“მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!”-გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს

130
spot_img

გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა.

ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.

„სამწუხაროდ, შენ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან, დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!”, – წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.

2011 წელს რუსთავის N 6 დაწესებულებაში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო დენის კვალი არსად იყო.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.