,,ჩვენი პროგნოზები ხშირ შემთხვევაში დასტურდება”- გია ცაგარეიშვილი

69
spot_img

ხათუნა სამნიძის განცხადება ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ოპოზიცია ასე, ზურგს უკან, პარტიზანული წესებით მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ბოლო დროს გახშირდა ისეთი მოვლენები, რომელიც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ჩვენი პროგნოზები ხშირ შემთხვევაში დასტურდება. ეს განცხადებაც ამ რიგში უნდა განვიხილოთ. მანამდე იყო სხვა ე.წ. წამოცდენებიც, თუმცა ეს ყველაზე ხილული აღიარებაა იმისა, რომ ჩვენი შეფასებები უტყუარი იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში დაჟინებით ვამტკიცებდით, რომ ოპოზიციაში იყვნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქართული საზოგადოების ზურგს უკან ითხოვდნენ საქართველოსთვის სტატუსის არმიცემას. ეს აღიარა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, რომელიც ხშირად იმყოფება ვიზიტად ევროკავშირში, მონაწილეობს სხვადასხვა შეხვედრაში და, აქედან გამომდინარე, მისი მონათხრობი და მონაყოლი ჩვენთვის აბსოლუტურად სანდოა. ეს ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ოპოზიცია ასე, ზურგს უკან, პარტიზანული წესებით მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველა ემიჯნება სამნიძის ამ განცხადებას და ამბობს, რომ არ არის დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით. ეს „კოლექტიური კანდელაკები“, რომლებიც შორს ვერ წავიდნენ იმ ავაზაკი კანდელაკის ნამოქმედარიდან, ჩარჩენილები არიან იმ გადაულახავ ბოღმაში, რაც მათ გულში დამკვიდრდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.