თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერში“ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია, რომელიც ისრაელის საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა, მიზნად ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან ჰოლოკოსტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს.
„ჰოლოკოსტის დღე უმძიმესია კაცობრიობისთვის, რამდენადაც ამ ისტორიულმა მოვლენამ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიო ისტორიის ეს ტრაგიკული თარიღი გვახსენებს ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს და ამავდროულად გვაფიქრებს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ წარსულის მაგალითებზე, წინ აღვუდგეთ შეუწყნარებლობას და დავიცვათ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო მსგავსი ბოროტებისა და სისასტიკისგან“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ებრაელთა დევნის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ შეძლო სრულიად მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თანამეგობრობის და შემწყნარებლობის საუკეთესო მაგალითი.
„ბედნიერი ვარ, წარმოვადგენდე იმ ქვეყანას, რომელმაც ებრაელ ერს მრავალსაუკუნოვანი დევნის დროსაც მხარდაჭერა გამოუცხადა. განათლებისა და კულტურის კომისია მხარდაჭერას უცხადებს ქართულ-ებრაულ სკოლას და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ქართულ-ებრაული სკოლის მიერ გამართულ კონფერენციას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ისრაელის საელჩოს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს უნივერსიტეტების, ზოგადი და კერძო სკოლების, ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.