Home Blog Page 2014

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში გრძელდება

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

• სამტრედიის ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;

• ხონის ორგანიზაციას – ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;

• წყალტუბოს ორგანიზაციას – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.

26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება

საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი ეწვია.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა.

დრიტან აბაზოვიჩი ქვეყანას დელეგაციასთან ერთად ეწვია. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

ოპოზიცია აღიარებს იმას, რასაც ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში მათ მიმართ აჟღერებდა”- თამარ ჩიბურდანიძე

„თუკი აქამდე იმის შესახებ, რომ ქართული ოპოზიცია ევროკავშირისგან ითხოვდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო, ევროპის ქვეყნების ლიდერები ჩვენს ლიდერებს კულუარულად ესაუბრებოდნენ, დღეს მათ ამაზე ღიად საუბარი დაიწყეს – ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ ოპოზიცია ურთიერთბრალდების რეჟიმზე გადავიდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იმას აღიარებს ახლა, რასაც ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში აჟღერებდა მათ მიმართ.

„მთელი ერთი წელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმოდა, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩადიოდნენ ევროპაში და ევროპის წამყვან პირებს არწმუნებდნენ, არ მიეცათ მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. თავად პრემიერმა სალომე სამადაშვილი დაასახელა, რომელსაც თავი ყველაზე დიდ ევროპელად მოაქვს და რომელიც თურმე მიდიოდა ევროპაში და ითხოვდა, რომ საქართველოს სტატუსს ნუ მისცემთ, თორემ დარჩებიან ესენი ხელისუფლებაში და ვეღარ ავაყირავებთო. მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ „ოცნება“ და ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვიტყუებოდით, როცა ამ ბრალდებებს ვაჟღერებდით მათ მიმართ. დღეს კი თავად ერთმანეთს აბრალებენ ამას და ამით ამბობენ, რომ თურმე ხელისუფლება და ჩვენ მართლები ვყოფილვართ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რამ გამოიწვია ეს პროცესი, რატომ მივიდნენ ამ ზომამდე? ეს ალბათ იმან გამოიწვია, რომ თუკი აქამდე ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ჩვენს ლიდერებს კულუარულად ეუბნებოდნენ, დღეს მათ ამაზე ღიად საუბარი დაიწყეს. ასევე, ალბათ აღარ აწყობთ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს ის თამაშის წესები, რითაც თამაშობდნენ უწინ – როგორც ამერიკამ, ისევე ევროპამ პოლიტიკური თამაშის წესები შეცვალეს, რადგან იმ წამგებიანმა პოლიტიკამ, რასაც ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ, ევროპა დაღუპა და ამერიკას დაარტყა. მათ ოპოზიციას გადმოაბრალეს ყველაფერი და ოპოზიცია ახლა ფიქრობს, საით ისროლოს ეს ტალახის ბურთი“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

,,ასეთი ფორმატები საგარეო ურთიერთობების მიზნების წინ წაწევის კარგი შესაძლებლობაა”- პაპუაშვილი

მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა შესაძლებლობას იძლევა, შეხვედრები ისეთ კოლეგებთან გაიმართოს, ვისთანაც შეიძლება გეოგრაფიულად წვდომა ისეთი ადვილი არ იყოს, მათ შორისაა ის ქვეყნები, სადაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე პირადი კონტაქტების ქონა რთულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები ჰქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ხოლმე გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციებს, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარდაჭერისგან თავს იკავებენ.

„ასეთი ფორმატები პირადი კონტაქტების დამყარების, საგარეო ურთიერთობების, მიზნებისა და ამოცანების წინ წაწევის კარგი შესაძლებლობაა. განსაკუთრებით ეს ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში მხარდაჭერას. წელს გაერო-ში რეკორდული მხარდაჭერა გვქონდა, რაც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. სწორედ ასეთი ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა გავზარდოთ. ასამბლეაში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი დეპუტატი, 50 პარლამენტის თავმჯდომარე, 130 ქვეყნის დელეგაცია. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტია წარმოდგენილი და ეს ყველასთან პირადი გასაუბრების შესაძლებლობას გვაძლევს. შეხვედრები გვქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მხარს უჭერენ ხოლმე გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციებს, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარდაჭერისგან თავს იკავებენ და კენჭისყრების დროს არ იმყოფებიან. სწორედ ამ საუბრებით ვცდილობთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემა და რეზოლუციებში ამაზე ხაზგასმა, რადგან ეს ეხება ყველას, მათ შორის საქართველოს. დღეს თუ საქართველოს ეხება, ხვალ შეიძლება, მათივე ქვეყანას შეეხოს. ყველა ქვეყანა ძლიერია იმდენად, რამდენადაც ძლიერია საერთაშორისო სამართალი. ამ თვალსაზრისით, ჩვენს კოლეგებთან გვაქვს საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ის შოკირებულია მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით.

„შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით. თითქოს, „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს ვამართლებდი. სიცრუეა, ეს პირიქით იყო.

მართლაც, ვისაუბრე პალესტინელი ხალხის უბედურებაზე. ამ დროს მე ვთქვი: „პალესტინელი ხალხის ტანჯვა ვერ გაამართლებს „ჰამასის“ საზარელ თავდასხმას“. მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ“, – აღნიშნა გუტერეშმა.

„სახეზეა დადებითი დინამიკა, ძილი გაუმჯობესებულია, თუმცა პაციენტი საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას“ – სახალხო დამცველის კონსილიუმი სააკაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს და დასმულ კითხვებს უხალისოდ პასუხობს. ამასთან, დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომზადდა, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძილი გაუმჯობესებულია და „კოშმარულ სიზმრებს აღარ აღნიშნავს“.

დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება და ის მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

„19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდან, იყო და არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

19 ოქტომბერს ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ და ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე და ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა.

ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი – საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია. იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა.

გასინჯვის შედეგი – პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით – 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ.

ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.

ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა.

პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.

ამგვარად, სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი: კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას“.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ჩვენი პროგნოზები ხშირ შემთხვევაში დასტურდება”- გია ცაგარეიშვილი

ხათუნა სამნიძის განცხადება ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ოპოზიცია ასე, ზურგს უკან, პარტიზანული წესებით მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ბოლო დროს გახშირდა ისეთი მოვლენები, რომელიც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ჩვენი პროგნოზები ხშირ შემთხვევაში დასტურდება. ეს განცხადებაც ამ რიგში უნდა განვიხილოთ. მანამდე იყო სხვა ე.წ. წამოცდენებიც, თუმცა ეს ყველაზე ხილული აღიარებაა იმისა, რომ ჩვენი შეფასებები უტყუარი იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში დაჟინებით ვამტკიცებდით, რომ ოპოზიციაში იყვნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქართული საზოგადოების ზურგს უკან ითხოვდნენ საქართველოსთვის სტატუსის არმიცემას. ეს აღიარა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, რომელიც ხშირად იმყოფება ვიზიტად ევროკავშირში, მონაწილეობს სხვადასხვა შეხვედრაში და, აქედან გამომდინარე, მისი მონათხრობი და მონაყოლი ჩვენთვის აბსოლუტურად სანდოა. ეს ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ოპოზიცია ასე, ზურგს უკან, პარტიზანული წესებით მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველა ემიჯნება სამნიძის ამ განცხადებას და ამბობს, რომ არ არის დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით. ეს „კოლექტიური კანდელაკები“, რომლებიც შორს ვერ წავიდნენ იმ ავაზაკი კანდელაკის ნამოქმედარიდან, ჩარჩენილები არიან იმ გადაულახავ ბოღმაში, რაც მათ გულში დამკვიდრდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

ანტარქტიდის ყინულების ქვეშ, დროში გაყინული უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ აღმოაჩინეს უძველესი მდინარის სისტემა, რომელსაც დღის სინათლე 14 მილიონი წელიწადია არ უნახავს.

ყინულში შეღწევადი რადარითა და თანამგზავრული მონაცემებით, ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის გლაციოლოგმა სტიუარტ ჯემისონმა და მისმა კოლეგებმა რუკაზე დაიტანეს აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ ჩამალული ლანდშაფტის ტოპოგრაფიული მახასიათებლები, რათა უკეთესად შეესწავლათ, როგორ ირყევა ყინულის საფარი დროთა განმავლობაში.

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი (EAIS) დედამიწაზე უდიდესი ამ სახის წარმონაქმნია და ძირითადად მოთავსებულია ზღვის დონის მაღლა, საძირკველ ქანზე; ის სულაც არ არის ისეთი სტაბილური, როგორც მეცნიერებს ერთ დროს ეგონათ. ახლა, როდესაც ჩვენი პლანეტა საშუალო ტემპერატურის ინდუსტრიამდელთან შედარებით 2 °C-ით მომატების გზას ადგას, ამ ყინულის საფარის დნობამ 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს.

თუმცა, გლობალური დათბობისადმი აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის რეაგირება დიდწილად უცნობია და არ არის გამორიცხული, მომავალში მან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს ზღვის დონის აწევაში. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა არის მის ქვეშ, მოახდინონ მისი მომავლის მოდელირება.

მთვარე უკეთ გვაქვს შესწავლილი, ვიდრე ანტარქტიდა. შესაბამისად, სრულად არ ვიცით კლიმატის ის რისკები, რომლებიც ამ რეგიონიდან გვემუქრება“, — ამბობდა შარშან ტასმანიის უნივერსიტეტის პოლარული მეცნიერი, მოდელირების ავტორი მეტ კინგი.

“არ მინდა ვიფიქრო, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა კონკრეტული ოპოზიციონერებისგან” – ლევან ხაბეიშვილი

არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან – ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი „ოცნებაზე“ მიყიდვაში, დაგადანაშაულებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის და  რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას.

ამასთან, ხაბეიშვილმა პოსტს თან დაურთო ევროკავშირის ელჩის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და „მათ შორის არავის იყო ისეთი, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას მოითხოვდა“.

„უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3 – ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები. იგივეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.

კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის „რუსული ოცნება“, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი – ბორენკა.

მოვუწოდებ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.

არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი „ოცნებაზე“ მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ“,- წერს ხაბეიშვილი.

“გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ გავაერთიანოთ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად”

ჩვენ ევროპაში გვაქვს მკაფიო სტრატეგიული ინტერესი გავაერთიანოთ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კარიბჭის ფორუმის“ გახსნაზე განაცხადა.

„გლობალური გამოწვევები კი არის – ვირუსი, რომელმაც საზღვრები არ იცის, კლიმატურმა ცვლილებებმა საზღვრები არ იცის და იგივე ეხება ტერორიზმის შედეგებსა და ომს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება თქვენს უსაფრთხოებაზეა დამყარებული და პირიქით. ჩვენი კონკურენტუნარიანობა იზრდება, როდესაც თქვენი ეკონომიკები იზრდება და ვითარდება. ჩვენი მედეგობა უფრო მტკიცეა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები ასევე უფრო მედეგები ხართ. მაშინ ჩვენ ყველა ვიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ევროპამ აირჩია, უფრო ახლოს იყოს თავის პარტნიორებთან. გლობალური კარიბჭის დაარსებიდან ორი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ შედეგებს.

მხოლოდ წელს ჩვენი მუშაობა ფოკუსირებულია დაახლოებით 90 ფლაგმანურ პროექტზე. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ვისაც სურს გაერთიანდეს ვაქცინებისა და მედიკამენტების საკითხზე მუშაობისას. ბანგლადეშსა და ვიეტნამში ჩვენ დავიწყეთ პროექტები მზის, ქარისა და წყლის ენერგეტიკის სფეროში, რისი ღირებულებაც ჯამში 1 მილიარდ ევროს აღემატება. ჩვენ გაგვყავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები შავ ზღვაში საქართველომდე და ცენტრალურ აზიამდე და ჩვენ ვაკავშირებთ რკინიგზებს და ელექტროქსელებს დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, რათა ისინი დავაახლოვოთ ჩვენს ერთიან ბაზართან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ვინმე ოპოზიციიდან და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სტატუსის მიღებას”

„ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ვინმე ოპოზიციიდან და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სტატუსის მიღების პროცესს, არის რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმი. ეს არის სრული ტყუილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო პარტნიორებთან მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მომატებული საფრთხეების ფონზე სტატუსის მიღება აუცილებელია.

“ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ჩატარებული რეფორმების წყალობით მყარი ფუნდამენტი შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით იაროს.

დღეს, ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ნაციონალური მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია და დღესაც აცხადებს, რომ მომხრეა და მხარდამჭერია იმის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს დეკემბერში. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ აქეთ არის მიმართული, დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები და ლიდერები პარტნიორ ქვეყნებში იმყოფებიან იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სათანადო მოქმედება გასწიონ.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, ევროკავშირთან, ეს პირველ რიგში პოლიტიკური დევნაა, ამ პოლიტიკური დევნის ყველაზე ნათელი მაგალითია პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობა. გასულ წელს, როდესაც ევროპული საბჭო იხილავდა ჩვენთვის უკვე მაშინვე სტატუსის მინიჭების საკითხს, მაშინ ხელისუფლებამ დააპატიმრა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია. ამით ხელი შეუშალა, რომ ქვეყანას გასულ წელსვე მიეღო სტატუსი. გაზაფხულზე, მოახდინეს „რუსული კანონის“ ინიციირება, შემოდგომაზე დაიწყეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა რომ გაეწია ამ პროცესისთვის საბოტაჟი, ჩვენ მეგობრები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას.

ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ის უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, ვინმე ოპოზიციიდან და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სტატუსის მიღების პროცესს არის რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმი. ეს არის სრული ტყუილი. თუ დეკემბერში, ევროპული საბჭო მიზანშეუწონლად ჩათვლის ახლა ამ მომენტში, წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ საბოტაჟის შედეგი იქნება, იმ პოლარიზაციის შედეგი იქნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა. ეს იქნება შედეგი იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც მიმართავს მთელი საზოგადოების მიმართ. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის შედეგი, რომლის მაგალითი ოთარ ფარცხალაძის სანქცირების დროს ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ. საბოლოოდ, ეს იმის შედეგი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს მიტაცებული აქვს სახელმწიფო. ამის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმ ფაქტს, რომ რეგიონში შექმნილია ძალიან ფეთქებად საშიში მდგომარეობა, რისკები მომატებული, საფრთხეები მაღალია, „ქართული ოცნება“ ამ თავისი პოლიტიკით მაღლა წევს საფრთხეებს ჩვენი ხალხისთვის. ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს საგარეო პარტნიორებთან მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ამ მომატებული საფრთხეების ფონზე სტატუსის მიღება აუცილებელია“,- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუბიექტები, ვისაც ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ევროსტრუქტურებში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებაში საკუთარ განცხადებაში გულისხმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ნიკა გვარამია არიან.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს, ხათუნა სამნიძის მიერ “პალიტრანიუსის” ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რასაც მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდა, პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია” – შალვა პაპუაშვილი

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს საქართველოს ლიდერობას.

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია.

აღნიშნული კვლევით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის ორ და ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ამ უდავო ფაქტების ოფიციალური დადასტურება უნდა გახდეს.