„ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ისევ ერთად მოქმედებენ ქალაქის წინააღმდეგ”

95
spot_img

რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რუსთავის მერიამ 15 ნოემბერს წარუდგინა საკრებულოს, დღეს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ,,ნაციონალური მოძრაობის“, პარტია ,,საქართველოსთვისა“ და ,,ლელოს“ წევრებისგან შემდგარმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საკრებულოში წარდგენამდე, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად მოსახლეობას გააცნო.

„ბიუჯეტის პრიორიტეტებზე რუსთაველებთან ერთად მუშაობა, ქალაქის მერიამ მაისიდან დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი აქცენტები, მოსახლეობასთან შეთანხმებით დასახა. მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში, სასტარტო ბიუჯეტი რეკორდული ციფრით – 112 753 324 ლარით განისაზღვრა. რუსთავის საკრებულოში სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის წარსადგენად მისულ რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ არ მოუსმინა, მათ სხდომა დატოვეს და მხოლოდ კენჭისყრის დროს, ბიუჯეტის დაწუნებისთვის ხელის ასაწევად დაბრუნდნენ დარბაზში.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ერთხმად დაეთანხმა პარტია ,,საქართველოსთვის“ სამკაციანი ფრაქცია, რომლის წევრიც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიაა და ,,პარტია ,,ლელოს“ ერთი წარმომადგენელი. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ 16-მა წევრმა. საბოლოოდ 19 ხმით 16-ის წინააღმდეგ, კონკრეტული და არგუმენტირებული მიზეზების წარდგენის გარეშე, რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო. იმის თაობაზე, რომ 2024 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც რუსთავის საკრებულოში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, კომისიური წესით განხილვაზე განაცხადეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი მისთვის მიუღებელი იყო.

,,ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დაუჭერთ, ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში“, – განაცხადა შეროზიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე.

მანვე ,,ნაცმოძრაობის“ წევრებთან ერთად, პროექტის არმოწონების მიზეზად საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, კერძოდ – პრინტერების, ფარდა-ჟალუზების, კომპიუტერული აქსესუარების, მაგიდების, გამათბობლებისა და თანამშრომელი ქალბატონებისთვის ყვავილების თანხის არდაფინანსება დაასახელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ჩვენ იმედს ვიტოვებდით, რომ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის მეც შევეცდებოდი ეს ადამიანები დამერწმუნებინა რამდენად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცდეს ქალაქის ბიუჯეტი, იმ დროს, როდესაც ჩვენ მაქსიმუმი გვაქვს ამ დოკუმენტის ფორმირების პროცესში გაკეთებული. რა თქმა უნდა მათ აქვთ ბიუჯეტის მობრუნების შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელია ქალაქმა საკუთარი შემოსავლებითა და იმ თანხების მობილიზებით გავაკეთოთ და აქ ვერაფერს ვერ შევცვლით, მოგვიწევს ისევ იგივე პროექტის გადაგზავნა. სწორედ ამ პირობებში მათ ვთხოვეთ, რომ თუ შეიძლებოდა დღესვე დაეჭირათ მხარი იმ ბიუჯეტისთვის, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად არის შედგენილი, მერიის სამსახურები მასზე მაისის თვიდან ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთკვირიანი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა მათთან, დღეს კიდევ მზად ვიყავით შეგვევსო ეს ინფორმაცია და დეტალურად ყველა კითხვაზე ამომწურავად გამეცა პასუხი. სამწუხაროდ დღეს მოხდა იგივე, რასაც უკვე ორი წელია ვხედავთ.

,,ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“, ისევ ერთად მოქმედებენ ქალაქის წინააღმდეგ, მოქმედებენ პოლიტიკური დღის წესრიგით. მე მათ ვთხოვე, რომ ქალაქის ინტერესები უფრო პრიორიტეტულად დაეყენებინათ, ვიდრე ის, რასაც მათ პოლიტიკურად ავალებენ, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მათ ზუსტად იციან რაზე ვსაუბრობთ. დღეს ამის გათვალისწინება არ მოხდა და მხარი არ დაუჭირეს ბიუჯეტს, ნაცმოძრაობამ საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროა და ეს ალბათ საკრებულოს შეურაცხყოფაა და იმ ხალხის შეურაცხყოფაა ვინც მათ ხმა და უფლებამოსილება მისცა, რომ საკრებულოში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან.

„რუსთავის მერიამ, ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ განხილვისთვის საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს. პრესსამსახურის ცნობით, რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში 51%-ითაა გაზრდილი კორპუსების კეთილმოწყობისთვის განსაზღვრული თანხა, 48 %-ითაა გაზრდილი სოციალური ბიუჯეტი, რომელშიც 5 ახალი პროგრამაა დამატებული, ბიუჯეტი გაზრდილია ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც, უკვე დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და გათვალისწინებულია შიდა საუბნო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობისთვის 25 მილიონით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი მაინც მიუღებელი აღმოჩნდა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.