ეს გაუგებრობა გამოიწვია თავად ევროკომისიამ. ეს უნდა აღიარონ, უპირველეს ყოვლისა. როდესაც ვკითხულობდით, რა არის ნაგულისხმები ჩანაწერში დეოლიგარქიზაციის შესახებ, ვერავინ ვერაფერს ამბობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება საქართველოს სთხოვდნენ კანონის არ მიღებას და უკრაინას იმავე კანონის იმპლემენტაციას.
მისი თქმით, ამ რეკომენდაციის ირგვლივ გარკვეული ბუნდოვანება წარმოიშვა.
„ამან გააჩინა ბუნდოვანება. ამ ბუნდოვანებას შემდეგ მოჰყვა ევროპარლამენტის რეზოლუციები, სხვადასხვა ევროპარლამენტარის განცხადებები. შემდეგ, ევროკომისიის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ განცხადებებზე. ფაქტობრივად, აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც დეოლიგარქიზაცია, როგორც რეკომენდაცია ჩაიწერა და ევროკომისია არაფერს განმარტავდა და, მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები ხან ბიძინა ივანიშვილზე ამბობდნენ, რომ ის უნდა იყოს ამის ობიექტი და ხან რას. ამიტომ, ასე, ქვეყნის მიმართ მოპყრობა, არ შეიძლება.
ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არასერიოზულია. კეთილი ინებოს, მათ შორის, ევროკომისიამ ან ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში, გაემიჯნონ ამ განცხადებებს და პერსონალურ მიდგომებს. მაგრამ ასე სიტყვებით თამაში, რომ თან არც უნდათ ევროპარლამენტარზე რაღაც ძვირი სიტყვა თქვან და თითქოს სისტემურ მიდგომას უჭერენ მხარს, ასე არ გამოვა. მეორე საკითხი, თუ რატომ მოვუწოდებ სერიოზულ მიდგომებს ევროკომისიას, მათ შორის, როდესაც კანდიდატის სტატუსი მონიჭების საკითხი იდგა, ყველას გვახსოვს, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინა შეაქო ამ კანონისთვის და მოუწოდა მისი იმპლემენტაციისკენ და ეს კანონი არ არის, რომელიც მეორე მოსმენით მივიღეთ გუშინ? ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ კეთილსინდისიერ და სამართლიან მიდგომას საქართველოს მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება იყო უსამართლო გადაწყვეტილება და უსამართლობა არის აქაც. როგორ გამოდის, რომ თუკი უკრაინას ეუბნებიან, რომ კანონი სწორია და მიიღე, სხვათაშორის უკრაინასთან დაკავშირებით იგივე ნეგატიური დასკვნა დაიდო, რაც ბუნებრივია, რადგან ერთი და იგივე კანონი არის და ვნახოთ, უკრაინა გააუქმებს თუ არა ამ კანონს და ევროკავშირი მოსთხოვს თუ არა ამ კანონის გაუქმებას. ჩვენ თუ გვეუბნებიან, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, მაშინ ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა უთხრან გააუქმოს ეს კანონი.
ჩვენ ყველასგან – ოპოზიციისგან, ევროკავშირისგან, ვითხოვთ სერიოზულ, კეთილსინდისიერ და სამართლიან მიდგომას საქართველოს მიმართ.
არ შეიძლება ასე ქვეყანა ათამაშო – ხან უთხრა დეოლიგარქიზაცია, თქვა, რომ უკრაინული კანონი კარგია, საქართველო მიჰყვეს ამ მაგალითს. მერე თქვა, რომ შეიძლება სხვა მიმართულება ჯობს. ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ .