ჯო ბაიდენმა, სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა

124
spot_img

ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება, – ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, „აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება“.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია, გრძელდება და ეს ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რაც ჩამოყალიბდა ჩვენი ხალხების ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.