Home Blog Page 2052

“საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი ძირითადი რეფორმის მიმართულებით” – ევროკავშირის საბჭო

დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი ძირითადი რეფორმის მიმართულებით და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“

რუსეთ-უკრაინის ომის 426-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 5 ტანკი, 14 საარტილერიო სისტემა და 24 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 688 ტანკი, 7 151 ჯავშანმანქანა, 2 863 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 291 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 437 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 784 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 345 ერთეული სპეცტექნიკა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 70-ჯერ გახსნეს. „უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 9 დარტყმა მიაყენა, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს კი 3-ჯერ დაარტყა. ამასთან, უკრაინის დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაპირებული Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მანიმედი გამოთქვა, რომ M1 Abrams-ის ტანკების ქვეყანაში გადაყვანა და უკრაინელი სამხედროების მომზადება გერმანიაში 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

პატრიკ რაიდერის განმარტებით, ტანკები, რომლებიც გერმანიაში წვრთნებისთვის ჩავა, განსხვავდება საბრძოლო ტანკებისგან, რომლებსაც შემდგომში უკრაინის არმია მიიღებს.

“ეს ტანკები გამოყენებული იქნება მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა”, – აღნიშნა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, განახლებული საბრძოლო ტანკები აღჭურვილი იქნება ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკის მიხედვით.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და მის შემოგარენში, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერანაირ ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მოიგერია. ამას გარდა, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას იმისათვის, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები უკუაგდონ ხრომოვოს გზიდან.

რაც შეეხება რუსულ რეგულარულ ჯარებს, სამხედრო ექსპერტების ცნობით, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ პოზიციურ ბრძოლებში იყვნენ ჩართული ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით.

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 12 რჩეულს შორის მოხვდა

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ტოპ-12 ში მოსახვედრად მას ხმების რაოდენობა არ ეყო, რადგან გაუუქმეს ვიპიენით და სხვა შემოვლითი გზით მიღებული ხმები საქართველოდან და ევროპიდან, თუმცა ის და კიდევ ერთი მონაწილე მომდევნო ტურში ჟიურიმ თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა.

ტოპ 12-ის ლაივზე მომღერალმა ჯენიფერ ჰადსონის ცნობილი ჰიტი შეასრულა. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჟიური ფეხზე წამოდგა.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალებს კიევის გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე აწვდიან”

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალებს კიევის გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე აწვდიან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის საჭიროებებზე. შემიძლია ვთქვა, რომ 31 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერა უკვე აღმოჩენილია. ვაგრძელებთ დაპირების შესრულებას, რომელიც მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების მიწოდებას ითვალისწინებს. უკვე მიწოდებულია ათასამდე რაკეტა. საბრძოლო მასალის რაოდენობა იმატებს და უახლოეს დღეებში უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, უკვე მუშაობს შეთანხმების პირველი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინაში საბრძოლო მასალის გაგზავნის ხარჯების ანაზღაურებას ეხება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვების ერთი მილიარდი ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს, ამაზე მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა გადაუდებლად საჭიროებს საბრძოლო მასალებსა და რეკეტებს, რაც მათ თავიანთი ტერიტორიის დასაცავად სჭირდებათ. სიტუაცია არ არის შემდეგნაირი, რომ რუსეთს არ სურს გაჩერება და უკრაინასაც არ სურს გაჩერება. რუსეთს არ სურს ინტერვენციის შეწყვეტა და უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავდაცვა. ესაა სწორი განმარტება იმისა, რაც იქ ხდება“, – განაცხადა ბორელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობა, ასევე თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას ემსახურება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებული შეთანხმება გააფორმეს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პერიოდულად თავში საინტერესო იდეები მოგდით, თუმცა ჰოროსკოპის ვარსკვლავები მათ განხორციელებას არ გირჩევენ. თქვენი მდიდარი ფანტაზია პრაქტიკულობას შესანიშნავად ეხამება, ამიტომ თქვენი ოცნების კოშკები რეალურს წააგავს.

კურო

ეს დღე ემოციებით სავსეა! გარშემო მყოფებს, ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი თქვენი ხასიათის გამუდმებულ ცვლილებებთან შეგუება უჭირთ, მით უმეტეს, რომ თქვენი რისხვა შეიძლება ყველაზე შეუფერებელ დროს დაატყდეთ თავზე. თუმცა, თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ძლიერი ემოციები კი შეიძლება თქვენი იარაღი გახდეს, რომელიც დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს მუშაობის დროს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლებელია შეცდომები. სავარაუდოდ, რომელიღაც პრობლემის მოსაგვარებლად საკმარის ინფორმაციას არ ფლობთ. თუ არ გსურთ, რომ თქვენი რეპუტაცია და საფულე დაზარალდეს, მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რომელშიც კარგად ერკვევით. სადავო საკითხების გადაჭრის დროს პროფესიონალებთან კონსულტაციები დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ოცნება და რეალობა ერთმანეთში გერევათ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები დაუფიქრებელი ნაბიჯისკენ გიბიძგებენ, ამიტომ სანამ რომელიმე, თუნდაც ყველაზე მიმზიდველი იდეის განხორციელებას შეუდგებით, რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.

ლომი

ამ დღეს სიმტკიცისა და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ, რომ უფროსმა ვალდებულებები არ დაგიმატოთ. შესაძლოა, მენეჯმენტს მოეჩვენოს, რომ არასაკმარისად დატვირთული ხართ და გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლიათ. ეცადეთ, „არას“ თქმა და საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლოთ.

ქალწული

ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ. სავარაუდოდ, მიმზიდველ შეთავაზებას მიიღებთ და გამორიცხული არ არის, რომ ახალი საქმის დაწყება მოგინდეთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი გადაწყვეტილების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე შეაფასოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ.

სასწორი

შესაძლოა, სიტუაციამ თქვენგან პროფესიული უნარების სრულად წარმოჩენა მოითხოვოს. სავარაუდოდ, საქმე რაღაც განსაკუთრებულ ვითარებას, სამსახურის დაწყებას ან ტესტირებას ეხება, სადაც საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება მოგიწევთ. იმისთვის, რომ დავალებას გაუმკლავდეთ, საკმარის ცოდნას და უნარებს ფლობთ, ამიტომ არ უნდა ინერვიულოთ.

მორიელი

ამ დღეს პლანეტების განლაგება და ვარსკვლავების კეთილგანწყობა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ, მოულოდნელად, თავად მოგვარდება. მშვენიერი დღეა ურთიერთობების დასალაგებლად. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი, თუნდაც კრიტიკულად განწყობილი ადამიანი მოხიბლოთ და თქვენს მოკავშირედ აქციოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სიფრთხილე თქვენი წარმატების გასაღებია. შესაძლოა, რომელიღაც კონკურენტმა თქვენი ინფორმაციის ნაკლებობით ისარგებლოს, მოგატყუოთ და ინიციატივა ხელიდან წაგართვათ. მოსალოდნელი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, ამ დღეს გაორმაგებული სიფრთხილე დაგჭირდებათ. ნუ გახდებით საეჭვო სქემების მონაწილე, რომელშიც ვიღაც თქვენს ჩართვას ცდილობს.

თხის რქა

დილიდან ამაღლებულ განწყობაზე ხართ, თუნდაც ამის მიზეზი არ გქონდეთ. ვიღაცის შემოხედვამ და ღიმილმა შეიძლება ბედნიერების მეცხრე ცაზე აგიყვანოთ. მარტოხელა თხის რქებს სასიამოვნო ნაცნობობა ან რომანტიკული სიურპრიზი ელით. დაოჯახებულებმა კი სასურველია, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარონ.

მერწყული

მძიმე შრომისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. მუშაობა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს, ამიტომ უბრალოდ მოდუნდით, დაისვენეთ და მეგობრებთან ერთად გაერთეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს ის აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით და ცხოვრებით ისიამოვნოთ.

თევზები

ორატორული უნარების დამსახურებით, ადამიანების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება ან ავანტიურისტულ იდეაში ჩართვა არ გიჭირთ. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია, თუნდაც ფაქტების გაზვიადებისა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისკენ იყოთ განწყობილი. მერე რა, თუ ზოგჯერ სასურველს რეალობად აღიქვამთ? თევზების იდეები სწორედ მათი ფანტასტიკურობით არის მიმზიდველი.

ნიკოლოზ ლოლაძე ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტია საქართველოდან

“ეს საბავშვო ნობელია და 13 წლის ავტორი ამ ნომინაციაზე ჯერ არ ყოფილა”-  წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ლოლაძის დედა, მაია რამიშვილი.

„დღეს პირველად ვხედავ მზეს. ნიკოლოზ ლოლაძე ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტია საქართველოდან !
და მისი პირველი რომანი გამოიცა !

ეს საბავშვო ნობელია და 13 წლის ავტორი ამ ნომინაციაზე ჯერ არ ყოფილა ..

მეორე ამბავი: გუშინ გამოიცა ნიკოლოზის რომანი( ,, აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები “) 6 თვე ვუყურებდი როგორ გაუთავებლად წერდა, აკაკუნებდა , იღიმოდა და განიცდიდა. პირველად ვნახე როგორ იწერება წიგნი..
სინათლეა ეს ბიჭი . გილოცავ ჩემო პატარა მწერალო და ილუსტრატორო. ბედნიერი იყოს შენი ლიტერატურული თავგადასავალი.

მადლობა გიორგი კეკელიძეს  წარდგენისთვის. უდიდესი მადლობა ინტელექტს, გამაოცე ზვიად კვარაცხელია. მადლობა წიგნის რედაქტორს სოფო კობიაშვილს.

ნიკოლოზის წიგნი დაიბადა, რომელიც მისი ფიქრითაა სავსე!

მადლობა, ღმერთო. დღეს ამ ნათელი ბიჭის დებიუტია!

მალე დაგპატიჟებთ წიგნის პრეზენტაციაზე ( სასწაულები ხდება წიგნში .. სასწაული პერსონაჟები და თავგადასავალია )…

გილოცავ ქართველ იუნკერთა სახელობის ქ.თბილისის N52 საჯარო სკოლა“- წერს მაია რამიშვილი.

https://www.facebook.com/maia.ramishvili.7/posts/pfbid02Q4XTkpzFHuAzsXyxy7EjNqdud8CxAidU7nqEgu1FZFKwvD4Medo7xPVDM16aWfRrl

“ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ!”- ლევან ხაბეიშვილი

საკუთარი ფუფუნებისთვის დამატებით 10-ობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ! , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ცინიკური, შეურაცხმყოფელი და რუსი ოლიგარქის, ბერას ნამდვილი სათამაშოს, განცხადება მოისმინა საზოგადოებამ, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მიმართ.

100 მილიონამდე ლარის საწვავს ისხამენ ბიუჯეტის ხარჯზე წელიწადში, 20-30 მილიონ ლარს პიარში ხარჯავენ, 5 მილიონამდე ლარს სარესტორნო მომსახურებაში, ავეჯში, საკუთარი ფუფუნებისთვის დამატებით 10-ობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ!

ბერას სათამაშო, წლის ბოლოს მოგვიყვება, რომ პენსიონერმა მშობლებმა ასიათასობით ლარი აჩუქეს, თავად, მეუღლეს ხალხის საკუთრებაში არსებული ტყე გადასცა, 400 000 ლარის ღირებულების ორი ავტომობილი ჰყავს და ცხოვრობს განცხრომაში…

ასეთი სამარცხვინო, უთავმოყვარეო და კორუმპირებული, მისი ზოოპარკის წარმომადგენელი, მოგვივლინა რუსმა ოლიგარქმა.

ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ! გავიმარჯვებთ ერთობითა და კონცენტრაციით საერთო მტერზე – რუსულ მთავრობაზე.

არა რუსულ მთავრობას!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

https://www.facebook.com/lkhabeishvili/posts/pfbid0wsCEk5UXyTWGzbegrF7SEPP6RGhkzqHb2wzbtnAfwKGSQ5oKQziqAVNH1FM9kqjml

ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ტყავის ჩანთით დაწყებული ისტორია

არ ვიცი  ქალბატონი ზიგლინდესაგან მემკვიდრეობით მიუნხენში  სასახლეს მივიღებ, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის განსაკუთრებულობის მაგალითად – ამის შესახებ  „გარდენიას“ დირექტორი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ დიდი ტყავის ჩანთით დავდივარ.
რა მილაგია, რას დავატარებ ეს ცალკე ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით, დღეს მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ გიამბობთ.
15 წლის წინ მიუნხენში ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე ძველი, სასკოლო, ტყავის ჩანთა. სამხრეები მოვხსენი, გავწმინდე და მას მერე ბედნიერად ვიყენებ. შიგნითა მხარეს ტყავზე მელნით აწერია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171….
არ დამეზარა, დავწერე მოკლე წერილი და გავგზავნე ფოსტით “ქალბატონო ზიგლინდე, მე თქვენი ყოფილი სასკოლო ჩანთა ბაზრობაზე შევიძინე, ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში, ვარ მებაღე, კმაყოფილი და მადლიერი ვარ…”
სამი თვის შემდეგ წერილი დამიბრუნდა უკან, სხვა საპასუხო წერილთან ერთად. “ბატონო შევარდნაძე, თქვენი წერილის ადრესატი, ქალბატონი ნოიმანი 35 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ მე ვიცნობ მის შვილს, თუ სურვილი გექნებათ შემიძლია თქვენი წერილი მას გავუგზავნო…”
აზარტული ადამიანი არ ვარ მაგრამ არ გავჩერდი. გავგზავნე წერილი ახალი წერილით უკან. “რასაკვირველია მადლიერი დაგრჩებით..”
რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ვიღებ ქალბატონი ნოიმანის ვაჟიშვილისაგან წერილს, “ბატონო შევარდნაძე, მე არ ვიცი რა გაკავშირებთ დედაჩემთან, მაგრამ თუ ისურვებთ შემიძლია თქვენი წერილი გავუგზავნო მას. დედა უკვე მეშვიდე წელია ცხოვრობს “სინიორენჰაუსში””.
(მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ ასე.)
არ დავიზარე “ბატონო ჰოლცმან, მადლიერი დაგრჩებით…”
იმ წლის ბოლოს, ახალი წლის წინ მივიღე ქალბატონი ნოიმანის თბილი, ემოციური პასუხი.. კულტურულად, ლამაზად წერს თავის ბავშვობაზე, სკოლაზე, გავლილ რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე.
რა თქმა უნდა ვუპასუხე, მიპასუხა… საინტერესოა ცხოვრება… ვფიქრობ ეს წერილი დაბეჭდვას, გასაჯაროებას იმსახურებს..
გაზაფხულზე მიუნხენში ჩავედი, დარჩენილი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. ჩემს მასპინძელს, მეგობარს ვთხოვე:
-ანდრეას, გამყევი მოხუცებულთა სახლში, მეგობარი უნდა მოვინახულო. გავაკვირვე ადამიანი.. შევკარი მოკრძალებული, ფერადი ბაიების თაიგული და ვეწვიე ქალბატონ ზიგლინდეს ჩანთით მხარზე. სიტყვებით ძნელია გადმოვცე ემოცია, არც შევეცდები.
დავმეგობრდით, მიუნხენში თუ ჩავდივარ მასთან სტუმრობა ერთ-ერთი აუცილებელი და სასიამოვნო ამბავია. “სინიორენჰაუზის” კაფეტერიაში ვხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ, იქ უკვე ყველა მიცნობს, მელოდებიან. ათი წელი მაინც გავიდა ამ უცნაური მეგობრობიდან.
შარშან გაგანია პანდემიის დროს მივიღე მეილი, იურისტისაგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე. იმ დღესვე მივწერე ვაჟიშვილს სადაც ვწერდი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა მათთან , შვილებთან უსიამოვნება და ასე შემდეგ.
ქალბატონი სულ მეუბნებოდა, რომ ღირსეული სამი შვილი გაზარდა. მათი პასუხით ეს ჩემთვის დადასტურდა.
ვაჟიშვილი მემადლიერება ინფორმაციისთვის და მპასუხობს. “გავაცანი თქვენი წერილი ჩემს ორივე დას. მინდა გიპასუხოთ ჩვენი, სამივეს სახელით. ბატონო შევარდნაძე, დედას სიტყვას და მის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვასრულებდით. ასეა ახლაც მისი ღრმა მოხუცებულობისადა მიუხედავად, მისი სიტყვა ჩვენთვის კანონია, ასე ისურვა? ესე იგი ასეა საჭირო….”
არ ვიცი (ამის კითხვა ძალიან უხერხულია) ქალბატონი ზიგლინდესაგან სასახლეს მივიღებ მემკვიდრეობით მიუნხენში, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის, ამ ხალხის განსაკუთრებულობის მაგალითად..
რამდენი რამ მასწავლეს, რამდენი…
რა მაგის პასუხია და ჩანთა ისეთი ხარისხისაა კიდევ ჩემი და ზიგლინდესნაირს ცხრას მოახუცებს” – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/gardenia.shevardnadze/posts/pfbid02inqcWmLTnMQhrwzptHZc6uLWbeuXUAnfjT92zYnBqQadyQTASFMsyVZNM7UwqpSfl

 

“ქვეყანა არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე”-ივანე ჩხაიძე

ქვეყანა ნამდვილად არ ამბობს უარს „ვოსორიტიდის“ შესყიდვაზე, – აცხადებს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რასაც, მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის, ჯანდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის განცხადებები ადასტურებს.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ქვეყანას დაწყებული აქვს პრეპარატის შემოტანისთვის მზადება, მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული პროტოკოლის შექმნაზე და იმ ტექნიკურ ნიუანსებზე, რომელიც აუცილებელია ასეთი მედიკამენტის დანერგვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მთავარია, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ის მედიკამენტი, რომელიც იქნება შედეგის მომცემი და არ გაართულებს მათ მდგომარეობას, გვერდითი ეფექტები არ იქნება იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე მათი ახლანდელი სტატუსი. სწორედ ამაზეა ახლა საუბარი. დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეს არის პერიოდი, რომელიც მეტი მონაცემისა და ინფორმაციის მიღებას სჭირდება. მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მზადაა, დააფინანსოს ბავშვების მკურნალობა, თუ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იქნება ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს – ოლივერ ვარჰეი

„რეგიონული უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე,  ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით  საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას” – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  დაწერა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის შემდეგ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისარი აცხადებს, რომ სხდომის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს.

2023 წლის 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

“რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში ნატოს ეომება, რადგან რცხვენია იმის აღიარება, რომ ბრძოლის ველზე წარმატება არ აქვს”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში ნატოს ეომება, რადგან რცხვენია იმის აღიარება, რომ ბრძოლის ველზე წარმატება არ აქვს.

„სასაცილოა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ეომება. რუსეთი უკრაინას ეომება და რადგან მას არ შეუძლია ომის პატიოსნად წარმოება, უკვე ამბობს, რომ ნატოს ეომება. მას რცხვენია აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„დღეს ნატო არ არის შეტევითი ალიანსი. მე ვერ ვხედავ, რომ ნატოს ქვეყნები დღეს რაიმე ომს აჩაღებდნენ. ვერ ვხედავ ნატოს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნას. მე ვერ ვხედავ ვერცერთ ნატოელს, რომელიც კლავს რუსს მათ ტერიტორიაზე ან სადმე სხვაგან“, – დასძინა ზელენსკიმ.