უკრაინელებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს

125
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 441-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ტოლმაჩევოს თავზე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა „ტელეგრამ“ არხზე დააწერა.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა გაზსადენი და საცხოვრებელი სახლის ფასადი დაზიანდა.

შეგახსენებთ, რუსული მხარე უკრაინულ ძალებს კურსკისა და რუსეთის სხვა, უკრაინის მოსაზღვრე ოლქებზე დრონებით თავდასხმაში რეგულარულად ადანაშაულებს. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ არცერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთი კვლავ ბლოკავს უკრაინის პორტებში გემების მარცვლეულით დატვირთვის პროცესს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიკვებოს ხალხი, ვისაც ეს სჭირდება.

ელჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, რუსეთი ადამიანების შიმშილს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად იყენებს.

„მსოფლიოს არ უნდა სჭირდებოდეს, მოსკოვს ყოველ რამდენიმე კვირაში შეახსენოს, რომ შეწყვიტოს ადამიანების შიმშილის უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად გამოყენება,”– აცხადებს ბლინკენი.

ცნობისათვის, გუშინ გაერო-მ განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში გემების ინსპექტირება ორი დღეა შეჩერებულია.

“უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს,” -ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

”შემიძლია დავადასტურო, რომ მათ „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, – აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან.