Home Blog Page 1977

“მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!”-გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს

გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა.

ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.

„სამწუხაროდ, შენ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან, დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!”, – წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.

2011 წელს რუსთავის N 6 დაწესებულებაში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო დენის კვალი არსად იყო.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია -სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

გასაგებია, რომ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ -თეა წულუკიანი

გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებული იმ განცხადების შესახებ, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ გაკლიათ გამბედაობა და შეგიძლიათ, ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. მათ (ხელისუფლებას) ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით“.

რაც შეეხება პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უსურვებს, ნაყოფიერად და შინაარსიანად გაიყვანოს დრო.

„რაც შეეხება მის მოსაზრებებს, რომ ციხიდან უნდა შექმნას პოლიტსაბჭო, უნდა შექმნას პოლიტიკური დოკუმენტები და იბრძოლოს, ამას საკმაოდ მარტივად ვუყურებ – პატიმარმა თავისი დრო უნდა გაიყვანოს და თუკი ის ამას აკეთებს დროის გასაყვანად, ვინაიდან უწევს სასჯელის მოხდა, ნებისმიერი მშვიდობიანი მეთოდით შექმნას მანიფესტები, წაიკითხოს წიგნები, დაწეროს პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, ხაბეიშვილს ასწავლოს რამე, თუ ამის პერსპექტივა არსებობს. რა თქმა უნდა, დრო უნდა გაიყვანოს ყველა პატიმარმა, ამიტომ მე მას ვუსურვებ, რომ დრო გაიყვანოს ნაყოფიერად და შინაარსიანად, რადგან ყველა ადამიანი, ვისაც ადევს ბორკილები, ჩვენთვის არის თანასწორი და მათი უფლებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცულია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.

საარჩევნო ბარიერზე გახარიას პარტიის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადება არის მცდელობა, საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ მათ რაიმე შეუძლიათ-მათიკაშვილი

გახარიას პარტიის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადება არის მცდელობა, საკუთარი თავი დაარწმუნონ იმაში, რომ მათ რაიმე შეუძლიათ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

იგი ბარიერის გადალახვის საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადება ასევე წარმოადგენს მცდელობას, თავიანთი მცირე რაოდენობის მხარდამჭერებიც დაარწმუნონ, რომ ყველაფერს შეძლებენ.

„რა ციფრსაც არ მიუთითებს ხელისუფლება, ჩვენ ყველაფერს გადავლახავთო, ეს ასე არ არის. მათი კარგად იციან, რომ მუშტებს ჰაერში იქნევენ და სინამდვილეში ეს მუშტები არავის მიმართ არ არის განკუთვნილი, გამიზნული და ეს ყველაფერი თვითდაჯერებისთვისაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, თუ ვის ენდობა საზოგადოება და „ქართული ოცნება“ იქნება ის ძალა, რომელიც არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით „ჰეზბოლამ“ ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა

ლიბანიდან შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ასევე გაუშვა დანაღმული უპილოტო აპარატები. რამდენიმე რაკეტა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ მოიგერია, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. უპილოტო თვითმფრინავები კი ისრაელის არმიის სასაზღვრო პოსტს შეეჯახა.

თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიამ კი საპასუხო ცეცხლი არტილერიით გახსნა.

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფრომაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით,ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“თემურ ალასანია თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ არათუ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, ქვეყნის მართვაში მათი მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია”

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თემურ ალასანიას განცხადება ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

თეა წულუკიანის თქმით, ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს საკუთარი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისადმი მტრობას.

„თემურ ალასანია რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში მავნებლობით სახელგანთქმულია, ეს უკვე ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში. ის უბრალოდ თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამც თუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია. ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უნგრეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა

უნგრეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბილბორდები, რომლებიც უნგრეთში ღამით დაიდგა, ივნისში გასამართი ევროპის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ნაწილია და მასზე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსია გამოსახული.

უნგრეთში განთავსებულ ბილბორდებს ევროკომისიის წარმომადგენელი, ერიკ მამერი გამოეხმაურა.

„სურათები ევროკომისიის პრეზიდენტს ვაჩვენე, მას წარბიც კი არ შეუხრია. ის აბსოლუტურად უშფოთველი იყო“, – განაცხადა მამერმა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის და შესაძლოა არც უკანასკნელი იყოს. უნგრეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისეთ პოლიტიკას ვახორციელებთ, რომელსაც უნგრეთის მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქვს“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ეს პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს, როცა უნგრეთში მსგავსი ხასიათის ბილბორდები გამოჩნდა. 2019 წელს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ ბილბორდებზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინამორბედი, ჟან-კლოდ იუნკერი და უფროსი სოროსი გამოსახა, რასაც ბრიუსელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

“სამინისტროსთან მიმდინარე აქცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიმართულებით მიმდინარე პროცესები დეტალურად განმარტა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროსთან მიმდინარე აქცია ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„შვიდსაათიანი შეხვედრა შედგა ამბროლაურში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად განუმარტეს პროტესტის მონაწილეებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ მათ, რომ ჩართულიყვნენ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ აქციას სამინისტროსთან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი არავისთვის, მით უმეტეს ჩემთვის. ადამიანები სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობს. ეს განვუცხადეთ არაერთხელ, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დღეს პროცესის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ძალიან სწრაფად არაუგვიანეს თვის ბოლოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველანაირი წინაპირობა დღეს არის იმისი, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ მართავენ. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.

ხაბეიშვილის მუქარა სერიოზულად რანაირად უნდა აღიქვა?-ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ნაცმოძრაობის“ წევრი პარტიის თავმჯდომარის მუქარას ნიკა მელიასთან დაკავშირებით სერიოზულად არ აღიქვამს.

„სანამ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა არ უთხრა, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ გარიყულები პოლიტსაბჭოდან, რაზედაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით და უარყოფდა ახალი მენეჯმენტი, მანამდე ვერ გაიგეს. ​ხაბეიშვილის მუქარა სერიოზულად რანაირად უნდა აღიქვა? საერთო არ უხდება ეს როლი“, – აცხადებს დოლიძე.

„მელიას დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი პარტიიდან, ან მოაწერს ხელს მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი გაასაჯაროებს, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ საკუთარ თავზე იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კოორდინაციას. ფიქრობს, რომ პარტიის გამოცდილი წევრები გარიყულები აღმოჩნდნენ საბჭოდან. მან საკუთარი მოსაზრებები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

“სააკაშვილი არათუ აღიარებს დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, გაამართლოს 7 ნოემბერი” – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მეტყველებს, რომ მას არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა და კვლავ ცდილობს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამართლებას.

აღნიშნული კომენტარით რატი ბრეგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ შეაფასებდა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ 7 ნოემბრის მოვლენები პატარკაციშვილის ბრალი იყო“.

„თქვენგან მოვისმინე, ნამდვილად არ მინახავს დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა. რაც თქვენ განაცხადეთ, გააკეთეთ მისი განცხადების ციტირება, ცალსახად მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, ის ამას არც ინანიებს და კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს მედიაზე თავდასხმა. რაც შეეხება მაგალითად, ტელეკომპანია „იმედს“, 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რომელიმე ადამიანი თუ კიდევ ცდილობს, რომ ეს გაამართლოს, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძის თქმით, როცა ადამიანი ითხოვს შეწყალებას, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული.

„რაც შეეხება მის მოთხოვნას შეწყალების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არათანმიმდევრულია, რადგან როდესაც ადამიანი ითხოვს შეწყალებას, მას გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანი არათუ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, გაამართლოს 7 ნოემბერი, ასევე, თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა, რა დროსაც მათ დალეწეს ტექნიკა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მას „არ ჩაუდენია“. ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. ვგულისხმობ, იგივე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას პირდაპირ ეთერში. ამაზე ადამიანმა როგორ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, ჩემთვის პირადად სრულიად წარმოუდგენელია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ამავდროულად, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ როდესაც ვსაუბრობთ მსჯავრდებულ სააკაშვილზე, ის იყო მათ შორის მთავარსარდალი, ამ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურობასთან ერთად და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. დღეს ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს. ის არ არის ამ პარტიის პოლიტიკური წევრიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ, რაც ვფიქრობ, ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. ალბათ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ საკმაოდ მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს არაფორმალურად მართულ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და განცხადებებს, ვუსურვებ საუკეთესო ჯანმრთელობას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ როგორც კი იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ჩვენთან პატიმრები არ იყოფიან იმ ნიშნით, როგორი იქნება მათი პოლიტიკური აქტივობა. ის ახლაც პოლიტიკურად აქტიურია და არის კლინიკა „ვივამედში“. როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. რა შუაში არის პოლიტიკა და კლინიკა ერთმანეთთან? ის ახლა თავისუფლებაში კი არ არის, ის არის პატიმარი, რომელიც გადის მკურნალობის კურსს და როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი, უნდა იყოს დაბრუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა შეადგინეს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვალში ამ მისიის მიღებისთვის. ამ მისიამ სომხეთს უკვე ბევრი რამ შესთავაზა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივი სიზუსტის მოპოვებას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნისას სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას“, – განაცხადა ვასილის მარაგოსმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება სომხეთში მისი საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ.