უნგრეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა

78
spot_img

უნგრეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბილბორდები, რომლებიც უნგრეთში ღამით დაიდგა, ივნისში გასამართი ევროპის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ნაწილია და მასზე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსია გამოსახული.

უნგრეთში განთავსებულ ბილბორდებს ევროკომისიის წარმომადგენელი, ერიკ მამერი გამოეხმაურა.

„სურათები ევროკომისიის პრეზიდენტს ვაჩვენე, მას წარბიც კი არ შეუხრია. ის აბსოლუტურად უშფოთველი იყო“, – განაცხადა მამერმა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის და შესაძლოა არც უკანასკნელი იყოს. უნგრეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისეთ პოლიტიკას ვახორციელებთ, რომელსაც უნგრეთის მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქვს“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ეს პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს, როცა უნგრეთში მსგავსი ხასიათის ბილბორდები გამოჩნდა. 2019 წელს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ ბილბორდებზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინამორბედი, ჟან-კლოდ იუნკერი და უფროსი სოროსი გამოსახა, რასაც ბრიუსელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.