“ამ ყურისწამღებ ყაყანს, ღრიალსა თუ ხმაურს თუნდაც ამ ყბადაღებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე, საზრისი მართლაც არა აქვს”

148
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დავით ზარდიაშვილი

მსოფლიოში ყველაზე დიდი გლობუსი, რომელიც 1998 წელს კარტოგრაფიულმა კომპანია DeLorme-მ შექმნა, დედამიწის მილიონჯერ დაპატარავებულ სამგანზომილებიან ფიზიკურ მოდელს წარმოადგენს. მასზე სახელმწიფოთა საზღვრებიცაა დატანილი, თუმცა ეს გლობუსი „დაუსახლებელია“; რომ „დაესახლებინათ“, დაუშვათ, იგივე პროპორციით, ე.ი. მილიონჯერ შეემცირებინათ მოსახლეობის რაოდენობა, მაშინ სულ ამ 12, 6 მ დიამეტრის სფეროზე 8 000 სული (თუკი ასევე მილიონჯერ დაპატარავებული, ლამის ვირუსის კოლონიის თანაზომადი) იქნებოდა, აქედან 1 400 ჩინელი, 1 300 ინდოელი, 500 ევროპელი, 360 ამერიკელი, 140 რუსი, 42 უკრაინელი და ა.შ. მათ შორის, სულ რაღაც 3 ანდა, ჰა და ჰა, 4 ქართველი.

წარმოიდგინეთ ეს მოდელი და უმალ გაიაზრებთ, რომ ამ ყურისწამღებ ყაყანს, ღრიალსა თუ ხმაურს თუნდაც ამ ყბადაღებულ, ჩემი აზრით, სრულიად უაზრო დეოლიგარქიზაციის კანონზე, საზრისი მართლაც არა აქვს. მით უმეტეს, ძალიან სასაცილოა ე.წ. “პოლარიზაციის” თემა. თუ არადა აგერ, ჯიჯის ჰკითხეთ, ალფაიძეს, რომელიც კი მოკვდა, ანდა ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც გაცოცხლდა და მოდის, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ოთხმა კაცმა თავისი “ოლიგარქით” ან მის გარეშე, “პოლარიზებულმა” თუ “დეპოლარიზებულმა” ამ გამაოგნებლად არეულ-დარეულ ვითარებაზე, რაც ძალიან ახლოსაა გასაოცარი მასშტაბის პლანეტარულ საგიჟეთთან?

წარმოიდგინეთ ეს თითქმის უკვე შეშლილი კაცობრიობა, როგორც მიზერული, სულ რაღაც 8 000-იან ვირსუთა მიკრო-კოლონია, რომელიც მთელს ამ გლობუსს აფეთქებით და ბირთვულ ხანძარში დაფერფვლით ემუქრება და მიხვდებით, სიგიჟის განსაცვიფრებელ მასშტაბს, რაც მართლაც კოსმოსურია ამ ერთი ციდა პლანეტაზე…მართლა ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირელი რომ არ იყოს… სანუგეშოც არაფერია, გარდა ამ გენიალური სიტყვებისა: “…მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან განაწირსა…”