,,ასეთი ფორმატები საგარეო ურთიერთობების მიზნების წინ წაწევის კარგი შესაძლებლობაა”- პაპუაშვილი

76
spot_img

მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა შესაძლებლობას იძლევა, შეხვედრები ისეთ კოლეგებთან გაიმართოს, ვისთანაც შეიძლება გეოგრაფიულად წვდომა ისეთი ადვილი არ იყოს, მათ შორისაა ის ქვეყნები, სადაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე პირადი კონტაქტების ქონა რთულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები ჰქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ხოლმე გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციებს, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარდაჭერისგან თავს იკავებენ.

„ასეთი ფორმატები პირადი კონტაქტების დამყარების, საგარეო ურთიერთობების, მიზნებისა და ამოცანების წინ წაწევის კარგი შესაძლებლობაა. განსაკუთრებით ეს ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში მხარდაჭერას. წელს გაერო-ში რეკორდული მხარდაჭერა გვქონდა, რაც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. სწორედ ასეთი ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა გავზარდოთ. ასამბლეაში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი დეპუტატი, 50 პარლამენტის თავმჯდომარე, 130 ქვეყნის დელეგაცია. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტია წარმოდგენილი და ეს ყველასთან პირადი გასაუბრების შესაძლებლობას გვაძლევს. შეხვედრები გვქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მხარს უჭერენ ხოლმე გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციებს, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარდაჭერისგან თავს იკავებენ და კენჭისყრების დროს არ იმყოფებიან. სწორედ ამ საუბრებით ვცდილობთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემა და რეზოლუციებში ამაზე ხაზგასმა, რადგან ეს ეხება ყველას, მათ შორის საქართველოს. დღეს თუ საქართველოს ეხება, ხვალ შეიძლება, მათივე ქვეყანას შეეხოს. ყველა ქვეყანა ძლიერია იმდენად, რამდენადაც ძლიერია საერთაშორისო სამართალი. ამ თვალსაზრისით, ჩვენს კოლეგებთან გვაქვს საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.