Home Blog Page 1987

ესპანეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების 30 წევრი დააკავეს

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

ინფორმაციას ესპანური  მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საპოლიციო ღონისძიებაში ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნაძარცვს საქართველოსა და სომხეთში აგზავნიდნენ.

ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.

ესპანეთის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში მიზნად ისახავს მძარცველების უმსხვილესი ბანდის და ფულის გათეთრების ქსელის დემონტაჟს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. მათ შორის ბარსელონაში, ბადალონაში, ტარაგონაში, ალიკანტეში, მარბელასა და ესტეპონაში. მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.

იმ მისამართებს შორის, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7011 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7011 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7011 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9299 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9314 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პაპუაშვილს მიმართავენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს:

მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა, ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები.

პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია

პარლამენტს უმრავლესობის კვოტით არჩეული ორი ახალი ვიცე-სპიკერი ჰყავს – პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერი პოსტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: – ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე. პარლამენტს ასევე ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.

რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.

 

დევიდ ქემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ქემერონი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის „მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას“.

„მქონდა გარკვეული უთანხმოება ბორის ჯონსონთან, ჩვენ ერთმანეთს, 40 წელია, ვიცნობთ, მაგრამ მისი მხარდაჭერა იყო საუკეთესო რამ, რაც მან და მისმა მთავრობამ გააკეთეს“, – აღნიშნა ქემერონმა.

ზელენსკიმ მიულოცა ქემერონს თანამდებობაზე დანიშვნა და მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო ყურადღებას აქცევს არამხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას. ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოსგან უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი მოქალაქეების თბილი დახვედრისთვის. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკრაინაში ჩამოხვედით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თბილისის მეტროს სრული შემადგენლობა განახლდება

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მეტროს ვაგონების განახლების საკითხს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტროში მგზავრნაკადის გაზრდის გამო აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია.

„მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მეტროში მგზავრნაკადის გაზრდის გამო მნიშვნელოვანია მეტროს ვაგონების განახლება. ასევე სატრანსპორტო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დედაქალაქის მერს ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლების) სრული განახლება დაიწყება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა და ქალაქ თბილისის მერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ ერთობლივად მიიღეს.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება მომდევნო 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

პროექტის მიხედვით, 45 მატარებლიდან 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

თუ ჩეხეთი რუსეთის სახელმწიფო აქტივებს გაყინავს, მოსკოვი უპასუხებს -დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო აქტივების შესახებ ჩეხეთის გადაწყვეტილების ფორმალიზების შემთხვევაში მოსკოვს რეაგირება ექნება.

„რაიმე კონკრეტული, ვთქვათ, არამეგობრული ნაბიჯების ფორმალიზების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო ქონების გაყინვას მხარი დაუჭირა.

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.

როგორც „ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილ მებრძოლთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

„დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- ნათქვამია განცხადებაში.

“სარკეში უნდა ჩავიხედოთ, სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ?” – ალეკო ელისაშვილი IRI-ის კვლევაზე

სარკეში უნდა ჩავიხედოთ, სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ? ეს ვართ როგორც გამოვიყურებით – ახლა უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა IRI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა უნდა გაანალიზოს გადაჭარბებული წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე და მეტ-ნაკლებად პარტნიორულად იფიქროს.

„არის ერთი დიდი ეროვნული მიზანი, ჩემთვის ეს მიზანი არის ძალიან მკაფიო, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, არა „ნაციონალური მოძრაობით“, მაგრამ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით დემოკრატიად, დაჭაობდება ქვეყანა, ისედაც ხომ დაჭაობდა და ბრეჟნევის ეპოქაში დავბრუნდებით, თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა. ოღონდ მშვიდად, წყნარად, ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც დროით მოდიხარ, მერე მიდიხარ, ეს უნდა გახდეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი. სწორი იქნება თუ ოპოზიციური პარტიები ამაზე ვიფიქრებთ, დიდ ეროვნულ მიზანს როგორ მივაღწიოთ, როგორ შევცვალოთ ხელისუფლება. ამ კვლევას რომ ნახავ, უნდა დაფიქრდე რაღაც კონტურის მოხაზვაზე, მე მაგალითად, არაფერი მესაქმება რუსეთზე მეოცნებე ხალხთან სულ რომ გარანტირებული მქონდეს მათთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა. გამორიცხულია მათთან რამეში გავერიო, საკმაოდ შეცდომები დამიშვია, ბურჯანაძესთან და ვისთან ერთად არ ვმჯდარვარ.

წესით ახლა ოპოზიციონერი ლიდერები უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური, თუ დიდი მიზანი გვამოძრავებს ხელისუფლების ცვლილებების, ამ დიდ მიზანს ვერ ვხედავ რომ გააზრებული ჰქონდეთ. გადაჭარბებული ამბიცია და თავის თავზე უაზრო წარმოდგენები პრობლემაა, ქალებსაც, კაცებსაც, რამდენსაც გინდათ, ჰგონიათ, მარტო შეცვლიან ყველაფერს, ამის სჯერათ. თუ დაეშვებიან მიწაზე, სწორად შეხედავენ პროცენტებს და პროცენტებს კი არ გაუბრაზდებიან, საკუთარ შეცდომებზე იფიქრებენ, ჩემს თავზეც ვამბობ ამას, ხელს კი არ ვიშვერ ვიღაცისკენ, შეცდომები დაშვებული რომ არ მქონდეს, 2 პროცენტი არ მექნებოდა, მექნებოდა გაცილებით მეტი. მთავარია, გავიაზროთ და დავინახოთ დიდი მიზანი.

სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ, ეს ვართ როგორც გამოვიყურებით, მიწაზე უნდა დაეშვას ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი და ნუ ჰგონიათ, რომ 2 პროცენტი კი დაუწერა IRI-მ, მაგრამ სინამდვილეში 40 აქვთ, ამ ილუზიებშიც არის ბევრი.

მართლა თუ უნდათ, რომ მივაღწიოთ დიდ მიზანს, რასაც ხელისუფლების ცვლილება ჰქვია, ამბიციებიც უკან უნდა დავქაჩოთ, გადაჭარბებული წარმოდგენებიც საკუთარ შესაძლებლობებზე და ადეკვატურად და მეტ -ნაკლებად პარტნიორულად უნდა ვიფიქროთ. ყველას უნდა, რომ „კოალიციაში ახლა მე უნდა ვიყო მთავარი და თქვენ ჩემი სეფექალები და სეფეკაცები უნდა იყოთ”, ასე არ გამოდის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ადეკვატურად ვუყურებთ რეალობას”,- განაცხადა ელისაშვილმა.

თიბისი VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში

CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.

CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.

თიბისის მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომი ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლათფორმაზე Shopify. საგადახდო პლატფორმას მსოფლიოში 450 000  ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში კი თიბისი პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის პარტნიორი გახდა.

CyberSource-ის საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით და ისარგებლონ მზა ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ-გვერდებით.

ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე, ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.

CyberSource-ის უპირატესობებია:

  • ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში;
  • ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%;
  • მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;

გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდების მარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა და ფროდების მიმართ. CyberSourc-ის გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით გაეზარდათ გაყიდვები.

თიბისი CyberSource-ით გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard  ბარათით, ისე ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay.

(R)

 

„ქართული ოცნება“ ცდილობს, გაუხანგრძლივოს „ლამინირებულ“ პირადობის მოწმობებს ვადა, რომ არჩევნების მანიპულაციისა და გაყალბების მექანიზმები შეინარჩუნოს”

არ ყოფილა პრეცედენტი, რომ არჩევნებში მაღალი შედეგი დაედოს ღიად პრორუსულ ძალას – „ქართულ ოცნებას”იმდენად ეშინია 2024 წლის არჩევნების, ცდილობს, მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს, ამიტომ შემოაგდეს ინჯიას ხელით პარლამენტში კანონპროექტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არგუმენტები, რის გამოც, აპირებენ ძველი პირადობის მოწმებების დაბრუნებას, აბსურდულია.

„მთავარი კითხვა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, არის, თუ რატომ უნდა „ქართულ ოცნებას“ ძველი პირადობის მოწმობები დატოვოს კვლავ მოქმედებაში, უფრო სწორად გაახანგრძლივოს მისი მოქმედების ვადა. იმიტომ, რომ მას არ აქვს შანსი, რომ მოიგოს არჩევნები და უნდა, რომ გაყალბების მექანიზმები დაიტოვოს ხელში. 2011 წელს, ჩემ მიერ იქნა ინიცირებული ID ბარათების პროექტი, ამ პროექტის მიხედვით, 2013 წლისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა ID ბარათი და ძველი პირადობის მოწმობები უნდა გაუქმებულიყო. დღეს არის 2023 წელი, ამ დრომდე „ქართული ოცნება” ცდილობს, რომ გაუხანგრძლივოს ძველ, ე.წ „ლამინირებულ” პირადობის მოწმობებს ვადა, რომ ამით შეინარჩუნოს არჩევნების მანიპულაციისა და გაყალბების მექანიზმები.

IRI -ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს, შესაბამისად ის ცდილობს, რომ რაღაც მექანიზმებით შეინარჩუნოს არჩევნებზე შედეგის დადების შესაძლებლობა. ამის მაგალითია ძველი პირადობის მოწმობები, ამის მაგალითია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციის, ამერიკელ და ბრიტანელ კონსულტანტებს არ უშვებენ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ შედეგის. არ ყოფილა პრეცედენტი, რომ არჩევნებში მაღალი შედეგი დაედოს ღიად პრორუსულ ძალას, დღეს კი „ქართული ოცნება” არის ღიად პრორუსული ძალა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამაზე არის ჩამოყალიბებული აზრი და შესაბამისად კარგად იცის, რომ ერთადერთი გზა არის როგორმე გაყალბების მექანიზმები შეინარჩუნონ. უფრო მეტიც, მომდევნო არჩევნებზე აღარ იქნება მაჟორიტარული არჩევნები და შესაბამისად, მეორე ტური, რომელიც აძლევდა “ოცნებას” არჩევნების შედეგებით მანიპულაციის საშუალებას. შესაბამისად დღეს, ფრიდონ ინჯიას ხელით, პარლამენტში შემოაგდეს კანონპროექტი, რომლითაც უნდათ, რომ ლამინირებული პირადობის მოწმობა დატოვონ მოქმედებაში.

ფაქტობრივად, აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც უნდათ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, და მსგავსი დოკუმენტი არის მოქმედებაში. ჩემო კარგებო, ყველა არგუმენტი, რომელიც დღეს მოჰყავთ, რომ მაინც უნდა შეინარჩუნონ, არის აბსურდული. ასე შეიძლებოდა ჩვენთვისაც ეთქვათ, რომ საბჭოთა პასპორტები დაგვეტოვებინა მოქმედებაში და არ გაგვეცა პირადობის მოწმობა, იმიტომ, რომ ძველ, ლამინირებულ პირადობის მოწმობაზეც ამბობდნენ, რომ ეშმაკია ჩასახულიო, ეს ხომ აბსურდული არგუმენტია.

ტესტი არის მარტივი – ID ბარათებზე კანონი მიღებულია, რომ „ლამინირებული“ პირადობა აღარ უნდა იყოს მოქმედებაში, ახლა “ქართული ოცნებას”იმდენად ეშინია 2024 წლის არჩევნების, ცდილობს, რომ მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, “ლამინირებული” პირადობის მოწმობები შესაძლოა ჩვეულებრივი პრინტერით გაყალბდეს, ამიტომ გავაკეთე მე და ჩემი ინიციატივა იყო, რომ ID ბარათებით დახურულიყო ძველი პირადობის მოწმობებით გაყალბების მექანიზმები საქართველოში”, – განაცხადა ვაშაძემ.

თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო

თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ – ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს ხელი შეუწყოს  კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას – მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნო ახალი წამოწყებაა, რომელიც უფროსკლასელებს დაეხმარება განივითარონ ის უნარები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პროგრამა არის უნიკალური და სრულად აგებულია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის მასში მონაწილეობას“ – მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები მუშაობენ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია – იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.

„კომუნიკაციის სახელოსნოს პროგრამა ,,დიზაინ ფიქრის’’ ნაბიჯებს მიუყვება. სწავლების პროცესი რეალურ სამუშაო გარემოში დაგროვილი გამოცდილების გადააზრების და უკუკავშირის საფუძველზე მიმდინარეობს. სასწავლო და სამუშაო პროცესის დაკავშირებით მონაწილეები, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, გაითავისებენ, თუ როგორ გამოიყენონ ნებისმიერი საქმიანი გამოცდილება სწავლის შესაძლებლობად. ეს კი დაეხმარებათ, რომ განვითარება ჩვენი შეხვედრების მიღმაც, თავიანთი ინიციატივით გააგრძელონ და ამ თვისებით ნებისმიერი გუნდისა თუ ორგანიზაციის ღირებული წევრები გახდნენ” – ანამარია სუხიტაშვილი, კომუნიკაციის სახელოსნოს ფასილიტატორი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ-განათლების პროგრამების კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. 2024 წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.

R