ვგიჟდები ასეთ “რჩევებზე” უკვე ნაქეიფარზე” – ნათია ფანჯიკიძე

76
spot_img

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ყველა წესს რომ ვიცავდე, როგორც ძველი რაჭული ანდაზა ამბობს, ჩემს ძილს ძაღლი არ დაჰყეფდა – რატომ არ შეიძლება ძილამდე სამი საათის განმავლობაში ჭამა და სმა, შენ ხარ ჩემი ბატონი და ბევრი მიზეზით, მინიმუმ ცუდი სიზმრები იცის. თუმცა ენდოკრინული მიზეზები გამოსატოვებელი არაა, რადგან სწორედ შაქრების ვერგადამუშავებას და მითუმეტეს ასე გავრცელებულ შაქრიან 1 და 2 ტიპის დიაბეტს თან ახლავს საჩუქრად ძილის დარღვევაც, შფოთვაც, უენერგიობაც და ზოგჯერ მეტიც. თირკმელსაც უჭირს სითხეების რეგულირება და თირკმელი რადგან სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში ღრმა სტრესის შემნახველ სალაროდაა მიჩნეული, ასეთივე ღრმად დაბუდებული სტრესების ამოწევას იწყებს ღამის საათებში და სიმშვიდეც ღრმად ირღვევა. პასკების უხვად ჩალაგების მიზეზით ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ე.წ. გულძმარვა, ხოდა რაც კი რამ წამიკითხავს ამის შესახებ, თითის გაყოლებით მესიზმრებოდა სახელმძღვანელოს გვერდები და გუგლის დიაგნოსტიკასავით ნაირნაირ მიზეზს ვფიქრობდი. ძილში გულძმარვის გამომწვევი ერთერთი მიზეზი საყლაპავი მილის თიაქარია, რომელსაც ბონუსად მოსდევს შფოთვითი აშლილობები. თიაქარით გამოწვეული გულძმარვა ძილის საათებში მაშინ ვლინდება, თუ ისე ხარ ამოტენილი საკვებით, რომ მაგალითად, პასკის ნაჭრები მთელ ჩვენს უამრავმეტრიან ნაწლავებში კუპატის შიგთავსივითაა ჩალაგებული. ძილშივე პირობას ვდებდი, ამას აღარასდროს ჩავიდენმეთქი. მოკლედ მეგობრებო, ფსიქო-სომატიკის საუკეთესო მიგნებების მიხედვით, თუ წესრიგშია საჭმლის მომნელებელი და ან ენდოკრინული სისტემები – მინიმუმ განახევრებულია ნევროზი. ხოლო ეს ყველაფერი რომ წესრიგში იყოს, ჭარბი კვებით თვითდაზიანება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. დავტოვოთ “ქეიფი” ექსცესად, თავის იშვიათ დაჯილდოებად. სხვა დანარჩენ დროს დავიცვათ ფიზიოლოგიური ინტერვალი – 12 საათი.
ვგიჟდები ასეთ “რჩევებზე” უკვე ნაქეიფარზე. მანამდე ხომ არც თქვენთვის მიკადრებია, ლაგამი მოჭიმეთმეთქი და არც საკუთარი თავისთვის მიწყენინებია. აი ესაა ტაქტი და აღზრდა!

სთქვა მან და პასკის ზორბა ნაჭერი გადაიღო, ვინაიდან და რადგანაც, ამ ხნის ქალი მოყრილიყო და საუზმეზე გლახა არაფერი წაეკითხა.”