Home Blog Page 1976

“საქართველოში ხალხს სურს ევროპა, პრეზიდენტთან ერთად დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში”

საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში, – ამის შესახებ უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.

„ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება. სამუშაო დღის წესრიგში ბევრი შეხვედრა იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინამ, როგორც ევროკავშირის მომავალმა წევრმა, ბევრი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება უნდა განახორციელოს.

ჩვენს მთავრობას აქვს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა ყველა მნიშვნელოვან ცვლილებასთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვცემს სასურველ შედეგს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მივიღეთ საშინაო დავალება.

ჩვენ ვიღებთ ბევრ კანონს, ვიშორებთ ოლიგარქების გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე და ვაუმჯობესებთ სასამართლო სისტემას. ყველა ევროპელი დიპლომატი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს. რაც კეთდება სხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში, ჩვენ ვახორციელებთ ერთ თვეში, რაც კეთდება თვეებში, ჩვენთან სრულდება დღეებში. სხვანაირად ვერ ვიქნებით.

როდესაც ასიათასობით ადამიანი იარაღით იცავს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიისგან,ზურგში ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქვეყნო საქმე და მოვამზადოთ ნათელი მომავალი ჩვენი ხალხისთვის. საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – წერს დავით არახამია.

“გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას”- ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყალბი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, ამ საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

ანჯაფარიძის თქმით, ბოლო დროს შექმნილი პარტიების მაგალითებით აშკარაა, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ექსპერტი ასევე არ გამორციხავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ოპოზიციის მიერ „რუსულ გეგმად“ მოინათლება.

„ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი შეამჩნევს, განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ პარტიების მაგალითზე. მათი უმეტესობა ნაცმოძრაობის მიერ დაყრილი შვილი-პარტიებია.
თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით “რუსულ გეგმად” მოინათლოს გამომდინარე შედეგებით.
ამის მიუხედავად, მომხრე ვარ რომ ამ საკითხს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. იმედია ხვდებით რატომაც.
გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.“ – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

“სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!” – გია აბაშიძე

პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან – ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.

როგორც ანალიტიკოსი წერს, არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში.

„არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და მეტადრე საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. თანაც ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელევიზიო აღიარებაცაა (პოლიტტექნოლოგია ისე ესმის, როგორც ხაბეიშვილს ინგლისური), რომ ის ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობოების სპონსორია.
პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან.
გასაგებია, რომ რადიკალების დე ფაქტო ლიდერი, ყველაფერში ჩამრევი ელჩი დეგნანი “შეშფოთდება და აღშფოთდება”, თუმცა მან კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოს – სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

“დიდი ბრიტანეთი დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს”-The Times

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ამის შესახებ მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული და მას სამართლებრივი საფუძვლის ორთვიანი ძებნა უძღოდა წინ.

ამასთანავე, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში „ვაგნერის“ შეყვანის შემდეგ დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.

მანამდე საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროკავშირს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.

“ახალგაზრდები იღუპებიან და მეტადონის პროგრამის გარდა, სახელმწიფოს არ აქვს ანტინარკოტიკული გეგმები”

ქვეყანა მოსაწევის სუნით ყარს და უმეტესად კლუბური ნარკოტიკებითა და კოკაინით გაბრუებული ხალხით გაივსო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

მისი თქმით, ახალგაზრდები იღუპებიან და მეტადონის პროგრამის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, ხარვეზებიანია, სახელმწიფოს არ აქვს ანტინარკოტიკული გეგმები.

“უკვე კარგ ტონად ითვლება ნარკოტიკის მოხმარება. ამ დროს კი, ეს ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.

ახალგაზრდები იღუპებიან და მეტადონის პროგრამის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, ხარვეზებიანია, სახელმწიფოს არ აქვს ანტინარკოტიკული გეგმები.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნარკოტიკებიც ადვილად და იაფად იშოვება. ამდენი გაბრუებული ადამიანის არსებობას, განსაკუთრებით კლუბებში, სხვა ახსნა არ აქვს.

ჩვენს თვალწინ იღუპებიან ახალგაზრდები, უმეტესად 20-27 წლის გოგო-ბიჭები. ისინი ამას ვერ ხვდებიან, რადგან უმრავლესობის მშობლები ემიგრაციაში არიან და უყურადღებოდ დარჩნენ. აღზრდის საკითხებში სკოლებიც ვერ არიან სათანადო დონეზე.

შესაძლოა, მშობლების გამოგზავნილ ფულს უმეტესობა სწორედ ნარკოტიკში ხარჯავს.

ამას ემატება ნარკომანიაში ადამიანების ჩათრევა ფულის მიზიდვის მიზნით. როცა ჩათრეული ღარიბდება, ახლა ის ითრევს სხვას.

ამ სქემას ბევრმა ვერ გაუძლო.

ერი ნადგურდება, შვილები გეღუპებათ.

დროა, სახელმწიფომ მკვეთრი ანტონარკოტიკული პროგრამები შექმნას, ჯანსაღი ცხოვრების წესი წაახალისოს და ადამიანები გადაარჩინოს,”– წერს გოგა ჩანადირი.

საქართველოს პოპულარიზაციისათვის ახალი ტურისტული პორტალი შეიქმნა

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ დარგის კონსულტანტების ჩართულობით 3200-მდე სტატია მომზადდა და აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პორტალზე ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია გაფილტროს რეგიონები, ადგილები. ინტერესის მიხედვით შეარჩიოს და სურვილების კალათაში შეინახოს სასურველი ლოკაცია, გაეცნოს ინფორმაციას, დაათვალიეროს ფოტოები, რაც აისახება პირად რუკაზე და ვიზიტორს საშუალება ექნება დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში.

ახალ პორტალზე განთავსებულია ლაშქრობების, საფეხმავლო ტურების გეგმები, რაც შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მიმართულების განვითარების და სათავგადასავლო მიმართულებით დაინტერესებულ ვიზიტორს საშუალება აქვს ინფორმაცია მიიღოს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის შესახებ.

ვებგვერდზე მოეწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზა. ვიზიტორს შეუძლია აირჩიოს სასურველი მარშრუტი და დაგეგმოს მოგზაურობა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და სხვა ტრანსპორტით.

ახალი ტურისტულ პორტალზე ატვირთულია ტურისტულად საინტერესო ღონისძიებების კალენდარი საქართველოს მასშტაბით. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან.

ვებგვერდი სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალისთვის შემუშავდა პოზიციონირების სტრატეგია, როგორც საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ნაწილში, ასევე ციფრული რეკლამირების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პორტალის სწორ პოზიციონირებას და მიზნობრივი ვიზიტორების მოზიდვას განაპირობებს.

ვებგვერდზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობს საერთაშორისო პლატფორმებთან: Booking, Tripadisor, Wikiloc და სხვ.

საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.
მთავარი ტურისტული პორტალი georgia.travel შემუშავდა პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებიც არიან: მკტ მენტორი, კლიპარტი, არტმედია და სხვა.

“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად” – ბექა ლილუაშვილი

„ოცნების” მიერ ცესკო-სთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“საქართველოსთვის” წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ.

„ეს ნიშნავს, რომ “ოცნებას” გაყალბების გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია. არაფორმალური ძალაუფლების და გავლენების შესანარჩუნებლად, გადაწყვეტილი აქვთ, მოქალაქეებს წაართვან არჩევანის უფლება და მოჰპარონ ევროპული მომავალი.

„ოცნების” მიერ, სრულად კონტროლირებადი, სანქცირებული სასამართლო და ცესკო, ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური შტურმი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი კამპანია ქმნის არჩევნების დაცვის კრიტიკულ საჭიროებას, და ამაში ყველამ საკუთარი როლი უნდა შევასრულოთ, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები – ერთადერთი დემოკრატიული, ვიმეორებ ერთადერთი დემოკრატიული გზაა, გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები, წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მოტივს, დაუშვებელია, არჩევნების ბედი წყდებოდეს – ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად.

ასევე მივმართავთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას, ყველა ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ.

პარტია “საქართველოსთვის” უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს ყველა ზემოაღნიშნულ აქტორს. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას და გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

“კენჭი რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა” – ლევან ხაბეიშვილი

ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. კენჭი რომ ააგდო, „ქოლცენტრს“ დაეცემა – თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.

„ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. რუსულ ოცნებას ამის ეშინია და ამბობენ, რომ ამის გამოძიება არ უნდათ. საზოგადოება კარგად ხედავს, ვისაც უნდა გამოძიება ეს ოპოზიციაა, ვისაც არ უნდა არის რუსული ოცნება. ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. და თუ ასეთი არსებობს, დააკავონ კონკრეტული დამნაშავეები. რომ ჩამოდგებიან, მგონია, რომ კიდევ 2011 წელში არიან, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, დადგებიან და მარტო ლაი-ლაი და ბლა-ბლა-ბლა გაუდით. უკაცრავად, წლებია ვსაუბრობ, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაულია ყველა კუთხეში. კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას და მათ მფარველებს: მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას”, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

უკრაინელებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს

რუსეთ – უკრაინის ომის 441-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ტოლმაჩევოს თავზე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა „ტელეგრამ“ არხზე დააწერა.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა გაზსადენი და საცხოვრებელი სახლის ფასადი დაზიანდა.

შეგახსენებთ, რუსული მხარე უკრაინულ ძალებს კურსკისა და რუსეთის სხვა, უკრაინის მოსაზღვრე ოლქებზე დრონებით თავდასხმაში რეგულარულად ადანაშაულებს. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ არცერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთი კვლავ ბლოკავს უკრაინის პორტებში გემების მარცვლეულით დატვირთვის პროცესს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიკვებოს ხალხი, ვისაც ეს სჭირდება.

ელჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, რუსეთი ადამიანების შიმშილს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად იყენებს.

„მსოფლიოს არ უნდა სჭირდებოდეს, მოსკოვს ყოველ რამდენიმე კვირაში შეახსენოს, რომ შეწყვიტოს ადამიანების შიმშილის უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად გამოყენება,”– აცხადებს ბლინკენი.

ცნობისათვის, გუშინ გაერო-მ განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში გემების ინსპექტირება ორი დღეა შეჩერებულია.

“უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს,” -ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

”შემიძლია დავადასტურო, რომ მათ „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, – აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან.

დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023″-ის ფარგლებში, 13 მაისიდან მასპინძლობს ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის (1952- 2019) ფოტოგამოფენას „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“.

გამოფენაზე „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები”  წარმოდგენილი ფოტოები ასახავს  ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში.  დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნებაა.

დავით სულაქველიძე დაიბადა თბილისში, 1952 წელს. ფოტოგრაფი განსხვავებული სფეროში ერთდროულად მუშაობდა, მეგობრობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან – მეცნიერება, კინო, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, როკმუსიკა, სპორტი…  და ისე გამოვიდა, რომ  70-80-იანი წლების თბილისის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს სიღრმისეულად, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ისე ასახავდა. მისი  ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში.

დავით სულაქველიძემ  1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.  იგი იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის „თვალსაზრისი“  აქტიური წევრი მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით. 1970 იანი წლებიდან  გატაცებული იყო როკით, თავისუფლებასთან ასოცირებული, საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკით. უკრავდა არაოფიციალურ კონცერტებზე ვალერი კოჩაროვთან, დათო ფოფხაძესთნ და სხვა მუსიკოსებთან  ერთად. ასევე, ადრეული პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა  კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის  ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთ-ერთ პირველ კერძო სტამბაში Calamus graphics studio დაიწყო მუშაობა.

დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის სფეროები, ინტერესები, მის ფოტო-არქივს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების უშუალო მონაწილეს შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები.

გამოფენის კურატორები არიან გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე, ნიკა დუმბაძე

გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი – 20 ივნისი, 2023
გახსნა: 13 მაისი, 17:00 საათი.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-20:00 საათი.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

R

ორსულების სამსახურში ფიქტიურად გააფორმების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში ორსულ ქალებთან შევიდა და გააფორმა ფიქტიურად მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში ისინი, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩვენებს მაგარ საინფორმაციო ტერორში ჰყავთ ურდოსტანი” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ფრიად სასიამოვნო საცქერი იყო წუხანდელი აღლუმი წითელ მოედანზე. უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა რომან სვიტანმა ზუსტად შენიშნა, ეს რაც ვნახავ, უკან მომავალში იყოო, ანუ ეს იქნება რუსეთის მომავალი შემდგომი ათწლეულების მანძილზეო. სავსებით რეალისტურია, ვგონებ!

2 ძალიან მაგარი ამბავი თუხთუხებს უკვე სერიოზულად:

1) ვენაცვალე ნიდერლანდებს და მის პრემიერ რუტეს, ღიად თქვა კაცმა, ვმუშაობთ ბრიტანელებთან, დანიელებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან და რა თქმა უნდა აშშ-თან უკრაინელებისთვის ფ-16 ების გადაცემაზეო! გეუბნებოდით, მოფრინდებიან თქო! გადაწყვეტილი ამბავია ეგ! აგერ მე და აგერ მანფრედ კალცის გერმანია.

2) ანონიმურ ბრიტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ვაშინგტონ პოსტი აცხადებს, რომ მალე გადაწყდება უკრაინისთვის 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების “შტორმ შედოუს” გადაცემის საკითხი. ვინაიდან აშშ უარს ამბობს. (ჰა ჰა ჰა), ბრიტანეთმა გადაწყვიტა უკრაინის დახმარების ფონდის მეშვეობით მოგვაწოდოს ეგ რაკეტებიო. ეგ ამბავიც ჩაიხურა ბოლო ბოლო! უ ტაჰ ტაჰ ტააა! ანუ ფრანციცულად, ო ლა ლააა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანიც ჰამბობს, უკრაინას ყველაფერი აქვს წარმატებული კონტრიერიშის განსახორციელებლადო. მე ასე მესმის, ეს ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჰადაჰა უკრაინაში იქნება ან ნაწილი უკვე ადგილზეა;

არ დავუკარგოთ და გუშინ გავრცელდა ვიდეო, რუმინული 122მ-იანი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებიც ადგილზეა უკვე; ევროკავშირმაც ჭურვები იქნება უწყვეტად და ულევად თქვენ გენაცვალეთო!

გუშინ ევროპის დღეზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა სტრასბურგში ევროპული პარლამენტის წინაშე და თქვა ევროპის მომავალი ჩვენს ხელშია, უნდა გავფართოვდეთ და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შიგნით უნდა იყვნენო! ძალს ისინი არიან და ძალს ოცნება. ჩემი წრფელი რჩევა ოცნებას: მოდუნდით და მაქსიმალურად ისიამოვნეთ! თავს დავდებ, რომ თქვენი სქესის შეცვლაზე ფიქრისთვის არავის ცხელა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტი სხვაგან სად უნდა ყოფილიყო ევროპის დღეზე, თუ არა… კიევში! პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად აღნიშნეს ეს დღე ევროპელებმა, ხოლო ბრიუსელში ევროპული კავშირის შტაბ-ბინის წინ წევრი-ქვეყნების დროშების გვერდით უკრაინის დროშაც ფრიალებდა! საქართველოსიც იფრიალებს!

განა პერსონალურად ვინმეს ვაკნინებ, მაგრამ 2 განსხვავებული სურათი დაიდო გუშინ კიევში და მოსკოვში. ძალით ჩაყვანილი რამდენიმე ქვეყნის ლიდერი მოსკოვში, ღამის ქოთანზე მჯდომი და მერე გაქცეული ლუკაშათი და აქეთ ევროპული დღესასწაული კიევში! ძალიან მარტივი განსაჭვრეტი იყო, რა როგორ იქნება მალე!

ადრეც გითხარით, ჩვენებს მაგარ საინფორმაციო ტერორში ჰყავთ ურდოსტანი; სადმე ოკუპირებულ სოფელთან დაინახავენ კოლაბორანტები ახლო-მახლოში დიდი კოლონის გამოჩენას და ატყდება კივილ-წივილიიი, დაიწყოო, დაიწყოოოო, მოდიან, მოდიან!

სინამდვილეში, მოსულები არიან უკვე. კონტრიერიშის პირველი ეტაპი მართლაც დაწყებულია. სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები ზონდავენ ურდოსების პოზიციებს და ალაგ-ალაგ კარგ ნახტომებსაც აკეთებენ. ასე მაგალითად, ზაპოროჟიეში გუშინ მოკლეზე, მაგრამ მშვენივრად წაიწიეს წინ ჩვენებმა; მთელი ზაპოროჟიეს ფრონტის გაყოლებაზე ურდოს გამზადებული აქვს თავდაცვითი ზღუდეები, ზოგან 4, ზოგან 8, მაგრამ თან უკან მოუხედავად გარბიან ყირიმისკენ. დედის გული გრძნობს, დიდი შლიგინით მიადგებიან ჩვენები მელიტოპოლს და მარიუპოლს;

გუშინ არც ავდეევკაში და არც მარიინკაში სანტიმტრითაც კი არ წაუწევიათ წინ. განა არტ დაბომბვები არ იყო, თანაც როგორი, მარა ხო ნახეთ წითელ მოედანზე, მითიური არმია აღარალიიი.

ასე იყო კრემინა-სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებაზეც!

ბახმუტი დესერტად შემოვინახე. აღლუმის პარალელურად გულამოსკვნილად მოთქვამდა და გაჰკიოდა კუხარკა პრიგოჟინი – ჯერ საათზე იყურებოდა, მერე გერასიმეს და შოიგუ საირმეს აგინებდა, ბოლოს კიდევ პუტლერიეს ლანძღვაზეც გადავიდა, ისე არ მოხდეს, მე მართალი გამოვდგე და ეგ კეთილი პაპა დიდი გამო..ჩერჩეტებულიო (სინამდვილაში უფრო მძიმედ თქვა, მაგრამ აღზრდა აღზრდაა).

ჰოდა ბოლოს დადგა და სულ ნუმბერებით ჩამოთვალა ურდოს რეგულარული ნაწილები, 72-ე ბრიგადამ აიღო და ფლანგებიდან გაქუსლაო, ჰამაც 3 კილომეტრზეო.

აზოვის მეთაურმა ბილიცკიმ ღამე დაადასტურა, კარქა მოვასუფთავეთ სამხრეთ ფლანგიო.
კიდე გაზპრომის კერძო კომპანიაც ჩაუშვა, “ფაკელის” ნაწილები პოზიციებიდან მოიხსნენ და ასე თუ გაგრძელდა, უკრები ჯერ მამა-რასტოვში მერე კი დედა მასკოვში შემოვლენო! ასეც იქნება!

ბოლო და წავედი: დრონებს ხო გადაურჩა გუშინ ურდოსტანი, მარა რუს პარტიზანებს ვერ გადაურჩა – თან სად – ნოვოსიბირსკში სუ-24. წოუკიდენ ცეცხლი და ააფეთქენ!

არ ვიცი ვის გიყვართ პოპკორნი, მარა გულოს მზესუმზირაც შეგიძლიათ მოიმარაგოთ, ურდოსტანში ამბები იქნება, გიყვარდეს!

უკრაინა 2023-ში გაიმარჯვებს გლიჯინ გლიჯინით! საქართველომაც უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია კი ჩამოინგრევა დიდი გრუხუნით!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.