ-ფორმულას კოლექტივი გახადოს ისეთივე „scammer”-ები, როგორც თავად არის. ანუ თავისებური კრიმინალური „ობშჩიაკი“ შექმნას.
„ფორმულას“ ჟურნალისტებს კი ზედმეტი ფული აწყენთ?! მათთვის ფულს ხომ სუნი არ უდის.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაცოცხლებული სახარებები- ირაკლი ფარჯიანი

19 აპრილიდან, ,,ათინათის” კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას – „სახარებები” – უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემაა. დამთვალიერებელს შეეძლება ფარჯიანის სახარებათა ზუსტი ასლი თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ვიდეოინსტალაციის მეშვეობით ნახოს.

დღეს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მხატვრის შვილთან, სოფო ფარჯიანთან ერთად გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულა.

ირაკლი ფარჯიანის „სახარებები” რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს. ნამუშევრები უნიკალურია ფერებითაც, რადგან შესრულებულია ირაკლი ფარჯიანის მიერ მიგნებული სპეციალური ტექნიკით, რაც საღებავების თავისებური დამუშავებით ფერების მიღებას გულისხმობს.

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული მხატვრობის წინამძღოლია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ფარჯიანის „სახარებები” შუა საუკუნეების გავლენებსა და იმავდროულად, თანამედროვე კულტურის ნიშნებს ატარებს. აქ თანაარსებობს ხელნაწერი რელიგიური წიგნის კანონიკური იკონოგრაფია და მხატვრის საავტორო ინტერპრეტაცია. საბჭოთა საქართველოში შეიქმნა ირაკლი ფარჯიანის მიერ სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგიც დღემდე არ არსებობს.

ირაკლი ფარჯიანის სახარებების ფაქსიმილე გამოცემა საქართველოში ექსკლუზიურად ჩამოაქვს კომპანია “Smart Innovations”-ს.

გამოფენა ,,ათინათის” კულტურის ცენტრში 19 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელდება.

რატომ არ დაურეკა საჭირო დროს სი ძინპინმა ვოლოდიმირ ზელენსკის – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი”

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში” (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია „რატომ არ დაურეკა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“ (ავტორი – ვივიან ვანგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთი ოდესღაც უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და კიევისაგან ქერს, სიმინდს და იარაღს ყიდულობდა. ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტის პირობებში იბადება კითხვა: ისევ თუ არსებობს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის?

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შორის უკანასკნელად სატელეფონო საუბარი იანვარში გაიმართა, როცა მხარეებმა ერთმანეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს, ასევე დააფიქსირეს „პოლიტიკური ნდობის გაღრმავება“ და „მტკიცე მეგობრობა“. ამ მოვლენიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ჩინეთის ახლო პატნიორის – რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მას შემდეგ სი ძინპინი, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე თხოვნის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტს არც ერთხელ არ დალაპარაკებია. შეიძლება ითქვას, რომ პეკინსა და კიევს შორის ის „საღი და სტაბილური ურთიერთობა“, რომლის შესახებაც თავის დროზე ორივე ლიდერი აცხადებდა, დღეს შორეულ მოგონებადღა რჩება.

საკითხი – როდის დაელაპარაკება სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის და საერთოდ, მოისურვებს თუ არ „ცისქვეშეთის“ ლიდერი მასთან საუბარს (მიუხედავად იმისა, რომ მათი კონტაქტი დასავლელ ლიდერებსაც სურთ), იმ გაურკვეველ რეალობას ასახავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ფონზეა შექმნილი. ადრე უკრაინა-ჩინეთს შორის ურთიერთობა ფართოვდებოდა და მტკიცდებოდა, დღეს კი ორივე მხარე „პოლიტიკურად ჟონგლიორობს“ და ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან კიდეც.

კიევს ჩინეთისაგან თითქოსდა რაღაცის იმედი აქვს – იქნებ პეკინმა მოსკოვი უკანდახევაში დაარწმუნოსო, თუმცა უკრიანას მშვენივრად ესმის, რომ ჩინეთმა უკვე მოახდინა თავისი პოზიციის დემონსტრირება – სი ძინპინს არ სურს ასეთი ნაბიჯის გადადგა და პირიქით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს. უკრაინაში ჩინეთის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა სულ უფრო ნეგატიური ხდება.

პეკინს, თავის მხრივ, სურს ომის მიმართ თითქოსდა ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნოს. ზელენსკისთან საუბარი სი ძინპინის საერთაშორისო ავტორიტეტს კიდევ უფრო განამტკიცებდა, მაგრამ პეკინი ომს „შუალედურ ბრძოლად“ თვლის სამომავლო მსოფლიო წესრიგის მისაღწევად, რომლის დროსაც ბარიკადების ერთ მხარეს აშშ დგას, მეორე მხარეს კი – ჩინეთი და რუსეთი. პეკინის აზრით, უკრაინა მთლიანად დასავლეთის ნებას ემორჩილება და მასთან პირისპირ საუბარი არაფრის მომტანი არ იქნება.

ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ უკრაინას დღეს ჩინეთისათვის ისეთი ეკონომიკური მიმზიდველობა აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა.. ამჟამად უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული ჩინური ინვესტიციები განადგურებულია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინა მომავალში“, – ამბობს ჯუ ფენი, ნანკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, – ამიტომაც იბადება კითხვა: არსებობს თუ არა დღეს ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობა?“.
2017-2021 წლებში ჩინეთ-უკრაინის ვაჭრობის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და „ცისქვეშეთი“ კიევის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. უფრო მეტიც – 2019 წელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩინეთის წლად“ გამოაცხადა. ჩინური კომპანიები კიევის მეტროს ახალ სადგურებს აშენებდნენ, ფართოვდებოდა იარაღით ვაჭრობაც… ჩინეთმა თავისი პირველი ავიამზიდი უკრაინისგან შეიძინა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი, ჩამოწერილი გემის სახით (შემდეგ პეკინმა გაარემონტა და მწყობრში ჩააყენა).

ფართოვდებოდა კავშირები კულტურის სფეროშიც: პეკინის პარკში დგას უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლი. ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა სწავლობს ჩინეთის უნივერსიტეტებში…

თუმცა იმ პერიოდშიც არსებობდა არაერთგვაროვნული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიევსა და პეკინს შორის. ჩინეთი თავს იკავებდა რუსეთის კრიტიკისაგან ყირიმის ანექსიის გამო. თავის მხრივ, უკრაინაზე გავლენას ახდენდა ამერიკაც – ვაშინგტონი კიევისაგან პეკინთან დისტანციის დაცვას ითხოვდა. სწორედ ამ ზეწოლის გამო 2021 წელს უკრაინამ უარი განაცხადა ჩინეთისათვის 3,6 მილიარდი დოლარის პროდუქციის (აეროკოსმოსური ტექნიკის) მიყიდვაზე
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ჩინეთის პოზიცია მკაფიო გახდა – პეკინმა კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდა კარგად აითვისა, პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვა „შეჭრა“ და ა.შ. ჩინური მასმედია აქებს და ადიდებს რუსულ იარაღს, იქმნება პოპულარული ვიდეოთამაშები, აკრიტიკებენ უკრაინის მთავრობას, რომელიც მთლიანად დასავლეთის ნებას ასრულებს.

უკრაინა ასეთ სიტუაციაში ფრთხილად მოქმედებს: კიევმა პოზიტიურად შეაფასა ჩინეთის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც დასავლეთმა გააკრიტიკა და რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. კიევი თვლის, რომ დღეისათვის ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს.

„მაგრამ უკრაინელები – როგორც მთავრობა, ისე უბრალო ხალხიც, სულ უფრო მეტად გულგატეხილნი რჩებიან ჩინეთის პოლიტიკით“, – ამბობს იური პოიტა კიევის კვლევითი ცენტრიდან „ახალი გეოპოლიტიკა“. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩინეთის მიმართ ნეგატიური განწყობის მქონეთა რაოდენობამ 2021 წლიდან 18%-ით მოიმატა.

რასაკვირველია, სი ძინპინის მოსკოვურმა ვიზიტმა, რომლის დროსაც პეკინმა კრემლთან მტკიცე თანამშრომლობა დაადასტურა, უკრაინელებს კიდევ უფრო გაუტეხა გული. „უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთთან დამოკიდებულებაში დიდ ილუზიებში იყო. ახლა ვხედავ, რომ ეს ილუზიები თანდათან იფანტება, განსაკუთრებით პეკინის მოსკოვთან დაახლოების ფონზე“, – ამბობს იური პოიტა.

ასე რომ, პეკინმა საეჭვოა კიევთან დაახლოება დაიწყოს. მართალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა, მაგრამ არც უკრაინულ და არც ჩინურ მხარეს არ განუცხადებიათ ორ ქვეყანას შორის რაიმე კავშირების გაფართოების პერსპექტივაზე.

ჩინელი ექსპერტების მტკიცებით, ამჟამად იმ პირობებში, როცა არც უკრაინა და არც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისაკენ არ იხრებიან, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან მაინცდამაინც დიდი სარგებელი არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამერიკა უკრაინას აფრთხილებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასია.

„ისე არავინ იფიქროს, რომ ჩვენ კონტაქტებს თავს ვარიდებთ. საკითხი ასე დგას: რაზე უნდა ილაპარაკონ ლიდერებმა?”, – ამბობს ვან ივეი, პეკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. „ზელენსკი, ალბათ, სატელეფონო ზარს იმას უკავშირებს, რომ ჩინეთი რუსეთს ჯარის უკან გაყვანას მოსთხოვს, მაგრამ ეს ხომ აბსოლუტურად არარეალურია“.

ურთიერთობების გაურკვევლობას გრძნობენ ისეთი რიგითი ადამიანებიც, როგორიც 32 წლის უკრაინელი ანტონ მატუსევიჩია – იგი შანხაიში უკვე 8 წელია ცხოვრობს, თავისი ბიზნესი ააწყო და ცოლად ჩინელი ქალი ჰყავს. მისი თქმით, ჩინელების უმეტესობა მხარს რუსეთს უჭერს. „შევეცადე უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილიყო, ჩავატარე კულტურული ღონისძიებები დახმარების მიზნით, მაგრამ… ძნელია ადამიანთა აზრის შეცვლა. ვნახოთ, მსგავს აქციებს სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, – ამბობს ანტონ მატუსევიჩი, მაგრამ მას სულ უფრო მეტი ეჭვი შეაქვს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ჩინეთში ცხოვრების თაობაზე: „ვხედავ, რომ ჩინური სისტემა და საზოგადოება უკრაინას არ თანაუგრძნობს, არ ეხმარება… და თუ პეკინი მოსკოვისათვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, მაშინ იძულებული ვიქნები ჩინეთიდან სხვაგან წავიდე. არსებობს საზღვარი, რომლის გადაკვეთა, ჩვენ, უბრალოდ არ შეგვიძლია“, – ხაზს უსვამს ანტონ მატუსევიჩი.

წყარო

“ევროკავშირი ვერ განავითარებს ნორმალურ ურთიერთობას ჩინეთთან, თუ პეკინი არ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე”

ევროკავშირი ვერ განავითარებს ნორმალურ ურთიერთობას ჩინეთთან, თუ პეკინი არ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს ის, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და დაასრულოს ომი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და კვლავ ვაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თავიდან უნდა ავიცილოთ ცივი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ნეიტრალური პოზიციის დაკავება შეუძლებელია, რადგან თუ არ განვასხვავებთ აგრესორს და მსხვერპლს, ეს აგრესორის მხარეს დადგომას ნიშნავს.

შეგახსენებთ, მანამდე ჩინეთში განაცხადეს, რომ ქვეყანა არ მიყიდის იარაღს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ მხარეებს და დაარეგულირებს სამხედრო საქონლის ექსპორტს.