“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად” – ბექა ლილუაშვილი

116
spot_img

„ოცნების” მიერ ცესკო-სთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“საქართველოსთვის” წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ.

„ეს ნიშნავს, რომ “ოცნებას” გაყალბების გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია. არაფორმალური ძალაუფლების და გავლენების შესანარჩუნებლად, გადაწყვეტილი აქვთ, მოქალაქეებს წაართვან არჩევანის უფლება და მოჰპარონ ევროპული მომავალი.

„ოცნების” მიერ, სრულად კონტროლირებადი, სანქცირებული სასამართლო და ცესკო, ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური შტურმი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი კამპანია ქმნის არჩევნების დაცვის კრიტიკულ საჭიროებას, და ამაში ყველამ საკუთარი როლი უნდა შევასრულოთ, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები – ერთადერთი დემოკრატიული, ვიმეორებ ერთადერთი დემოკრატიული გზაა, გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები, წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მოტივს, დაუშვებელია, არჩევნების ბედი წყდებოდეს – ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად.

ასევე მივმართავთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას, ყველა ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ.

პარტია “საქართველოსთვის” უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს ყველა ზემოაღნიშნულ აქტორს. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას და გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.