“სააკაშვილი არათუ აღიარებს დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, გაამართლოს 7 ნოემბერი” – რატი ბრეგაძე

76
spot_img

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მეტყველებს, რომ მას არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა და კვლავ ცდილობს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამართლებას.

აღნიშნული კომენტარით რატი ბრეგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ შეაფასებდა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ 7 ნოემბრის მოვლენები პატარკაციშვილის ბრალი იყო“.

„თქვენგან მოვისმინე, ნამდვილად არ მინახავს დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა. რაც თქვენ განაცხადეთ, გააკეთეთ მისი განცხადების ციტირება, ცალსახად მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, ის ამას არც ინანიებს და კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს მედიაზე თავდასხმა. რაც შეეხება მაგალითად, ტელეკომპანია „იმედს“, 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რომელიმე ადამიანი თუ კიდევ ცდილობს, რომ ეს გაამართლოს, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძის თქმით, როცა ადამიანი ითხოვს შეწყალებას, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული.

„რაც შეეხება მის მოთხოვნას შეწყალების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არათანმიმდევრულია, რადგან როდესაც ადამიანი ითხოვს შეწყალებას, მას გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანი არათუ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, გაამართლოს 7 ნოემბერი, ასევე, თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა, რა დროსაც მათ დალეწეს ტექნიკა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მას „არ ჩაუდენია“. ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. ვგულისხმობ, იგივე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას პირდაპირ ეთერში. ამაზე ადამიანმა როგორ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, ჩემთვის პირადად სრულიად წარმოუდგენელია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ამავდროულად, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ როდესაც ვსაუბრობთ მსჯავრდებულ სააკაშვილზე, ის იყო მათ შორის მთავარსარდალი, ამ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურობასთან ერთად და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. დღეს ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს. ის არ არის ამ პარტიის პოლიტიკური წევრიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ, რაც ვფიქრობ, ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. ალბათ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ საკმაოდ მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს არაფორმალურად მართულ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და განცხადებებს, ვუსურვებ საუკეთესო ჯანმრთელობას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ როგორც კი იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ჩვენთან პატიმრები არ იყოფიან იმ ნიშნით, როგორი იქნება მათი პოლიტიკური აქტივობა. ის ახლაც პოლიტიკურად აქტიურია და არის კლინიკა „ვივამედში“. როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. რა შუაში არის პოლიტიკა და კლინიკა ერთმანეთთან? ის ახლა თავისუფლებაში კი არ არის, ის არის პატიმარი, რომელიც გადის მკურნალობის კურსს და როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი, უნდა იყოს დაბრუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.