როდესაც გასული საუკუნის მომხიბვლელი ქალბატონების გახსენებას იწყებ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ქალი, რომელიც მე-20 საუკუნის წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად დასახელდა და რომლის სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის.
მსახიობი 1934 წლის 28 მაისს, თბილისში დაიბადა. ლიას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ, ვინაიდან 1937 წელს მამამისი შალვა ელიავა დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო დედა, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს. შალვა ელიავამ გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, კარგა ხანს იქვე მოღვაწეობდა, საქართველოში დაბრუნებული 34 წლისა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის შალვა დაიჭირეს, გერმანიის ჯაშუშობაში, დივერსიების დაგეგმვასა და მსგავს “ფაქტებში” დაადანაშაულეს. ბებია-ბაბუას ანაბარა დარჩენილი ლიას ბავშვობამ რთულად განვლო, ყოველგვარ ზეიმსა და სილაღეს იყო მოკლებული. სამშობლოში დაბრუნებული ეკატერინე კერესელიძე შვილის მაშინ შეხვდა, როცა ლია 17 წლის იყო. ბუნებრივია, წლების განმავლობაში მათ შორის დიდი გაუცხოება მომხდარიყო და თავიდან “დედის” დაძახებაც კი უჭირდა.
“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, ” – ამბობდა მსახიობი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ლია მოსკოვში ჩავიდა და ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში მარტო ცხოვრობდა. იქვე გათხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ქმართან. ესეც მისი სტუდენტური ცხოვრების პატარა ეტაპი იყო… “ბაში–აჩუკის” ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უპასუხა: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო. როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყრო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰყავდა. ლიასაც იგივე რეაქცია ჰქონია.
შემდეგ “მამლუქში” მოუწიათ პარტნიორობამ, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილმში არიან ერთად გადაღებული. „როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.” ამბობდა ლია ელიავა რომლის საოცნებო როლები იყო ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ მოხდა ისე, რომ მას სცენისკენ ყველა გზა გადაუკეტეს!
*ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის “ჰამლეტში”, მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა და სპექტაკლი ვერ განხორციელდა.
*რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის “ალუბლის ბაღში”, მაგრამ არც ეს სპექტაკლი დაიდგა.
*ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”, მაგრამ ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. ლია ელიავას ხომ ცხოვრებაში თავად ჰქონდა გამოცდილი ის სიმწარე, რაც ქეთევან ბარათელის გმირმა გადაიტანა, ამიტომაც განსაკუთრებით სურდა ამ როლის თამაში, თუმცა როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლია ელიავა მუდამ მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. ამის გამო ძალიან ბევრმა ახლობელმა ადამიანმა ატკინა გული, ბევრი განუდგა. სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, ახლობლებისგან მიყენებული ტკივილი და…. მსახიობს ჯანმრთელობა შეერყა. ლია ელიავამ ინფარქტი მიიღო
“ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა… საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ თითქოს კარგად იყო, მაგრამ გულმა ბოლომდე არ უერთგულა და…ის ძილში გაჩერდა.” – იხსენებს მსახიობის შვილი ნანა კობერიძე.