რატომ არ დაურეკა საჭირო დროს სი ძინპინმა ვოლოდიმირ ზელენსკის – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი”

101
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში” (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია „რატომ არ დაურეკა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“ (ავტორი – ვივიან ვანგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთი ოდესღაც უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და კიევისაგან ქერს, სიმინდს და იარაღს ყიდულობდა. ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტის პირობებში იბადება კითხვა: ისევ თუ არსებობს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის?

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შორის უკანასკნელად სატელეფონო საუბარი იანვარში გაიმართა, როცა მხარეებმა ერთმანეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს, ასევე დააფიქსირეს „პოლიტიკური ნდობის გაღრმავება“ და „მტკიცე მეგობრობა“. ამ მოვლენიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ჩინეთის ახლო პატნიორის – რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მას შემდეგ სი ძინპინი, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე თხოვნის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტს არც ერთხელ არ დალაპარაკებია. შეიძლება ითქვას, რომ პეკინსა და კიევს შორის ის „საღი და სტაბილური ურთიერთობა“, რომლის შესახებაც თავის დროზე ორივე ლიდერი აცხადებდა, დღეს შორეულ მოგონებადღა რჩება.

საკითხი – როდის დაელაპარაკება სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის და საერთოდ, მოისურვებს თუ არ „ცისქვეშეთის“ ლიდერი მასთან საუბარს (მიუხედავად იმისა, რომ მათი კონტაქტი დასავლელ ლიდერებსაც სურთ), იმ გაურკვეველ რეალობას ასახავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ფონზეა შექმნილი. ადრე უკრაინა-ჩინეთს შორის ურთიერთობა ფართოვდებოდა და მტკიცდებოდა, დღეს კი ორივე მხარე „პოლიტიკურად ჟონგლიორობს“ და ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან კიდეც.

კიევს ჩინეთისაგან თითქოსდა რაღაცის იმედი აქვს – იქნებ პეკინმა მოსკოვი უკანდახევაში დაარწმუნოსო, თუმცა უკრიანას მშვენივრად ესმის, რომ ჩინეთმა უკვე მოახდინა თავისი პოზიციის დემონსტრირება – სი ძინპინს არ სურს ასეთი ნაბიჯის გადადგა და პირიქით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს. უკრაინაში ჩინეთის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა სულ უფრო ნეგატიური ხდება.

პეკინს, თავის მხრივ, სურს ომის მიმართ თითქოსდა ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნოს. ზელენსკისთან საუბარი სი ძინპინის საერთაშორისო ავტორიტეტს კიდევ უფრო განამტკიცებდა, მაგრამ პეკინი ომს „შუალედურ ბრძოლად“ თვლის სამომავლო მსოფლიო წესრიგის მისაღწევად, რომლის დროსაც ბარიკადების ერთ მხარეს აშშ დგას, მეორე მხარეს კი – ჩინეთი და რუსეთი. პეკინის აზრით, უკრაინა მთლიანად დასავლეთის ნებას ემორჩილება და მასთან პირისპირ საუბარი არაფრის მომტანი არ იქნება.

ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ უკრაინას დღეს ჩინეთისათვის ისეთი ეკონომიკური მიმზიდველობა აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა.. ამჟამად უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული ჩინური ინვესტიციები განადგურებულია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინა მომავალში“, – ამბობს ჯუ ფენი, ნანკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, – ამიტომაც იბადება კითხვა: არსებობს თუ არა დღეს ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობა?“.
2017-2021 წლებში ჩინეთ-უკრაინის ვაჭრობის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და „ცისქვეშეთი“ კიევის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. უფრო მეტიც – 2019 წელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩინეთის წლად“ გამოაცხადა. ჩინური კომპანიები კიევის მეტროს ახალ სადგურებს აშენებდნენ, ფართოვდებოდა იარაღით ვაჭრობაც… ჩინეთმა თავისი პირველი ავიამზიდი უკრაინისგან შეიძინა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი, ჩამოწერილი გემის სახით (შემდეგ პეკინმა გაარემონტა და მწყობრში ჩააყენა).

ფართოვდებოდა კავშირები კულტურის სფეროშიც: პეკინის პარკში დგას უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლი. ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა სწავლობს ჩინეთის უნივერსიტეტებში…

თუმცა იმ პერიოდშიც არსებობდა არაერთგვაროვნული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიევსა და პეკინს შორის. ჩინეთი თავს იკავებდა რუსეთის კრიტიკისაგან ყირიმის ანექსიის გამო. თავის მხრივ, უკრაინაზე გავლენას ახდენდა ამერიკაც – ვაშინგტონი კიევისაგან პეკინთან დისტანციის დაცვას ითხოვდა. სწორედ ამ ზეწოლის გამო 2021 წელს უკრაინამ უარი განაცხადა ჩინეთისათვის 3,6 მილიარდი დოლარის პროდუქციის (აეროკოსმოსური ტექნიკის) მიყიდვაზე
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ჩინეთის პოზიცია მკაფიო გახდა – პეკინმა კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდა კარგად აითვისა, პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვა „შეჭრა“ და ა.შ. ჩინური მასმედია აქებს და ადიდებს რუსულ იარაღს, იქმნება პოპულარული ვიდეოთამაშები, აკრიტიკებენ უკრაინის მთავრობას, რომელიც მთლიანად დასავლეთის ნებას ასრულებს.

უკრაინა ასეთ სიტუაციაში ფრთხილად მოქმედებს: კიევმა პოზიტიურად შეაფასა ჩინეთის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც დასავლეთმა გააკრიტიკა და რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. კიევი თვლის, რომ დღეისათვის ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს.

„მაგრამ უკრაინელები – როგორც მთავრობა, ისე უბრალო ხალხიც, სულ უფრო მეტად გულგატეხილნი რჩებიან ჩინეთის პოლიტიკით“, – ამბობს იური პოიტა კიევის კვლევითი ცენტრიდან „ახალი გეოპოლიტიკა“. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩინეთის მიმართ ნეგატიური განწყობის მქონეთა რაოდენობამ 2021 წლიდან 18%-ით მოიმატა.

რასაკვირველია, სი ძინპინის მოსკოვურმა ვიზიტმა, რომლის დროსაც პეკინმა კრემლთან მტკიცე თანამშრომლობა დაადასტურა, უკრაინელებს კიდევ უფრო გაუტეხა გული. „უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთთან დამოკიდებულებაში დიდ ილუზიებში იყო. ახლა ვხედავ, რომ ეს ილუზიები თანდათან იფანტება, განსაკუთრებით პეკინის მოსკოვთან დაახლოების ფონზე“, – ამბობს იური პოიტა.

ასე რომ, პეკინმა საეჭვოა კიევთან დაახლოება დაიწყოს. მართალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა, მაგრამ არც უკრაინულ და არც ჩინურ მხარეს არ განუცხადებიათ ორ ქვეყანას შორის რაიმე კავშირების გაფართოების პერსპექტივაზე.

ჩინელი ექსპერტების მტკიცებით, ამჟამად იმ პირობებში, როცა არც უკრაინა და არც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისაკენ არ იხრებიან, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან მაინცდამაინც დიდი სარგებელი არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამერიკა უკრაინას აფრთხილებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასია.

„ისე არავინ იფიქროს, რომ ჩვენ კონტაქტებს თავს ვარიდებთ. საკითხი ასე დგას: რაზე უნდა ილაპარაკონ ლიდერებმა?”, – ამბობს ვან ივეი, პეკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. „ზელენსკი, ალბათ, სატელეფონო ზარს იმას უკავშირებს, რომ ჩინეთი რუსეთს ჯარის უკან გაყვანას მოსთხოვს, მაგრამ ეს ხომ აბსოლუტურად არარეალურია“.

ურთიერთობების გაურკვევლობას გრძნობენ ისეთი რიგითი ადამიანებიც, როგორიც 32 წლის უკრაინელი ანტონ მატუსევიჩია – იგი შანხაიში უკვე 8 წელია ცხოვრობს, თავისი ბიზნესი ააწყო და ცოლად ჩინელი ქალი ჰყავს. მისი თქმით, ჩინელების უმეტესობა მხარს რუსეთს უჭერს. „შევეცადე უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილიყო, ჩავატარე კულტურული ღონისძიებები დახმარების მიზნით, მაგრამ… ძნელია ადამიანთა აზრის შეცვლა. ვნახოთ, მსგავს აქციებს სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, – ამბობს ანტონ მატუსევიჩი, მაგრამ მას სულ უფრო მეტი ეჭვი შეაქვს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ჩინეთში ცხოვრების თაობაზე: „ვხედავ, რომ ჩინური სისტემა და საზოგადოება უკრაინას არ თანაუგრძნობს, არ ეხმარება… და თუ პეკინი მოსკოვისათვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, მაშინ იძულებული ვიქნები ჩინეთიდან სხვაგან წავიდე. არსებობს საზღვარი, რომლის გადაკვეთა, ჩვენ, უბრალოდ არ შეგვიძლია“, – ხაზს უსვამს ანტონ მატუსევიჩი.

წყარო