Home Blog Page 1975

“ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ის ამბობს, ყველა იმ სასამართლო პროცესს დაესწრება, სადაც მისვლას ფიზიკურად შეძლებს.

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.

უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ.

ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს სააკაშვილი.

“მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ ურთიერთობებზე”

მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩართულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა ამ პროცესში და ის კონკრეტული შედეგები, რომლებიც მისმა ძალისხმევამ მოიტანა ჩვენი ორი სამხრეთელი მეზობლის დაახლოებასა და, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა.

პრემიერის თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, კერძოდ, – ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ტაბიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.

“საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს”

„საქართველოს ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის როლი. საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა, კონფერენცია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის და USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელი გამოსვლებით გაიხსნა. ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციები მიმოიხილა და მათი გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება – განახლებადი ენერგიის წყაროებში ჩვენ რა საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს, როგორია მათი გამოყენების გზები და ფორმები. საქართველოს არამარტო შიდა წყაროებიდან – ჰიდრო ელექტროენერგიის, ქარის, მზის, ბიომასის და სხვადასხვა წყაროებიდან გენერაციის შესაძლებლობა გააჩნია, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული, ინოვაციური ენერგეტიკის მიმართულების საშუალებებიც. ამასთან, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ საქართველო გახდეს ეგრეთ წოდებული ენერგო მაკუმულირებელი ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ჰიდროენერგია სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენ კი შეიძლება ვიყოთ სავაჭრო პლატფორმა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და სისტემების დანერგვა სჭირდება, რაზეც სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მხარდამჭერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, რომლებიც საქართველოს ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, სახელმწიფო მზად არის, იყოს ინვესტორი, პარტნიორი საერთაშორისო, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად, რათა ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ენერგო პროექტები განვითარდეს და გამოჩნდეს სახელმწიფოს მკაფიო მხარდაჭერა ამ სექტორის მიმართ.

ლევან დავითაშვილმა ენერგოსექტორის რეფორმირების და ამ კუთხით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში ასევე ისაუბრა პირველი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნის საკითხზე, რაც გულისხმობს ვაჭრობას ღია ბაზარზე კონკურენტული პირობებით. ამასთან, მისი თქმით, შემუშავებულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა: სიმძლავრის აუქციონი და ფასთა სხვაობის ხელშეკრულება. მინისტრის ინფორმაციით, პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.

„აუქციონის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ მაღალია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან და ჩვენს მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის სქემა მათთვის მისაღები და საინტერესოა. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

“იმედი მაქვს, დასავლეთში იქნება კანდიდატის სტატუსისთვის პოლიტიკური მზაობა”- ჰერმან საბო

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, იმედი აქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, მზაობა იქნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

მისი თქმით, ამით შეიძლება, ჰქონდეთ შეცდომის გამოსწორების მცდელობა, რაც 2008 წელს საქართველოს მიმართ დაუშვეს.

„დიდი იმედი მაქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, რაც გვაფერხებს ევროკავშირთან მოძრაობაში, რაღაცნაირი პოლიტიკური მზაობა იქნება დასავლეთში, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ისინი ხვდებიან, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს და სტატუსის მოცემით ამის გამოსწორების მცდელობა შეიძლება, ჰქონდეთ. გამოკითხვა ცალსახად აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს ევროპა უნდა და ამის ფონზე, იმედია, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა ეს იქნება ბევრი დათქმით და შეპირებით. ბევრი რეფორმა გვექნება გასატარებელი“, – განუცხადა საბომ საქართველოს პირველ არხს.

“დონალდ ტრამპი დოკუმენტებთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება” – რას წერს უცხოური პესა

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „როცა დანაშაულის დაფარვა იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული“: დონალდ ტრამპი დოკუმენტებთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება“ (ავტორი – ჯეკ ქუინი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდების იურიდიული და პრაქტიკული მხარე – დააპატიმრებენ თუ არა დონალდ ტრამპს და გაგზავნიან თუ არა საპყრობილეში?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე დონალდ ტრამპს თავის დაცვა ძალიან გაუჭირდება. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ბრალდების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ცდილობდა. ექსპერტების აზრით, ახლანდელი მოცემულობით, არც ფაქტები და არც კანონი მის მხარეს არ ჩანს.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 13 ივნისს გამართულ სასამართლოზე, სადაც მას ფედერალური ბრალი წაუყენეს, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. პრეზიდენტობის შემდეგ სახელმწიფო საიდუმლოთა შემცველი 300-ზე მეტი დოკუმენტის შინ უკანონოდ წაღების საქმეში, მისდამი წაყენებულ 37 ბრალდებას შორის დასახელებულია: სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და ჯაშუშობის აქტის დარღვევა.

ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის მამხილებელი მტკიცებულებები ძალზე ბევრია, იქნება ეს დოკუმენტები, ფოტოები, სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები, აუდიოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები. ეს საკმარისზე მეტია იმის დასამტკიცებლად, რომ მან დოკუმენტები შინ არალეგალურად წაიღო. თუმცა, მათი აზრით, შემდეგ ამ დოკუმენტების გადამალვის მცდელობა და სამართალდამცავებთან გაკეთებული ცრუ განცხადებები ბრალდებას გაცილებით უფრო ამძიმებს.

„დეტალები საკმაოდ შოკისმომგვრელია იმ უგულისყურობის გათვალისწინებით, რომლითაც ეს დოკუმენტები იყო შენახული, და გამოძიების ფედერალური ბიუროსგან მათი გადამალვის გამიზნული მცდელობის ფონზე” – ამბობს ელისაბედ გოიტეინი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებული იურისტი, ბრენანის სამართლის ცენტრიდან.

ტრამპის ადვოკატებს სასამართლოს შემდეგ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამ სასამართლო ბრალდებასთან დაკავშირებითაც კვლავ “კუდიანებზე ნადირობაზე” საუბრობს, რომელსაც მისი პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ მიმართავენ.

“დანაშაული არ იყო, იმის გარდა, რასაც იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ჩემს წინააღმდეგ უკვე წლებია აკეთებს” – დაწერა დღეს, 14 ივნისს, საკუთარ სოციალურ ქსელზე “თრუს სოუშალ” ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.

ფედერალური კანონმდებლობით, სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის, რომ ბრალდების მიხედვით, ტრამპი დოკუმენტების დაბრუნებაზე თვეების მანძილზე უარს ამბობდა, ცრუობდა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ამის გაკეთებას აიძულებდა თავის ადვოკატებსაც, “სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის ამაზე გამოკვეთილ ნიმუშს ვერც კი წარმოიდგენ” – ამბობს კლარკ ნეილი, კატონის ინსტიტუტის ექსპერტი იურისპრუდენციის საკითხებში.

“ეს ის შემთხვევაა, როცა [დანაშაულის] დაფარვა იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული… ეს რომ უბრალოდ მისი მხრიდან დაუდევრად შენახვა ყოფილიყო, ბრალდებას არ წაუყენებდნენ”, – აღნიშნავს ელისაბედ გოიტეინი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებული იურისტი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შეთქმულების ელემენტს კიდევ უფრო განამტკიცებს ის თანმიმდევრულობა, რომლითაც ტრამპი დოკუმენტების შენახვის თაობაზე ცრუობდა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან დოკუმენტებს შინ წაღებამდე საიდუმლო კლასიფიკაციები მოუხსნა. თუმცა, კანონმდებლობის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას დამოუკიდებლად ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.
იურისტების აზრით, ეს არც კი ამართლებს ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლოს შემცველი დოკუმენტების შენახვას. მათ კანონი იმის მიუხედავად იცავს, საიდუმლო კლასიფიკაცა აქვს თუ არა. “მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ დოკუმენტებს კლასიფიკაცია მოხსნილი ჰქონდა. ჯაშუშობის აქტისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ტოდ ჰანტლი, იურისპრუდენციის პროფესორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ტრამპის ადვოკატების განახლებულ გუნდს შეუძლია თითოეული მოწმის ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ადვოკატებს შეუძლიათ დააბრალონ დანაშაული სხვებს და თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ ადვოკატთა რჩევებს მიჰყვებოდა და კანონის დარღვევა მიზნად არ ჰქონია.

ამას გარდა, დაცვის გუნდს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სასამართლო პროცესის გაჭიანურებაც შეუძლია. ექსპერტები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, საკუთარი თავის შეწყალება.

წყარო

“აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა სრული ბლოკადით დაიწყო” – ნიკოლ ფაშინიანი

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა სრული ბლოკადით დაიწყო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ლაჩინის დერეფანში 15 ივნისიდან გზა დაიხურა და მთიანი ყარაბაღისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტების მიწოდებაც კი შეჩერებულია.

„მთიან ყარაბაღს გარე სამყაროდან საკვები ვერ მიეწოდება. ასევე, აკრძალულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების გადაადგილება. ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს შიშს, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას მთიან ყარაბაღში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს უკვე აღარ არის შიში, არამედ უკვე მოქმედებების დაწყებაა. რა არის ეს, თუ არა ეთნიკური წმენდა? მთიანი ყარაბაღის სომხებს შეუწყდათ საკვების მიწოდება, გაზი, ელექტროენერგია. სროლის სამიზნე არიან ფერმერები, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. გადაადგილების შესაძლებლობა იბლოკება კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებისთვისაც კი. ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის დიალოგი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში ძალზე მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

“საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან”

საქართველოში გატარებული რეფორმები და ქვეყნის განვითარების დონე ობიექტური საზომებით თუ გაიზომება, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ობიექტური შეფასებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„მეტიც, საქართველო წინ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ამიტომ, ქვეყანა ობიექტური საზომით თუ შეფასდება, ის დიდი ხნის წინ, შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიცემას, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ არსებობს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები, მოსაზრებები ამა თუ იმ პოლიტიკური ვითარების გარშემო, მაშინ მოლოდინებზე სიფრთხილე შენარჩუნებული გვაქვს. დასავლეთში პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ექნებათ, ყველა საზომით და ყველა კრიტერიუმით, საქართველო არის  ქვეყანა, რომელიც სტატუსის მინიჭებას იმსახურებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება“ – რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „იქნება ძალიან მძიმე ბრძოლები“: რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა გრძელდება და როგორც კიევი იტყობინება, 14-15 ივნისის ბრძოლების შედეგად, ცენტრალურ ფრონტზე (იგულისხმება ზაპოროჟიედან ბერდიანსკის ნავსადგურის მიმართულებით, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრის მიზნით) წინ კიდევ ერთი კილომეტრით წაიწიეს (ანუ ოკუპაციისაგან უკვე 103 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორია გაათავისუფლეს), თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, უკრაინის არმიის შეტევა რუსეთის ჯარების სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ოფისის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა, ეს ბრძოლები მხოლოდ ძალების მოთელვა/ტესტირებას წარმოადგენს, მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენის მიზნით, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, დიდი ხნის დაპირებისა და მოლოდინის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ აქტიური საომარი მოქმედებები დაეწყოთ.

უცხოელი სამხედრო დამკვირვებლები აღნიშნავენ, უკრაინის არმიას სრულფასოვანი კონტრშეტევისათვის ბევრი რამ აკლია, უპირველესად კი შეიარაღება – ავიაცია, შორსმსროლელი ქვემეხები, ტანკები და ა.შ. რადგანაც უკვე თითქმის დახარჯული რეზერვების შევსება დასავლეთიდან ოპერატიულად და სწრაფად ვერ ხდება, უკრაინელებს უწევთ რუსების თავდაცვის ხაზების ნელი „ღრღნა“. ეს პროცესი შეიძლება თვეები გაგრძელდეს.

აშშ-ის ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობის მქონე გენერალმა, არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ კომენტარი გაუკეთა უკრაინის არმიის კონტრშეტევის მიმდინარეობას. მისი თქმით, უკრაინელები ნელ-ნელა წარმატებას აღწევენ, მაგრამ შეტევის ფასი, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი იქნება – ბრძოლები ძალიან მძიმე, დანაკარგები კი დიდი. „ჩვენ ძალიან მძიმე და სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ბრძოლების მოწმენი ვხდებით… მიზნის მიღწევას დრო დაჭირდება, ბრძოლაში ბევრი დაიღუპება“, – განაცხადა მარკ მილიმ. გენერლის შეფასებით, უკრაინის არმია ოფიცრების კარგი მომზადებით გამოირჩევა, ჯარისკაცებს მაღალი მოლარული სულისკვეთება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიის პირად შემადგენლობაზე: „რუსი მეთაურები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ, რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სული დაქვეითებულია და ისინი „ყრუ თავდაცვაში“ არიან. ბევრ მათგანს არცკი ესმის, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ სიტუაციაში“, – ამბობს ამერიკელი გენერალი რუსული არმიის შესახებ.

14 ივნიის გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის – გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტმა ჯეკ უოტლინგმა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით – „უკრაინის არმიის კონტრშეტევა დაიწყო – აჩვენებენ თუ არა ლეოპარდები თავიანთ ძალას?“, რომელშიც მან მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაფასა და შეეცადა კონტრშეტევის განვითარების პროგნოზის გაკეთებას.

როგორც ანალიტიკოსი თვლის, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თითქმის ათდღიანი ბრძოლების შედეგად შეძლეს რუსეთის არმიის თავდაპირველი ხაზის გარღვევა ფრონტის ფართო უბანზე, მაგრამ მთავარი გამაგრებული ხაზიდან ჯერ კიდევ შორს არიან. „კიევს ჯერ არ აქვს გამოყენებული თავისი ძალების ძირითადი ნაწილი. მისი მოწინავე ქვედანაყოფები ცდილობენ, რომ გარღვევისათვის პირობები შექმნან. მიუხედავად იმისა, რომ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი, მთავარისგან განსხვავებით, ძირითადად ხელით გათხრილ სანგრებს და ბლინდაჟებს წარმოადგენს, დანაღმული ველებით, უკრაინელ ჯარისკაცებს მაინც მძიმე ბრძოლები მოუწიათ. მეორე ანუ მთავარი გამაგრებული ხაზი პირველისაგან 15-20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და შედგება სამხედრო ხელოვნებით აგებული ტრანშეებისგან, ბეტონის საცეცხლე წერტილებისგან, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებისაგან, მათი გადალახვა ძალიან რთული იქნება. მეორე ხაზს მესამე მოჰყვება, შემდეგ კი რიგი სარეზერვო პოზიციებია მოწყობილი“, – განმარტავს ექსპერტი.

ჯეკ უოტლინგი წინასწარმეტყველებს, რომ რაც უფრო ღრმად შეაღწევენ უკრაინელები რუსების პოზიციებში, მათთვის ბრძოლები კიდევ უფრო მძიმე იქნება. რუსების არტილერია, უკრაინულისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, რუს არტილერისტებს ჭურვების დიდი მარაგი აქვთ. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ რუსებმა ტერიტორია თითქმის ყველგან დანაღმეს. ასევე ყურადსაღებია რუსული ავიაციის მოქმედების გააქტიურებაც.

ჯეკ უოტლინგის აზრით, ამჟამად უკრაინის არმია სამი მთავარი მიზნის მიღწევას ცდილობს:

პირველი – უკრაინული ქვედანაყოფები ეწევიან ინტენსიურ ბრძოლას რუსეთის არმიის პირველი თავდაცვითი ხაზის სამეთაურო და ლოჯისტიკური ცენტრების, საარტილერიო დანადგარების გასანადგურებლად (იგივეს აკეთებენ რუსებიც);

მეორე – უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსები იძულებული გახადონ რეზერვებით ისარგებლონ, ანუ მესამე თავდაცვითი ხაზის ძალები ფრონტის სხვა უბნებზე გადაისროლონ. შესაბამისად, უკრაინელები იოლად მიხვდებიან, თუ სად გაჩნდა სუსტი წერტილები და სანამ „ცარიელ ადგილებს“ რეზერვი შეავსებს, მანამ კიევი ოპერატიულად იმოქმედებს.

მესამე – უკრაინის არმია წინასწარგანზრახულად უტევს მთელ ფრონტზე, რომ რაც შეიძლება მეტად მოიცვას პირველი თავდაცვითი ხაზის ზონა. ამით ის რუსეთის არმიის სარდლობაში გაურკვევლობას ქმნის – მათ არ ეცოდინებათ, თუ რომელი მიმართულებით მზადდება მთავარი დარტყმა. გარდა ამისა, ფართო ფრონტით შეტევა ხელს უშლის რუსული არმიის კონცენტრაციას და ზღუდავს მის შესაძლებლობას ეშელონირებული თავდაცვის შექმნაში.

როგორც ჯეკ უოტლინგი აღნიშნავს, რაღაც მომენტში კიევმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავარი დარტყმის განხორციელების შესახებ. სწორედ ამ დროს დადგება ოპერაციის გადამწყვეტი ფაზა. „კონტრშეტევით თავდაცვის ხაზები უნდა გაირღვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კრახი ელოდება. ამიტომ კიევმა მთელი ძალისხმევა უნდა უნდა მოახმაროს იმას, რომ გარღვევის ალბათობა მაღალი იყოს“, – წერს ექსპერტი.

იმ შემთხვევაში, თუ გარღვევა მოხდება, მთავარი საკითხი ხდება ის, თუ რა რეზერვებით ისარგებლებს უკრაინა თავისი წარმატების სრულყოფილად გამოყენებისათვის. ამ დროს მოქმედების სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რუსები დაასწრებენ და რეზერვების გადასროლას სწრაფად მოახერხებენ, უკრაინის არმიისათვის ეს წამგებიანი იქნება.

ექსპერტი წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისათვის ეს ზაფხული ძალიან რთული იქნება: დანაკარგები გაიზრდება, მიღწევებს კი დრო ჭირდება. მაგრამ თუ დასავლეთი ინტენსიურად გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა-მომზადებას და იარაღით მომარაგებას, მაშინ წარმატებისთვის მეტი საფუძველი იქმნება.

„რამდენი ტერიტორიაც არ უნდა გათავისუფლდეს კონტრშეტევის დროს, კრიტიკულად მაინც მნიშვნელოვანია კიევმა კრემლს აჩვენოს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, თუნდაც მას რამდენიმე ეტაპი დაჭირდეს“, – ასკვნის ექსპერტი.

წყარო

“ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციის ამ სტადიაზე, აშშ-ის საელჩოს მიერ მოხდა ანტისახელისუფლებო ძალების აქამდე უპრეცედენტო მობილიზაცია”

მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მოყვა კარგად დაგეგმილი საზოგადოებრივი მღელვარების აგორება, რამაც პოლიტიკურ სივრცეშიც კი მოახდინა ფართო რყევები, რომელმაც თავის პიკს მიაღწია 6-7-8 მარტს, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

ქართველიშვილის თქმით, ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, საქართველოს პრეზიდენტიც იღებდა მონაწილეობას, რაც მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ნათლად გამოჩნდა.

„ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის შემდეგ, ყველაზე თვალსაჩინო იყო ქვეყანაში უკრაინული სცენარით „მაიდანიზაციის“ პროცესების პროვოცირება. ამისთვის მიმდინარეობდა, როგორც გარეგნული საბაბის ძიება, ასევე ძირითადი განმახორციელებელი ძალის მიზანმიმართული მოქმედება. ასე მაგალითად, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მოყვა კარგად დაგეგმილი საზოგადოებრივი მღელვარების აგორება, რამაც პოლიტიკურ სივრცეშიც კი მოახდინა ფართო რყევები, რომელმაც თავის პიკს მიაღწია 6-7-8 მარტს. ოპერაციის ამ სტადიაზე აშშ-ს საელჩოს მიერ მოხდა ანტისახელისუფლებო ძალების აქამდე უპრეცედენტო მობილიზაცია: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო აგენტოკრატების ადგილობრივი მარიონეტები და მათ შორის, ყველაზე სამარცხვინო და უპატიებელი როლით, საქართველოს პრეზიდენტი. არსებული მოვლენების ანალიზმა, პირდაპირ დაგვანახა, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლებაზე აქამდე უპრეცედენტო, ღია და უხეში ზეწოლის მცდელობას, რომლის ინსტრუმენტებიც იხვეწებოდა ჯერ კიდევ 2022 წლიდან, ხოლო პროცესების ძირითადი ორგანიზატორი იყო აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია, რომელიც მ/წლის მარტში, ჩვეულებრივ მოდელირებას უკეთებდა უკრაინაში 2014 წელს ინსპირირებული “მაიდანი“-ს მოვლენებს. აღნიშნული “ბრალდების“ დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი უტყუარი ფაქტები: პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულები USAID, IRI, რომლებიც ხელს უწყობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციას. დაფიქსირდა ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევები, როდესაც თავდასხმას პირდაპირ ახორციელებდნენ აშშ-ს ელჩი და მისი მთავრობის სხვადასხვა, მაღალი რანგის თანამდებობის პირები. დაფიქსირდა აშშ-ის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ,,ფრანკლინის კლუბის“ აქტივობა, რომელიც პრაქტიკულად, წლების განმავლობაში ამზადებდა ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივიზაციის კუთხით (8 მარტს განვითარებულ მოვლენებში ვიხილეთ, სწორედ აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც შეადგენდნენ აქციის ძირითად ბირთვს). აქციებზე დაფიქსირდა აშშ-ს-თან, სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირების აქტივობა, რომლებიც ახორციელებდნენ დესტრუქციული პროცესების მართვას. აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, პროვოკატორთა სხვადასხვა ჯგუფები, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, მაგრამ ორგანიზებულად: ისინი ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, არ ერიდებოდნენ შეტაკებებს, თუმცა მოვლენებმა კვლავ აჩვენა, რომ „რევოლუციისთვის“ შექმნილი იდეალური გარემოს მიუხედავად ემოციური მუხტი, მონაწილეთა რაოდენობა და მათი მომზადება, ასევე მზადყოფნა ემოქმედათ საჭიროებისამებრ, აქციის ორგანიზებული მართვა კვლავ ვერა და ვერ ხერხდებოდა, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდა საჭირო თვისებების მქონე ლიდერი. ხსენებულ აქციებს ესწრებოდნენ USAID-ის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), ევროკავშირის ოფისის თანამშრომლები, რომლებიც უკვე ღიად უცხადებდნენ მხარდაჭერას აქციის მონაწილეებს. ეს თემა საჭიროებს უფრო დეტალურ კონკრეტიზაციას, ჩაშლას მოქმედი პირების, ორგანიზაციებისა და გვარების მიხედვით, რასაც 2-3 დამატებითი მიმოხილვა აუცილებლად დაჭირდება“, – წერს ქართველიშვილი.

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, შესაბამისად, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, ჭექა-ქუხილის დროს, ელვით მიიღო დაზიანებები. მეხის დარტყმას რასაც ეძახიან, ეს არის მისი დიაგნოზი. დამწვრობითი შოკია საკმაოდ სერიოზული. როგორც წესი, ჭექა-ქუხილის დროს მეხის დაცემა საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

 

წყარო