“ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ვინმე ოპოზიციიდან და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სტატუსის მიღებას”

69
spot_img

„ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ვინმე ოპოზიციიდან და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სტატუსის მიღების პროცესს, არის რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმი. ეს არის სრული ტყუილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო პარტნიორებთან მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მომატებული საფრთხეების ფონზე სტატუსის მიღება აუცილებელია.

“ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ჩატარებული რეფორმების წყალობით მყარი ფუნდამენტი შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით იაროს.

დღეს, ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ნაციონალური მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია და დღესაც აცხადებს, რომ მომხრეა და მხარდამჭერია იმის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს დეკემბერში. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ აქეთ არის მიმართული, დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები და ლიდერები პარტნიორ ქვეყნებში იმყოფებიან იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სათანადო მოქმედება გასწიონ.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, ევროკავშირთან, ეს პირველ რიგში პოლიტიკური დევნაა, ამ პოლიტიკური დევნის ყველაზე ნათელი მაგალითია პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობა. გასულ წელს, როდესაც ევროპული საბჭო იხილავდა ჩვენთვის უკვე მაშინვე სტატუსის მინიჭების საკითხს, მაშინ ხელისუფლებამ დააპატიმრა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია. ამით ხელი შეუშალა, რომ ქვეყანას გასულ წელსვე მიეღო სტატუსი. გაზაფხულზე, მოახდინეს „რუსული კანონის“ ინიციირება, შემოდგომაზე დაიწყეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა რომ გაეწია ამ პროცესისთვის საბოტაჟი, ჩვენ მეგობრები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას.

ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ის უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, ვინმე ოპოზიციიდან და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სტატუსის მიღების პროცესს არის რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმი. ეს არის სრული ტყუილი. თუ დეკემბერში, ევროპული საბჭო მიზანშეუწონლად ჩათვლის ახლა ამ მომენტში, წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ საბოტაჟის შედეგი იქნება, იმ პოლარიზაციის შედეგი იქნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა. ეს იქნება შედეგი იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც მიმართავს მთელი საზოგადოების მიმართ. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის შედეგი, რომლის მაგალითი ოთარ ფარცხალაძის სანქცირების დროს ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ. საბოლოოდ, ეს იმის შედეგი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს მიტაცებული აქვს სახელმწიფო. ამის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმ ფაქტს, რომ რეგიონში შექმნილია ძალიან ფეთქებად საშიში მდგომარეობა, რისკები მომატებული, საფრთხეები მაღალია, „ქართული ოცნება“ ამ თავისი პოლიტიკით მაღლა წევს საფრთხეებს ჩვენი ხალხისთვის. ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს საგარეო პარტნიორებთან მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ამ მომატებული საფრთხეების ფონზე სტატუსის მიღება აუცილებელია“,- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუბიექტები, ვისაც ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ევროსტრუქტურებში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებაში საკუთარ განცხადებაში გულისხმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ნიკა გვარამია არიან.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს, ხათუნა სამნიძის მიერ “პალიტრანიუსის” ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რასაც მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდა, პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.