ლეგენდარული ალ ბანოს სოლო კონცერტმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგით ჩაიარა

127
spot_img

24 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდ ,,ცხოვრება მშვენიერიას” 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ყველა თაობის საყვარელი და ლეგენდარული იტალიელი მომღერლის – ალ ბანოს სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც ქართველი მსენელის წინაშე პირველად წარსდგა.

 

უტყუარი ხმა, ფართო დიაპაზონი და სრულყოფილი ინტონაცია, ასე მოკლედ შეიძლება შეფასდეს ალბანო კარისის შესაძლებლობები, რომელიც მუსიკალურ ასპარეზზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70 – იან წლებში გამოვიდა. 1967 წელს მან ჩაწერა მისი ერთ -ერთი ულამაზესი სიმღერა ,,Nel sole”, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მის თაყვანისმცემლებში. რეკორდულმა წარმატებამაც არ დააყოვნა, გაიყიდა მილიონ სამასი ათასი ასლი. იმავე წელს ალ ბანომ მონაწილეობა მიიღო Rolling Stones– ის იტალიურ ტურნეში.
ალ ბანოს ალბომები, მუდმივად იყო ჩარტების ლიდერი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, გერმანია, ესპანეთი და სამხრეთ ამერიკა.

 

მისი მსოფლიო აღიარება და წარმატება აისახა დამსახურებული ჯილდოებითაც, 26 ოქროს და 8 პლატინის ჩანაწერი. 1980 წელს მან მოიპოვა Kawakami Award ტოკიოში (იამაჰას პოპ ფესტივალზე). 1982 წელს გერმანიაში მიიღო ოქროს ევროპის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე მეტი ჩანაწერის გაყიდულ არტისტს. 1982 წელს ალ ბანომ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა იტალიაში, ჩარტებში ერთდროულად ოთხი სიმღერით. 1984 წელს მან გაიმარჯვა სანრემოს ფესტივალზე სიმღერით “There will be”, მეუღლესთან რომინა პაუერთან ერთად.

80 წლის შემსრულებელი დღესაც ისეთივე აქტიურია, როგორც გასულ საუკუნეში და დღემდე სიამოვნებით ახარებს თაყვანისმცემლებს საკუთარი უზადო საშემსრულებლო მანერით.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს“ აცნობეს, საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“-ს შემოქმედებითი ჯგუფი, ბედნიერია, რომ სწორედ ფონდმა შეძლო უამრავი მელომანის გულის გახარება ალ ბანო ს საქართველოში ვიზიტით. ამასთან ერთად, კონცერტი უდიდეს საქმეს ემსახურება, შემოსული თანხის დიდი ნაწილი გადაირიცხება ,,ფერადი ქალაქი -აუტიზმის ეროვნული ცენტრში“.

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წლის 19 იანვარს შეიქმნა, 10 წლის მანძილზე ფონდმა არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა და უამრავი ადამიანის დახმარება შეძლო. ეს იყო როგორც სოციალური, ასევე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის და არერთი სიცოცხლის გადარჩენის საუკეთესო შესაძლებლობა.

განსაკუთრებულად წარმატებით ჩაიარა გასულ წელს, ფონდის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფ ,,RICCHI E POVERI”-ის კონცერტმა, რომლიდან შემოსული თანხაც სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს.