ანტარქტიდის ყინულების ქვეშ, დროში გაყინული უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს

72
spot_img

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ აღმოაჩინეს უძველესი მდინარის სისტემა, რომელსაც დღის სინათლე 14 მილიონი წელიწადია არ უნახავს.

ყინულში შეღწევადი რადარითა და თანამგზავრული მონაცემებით, ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის გლაციოლოგმა სტიუარტ ჯემისონმა და მისმა კოლეგებმა რუკაზე დაიტანეს აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ ჩამალული ლანდშაფტის ტოპოგრაფიული მახასიათებლები, რათა უკეთესად შეესწავლათ, როგორ ირყევა ყინულის საფარი დროთა განმავლობაში.

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი (EAIS) დედამიწაზე უდიდესი ამ სახის წარმონაქმნია და ძირითადად მოთავსებულია ზღვის დონის მაღლა, საძირკველ ქანზე; ის სულაც არ არის ისეთი სტაბილური, როგორც მეცნიერებს ერთ დროს ეგონათ. ახლა, როდესაც ჩვენი პლანეტა საშუალო ტემპერატურის ინდუსტრიამდელთან შედარებით 2 °C-ით მომატების გზას ადგას, ამ ყინულის საფარის დნობამ 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს.

თუმცა, გლობალური დათბობისადმი აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის რეაგირება დიდწილად უცნობია და არ არის გამორიცხული, მომავალში მან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს ზღვის დონის აწევაში. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა არის მის ქვეშ, მოახდინონ მისი მომავლის მოდელირება.

მთვარე უკეთ გვაქვს შესწავლილი, ვიდრე ანტარქტიდა. შესაბამისად, სრულად არ ვიცით კლიმატის ის რისკები, რომლებიც ამ რეგიონიდან გვემუქრება“, — ამბობდა შარშან ტასმანიის უნივერსიტეტის პოლარული მეცნიერი, მოდელირების ავტორი მეტ კინგი.