„დავით გარეჯის საქმეზე“ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ

166
spot_img

„დავით გარეჯის საქმეზე“ სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება – დღეს სახელმწიფო ბრალდება მოწმეებს დაკითხავს. კერძოდ, სასამართლოს მისცემს ჩვენებას თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფი თედო გოგუაძე. სახელმწიფო ბრალმდებელის მიხეილ სადრაძის განცხადებით, თედო გოგუაძე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს და ბრალდებას გაამყარებს.

თედო გოგუაძე 2014-2015 წლებში მუშაობდა კრიზისების მართვის საბჭოში, მაშინ როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილებოდა. სადრაძის განცხადებით, გოგუაძე დაადასტურებს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ და მალავდნენ მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ მასალებს.

ერთ-ერთი ბრალდებული ივერი მელაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

„რა ბრალეულობაც არის წარმოდგენილი, თავიდან ბოლომდე არის აბსოლუტურად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას. ამის არგუმენტებიც გვაქვს, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა“, – აცხადებს ივერი მელაშვილი.

„დავით გარეჯის საქმეზე“ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.