Home Blog Page 1955

გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში -ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის წელს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო მის უმაღლესობას, შეიხ მოჰამედ ბიზ ზაიდ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გულუხვი სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის.

არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით. ახლა ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს.

კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია:

2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ​ჩარჩო სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად.

ასევე, უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს.

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების  უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ. საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა.

ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება.

„მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად.

დაბოლოს, იმედი მაქვს, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები – უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

როგორც ფრაქციია წევრების განცხადებაშია აღნიშნული, ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა მოძრაობიდან.

„ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას.

ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი: შირვან შირინიანი, არმენ ჰუნანიანი, მელიქ რაისიანი, ანდრანიკ მამულიანი, ვართან ჩოკანდარიანი, არტურ მკოიანი, არმენ ჰაკობიანი, მიშა ჰაკობიანი.

პოლიტიკური აგონიაა, რომელშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება – მიხეილ სარჯველაძე

“ყველა ხვდება, პოლიტიკური აგონიაა, რომელშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ მინდა ცინიკურად გამომივიდეს, მაგრამ ასეთი არგუმენტები, რომ თავმჯდომარე არ ჰყავდეს პარტია, რაღაც ეს უცნაური გადაწყვეტილებები მიიღებოდეს, რაღაც ისტერიკას ემსგავსება. ეს ისტერიკაც გასაგებია, საიდანაა განპირობებული. ვფიქრობ, ყველა ხვდება, პოლიტიკური აგონიაა, რომელშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება. თავიანთი ქმედებებით საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ჩემი აზრით, ახლა უბრალოდ შეუძლებელია საუბარი და ფიქრი ამ პარტიის გადარჩენაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნიუ-იორკის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა.

გადაწყვეტილებას 311-მა კონგრესმენმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. სანტოსი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს.

სანტოსს მიმდინარე წლის მაისში ბრალი წაუყენეს ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში. მას ასევე ადანაშაულებენ წარმომადგენელთა პალატაში ცრუ განცხადებების გაკეთებაში და საკუთარი ბიოგრაფიის გაყალბებაში.

საერთო ჯამში სანტოსს 23 ბრალდება აქვს წარდგენილი, თუმცა პოლიტიკოსი ყველა მათგანს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

“ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს”-ზელენსკი

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს.

„ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. კერძოდ, ეს ეხება მობილიზაციის საკითხებს. საუბარი არაა მხოლოდ მათზე, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია, საუბარია ვადებზე ყველასთვის, ვინც ამჟამად სამხედროა და მათთვის, ვინც შეუერთდება ჯარს. ეს კომპლექსური საკითხებია, რომელიც უნდა შეიმუშაოს სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ და რომელიც დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს შტაბს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

დედაქალაქის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები დასრულებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით, საგზაო სავალი ნაწილი სრულად დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს დახაზვის სამუშაოები, პარალელურად კი – შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. ფაქტობრივად, დასრულებულია გარე განათების მონტაჟი. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება. გარდა ამისა, არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, ასევე, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე ასევე იყო საპარკინგე ადგილების პრობლემა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საპარკინგე ადგილებიც, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა.

 

“მინდა შეგახსენოთ, რა ძალისხმევა გასწია „ქართულმა ოცნებამ“ რომ თქვენ გაპრეზიდენტებულიყავით” – ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონო სალომე, მინდა შეგახსენოთ, რა ძალისხმევა გასწია „ქართულმა ოცნებამ“, მისმა წევრებმა და მხარდამჭერებმა რომ თქვენ გაპრეზიდენტებულიყავით, იქნებ რამენაირად ძალა მოვიკრიბოთ და 15 დეკემბრამდე მაინც დავანებოთ თავი ამ უსაგნო მოძრაობას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და 2024-ის შემდეგ ყველაფერი გვაჩვენებს, საზოგადოება განსჯის, ჩვენ ვართ მართლები, ქალბატონი სალომე თუ სხვა – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უდიდესი რწმენა ჰქონდა, რომ ეს ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს წინ წაწევდა.

„ძალიან გული მწყდება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არავის არასოდეს არაფერს ვაყვედრი, 54 მუნიციპალიტეტში მყავს წარდგენილი, არა როგორც მომავალი პრეზიდენტი, არამედ პირველი ქალი პრეზიდენტი. უდიდესი რწმენა მქონდა, რომ ეს ევროპელი პოლიტიკოსი, სულით და ხორცით, საქართველოს წინ წაწევდა, ბოლო წუთამდე, ვიდრე არ დაიწყო მისი ვიზიტების კრიტიკა მაგალითად ლატვიის პრეზიდენტმა. ლატვია მათ შორის ბალტებშიც კი გამორჩეული იყო თავისი სიმშვიდით. მე ლატვიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლატვიის საპატიო კონსული ვარ და არასოდეს მახსოვს, რომ მათ რაღაც დევიაცია და განსაკუთრებული განცხადება ჰქონოდეთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

“2022 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიც არის შეფასებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა, რომელსაც სავარაუდოდ ხელმძღვანელობდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული პირები.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია და მისი კონტრტერორისტული განყოფილება რეგულარულად განაგრძობს წვრთნას და აღჭურვას საერთაშორისო პარტნიორების და შიდა სწავლების მეშვეობით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

“დეკემბერში გვექნება საფუძვლიანი დებატები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან” – შარლ მიშელი

დეკემბერში ჩვენ გვექნება საფუძვლიანი დებატები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან, რათა შევაფასოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, როდესაც მას სთხოვეს შეეფასებინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინადადება, რომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების ნაცვლად ოფიციალური კიევისთვის სტრატეგიული პარტნიორობა შეეთავაზებინათ.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირს უკვე აქვს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება.

„ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმება უკრაინასთან, რომელიც გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას ოფიციალურ კიევთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დეკემბერში ჩვენ გვექნება საფუძვლიანი დებატები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან, რათა შევაფასოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება. როგორც ის აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ ოფიციალური კიევისთვის „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა იქნეს შეთავაზებული იქამდე სანამ დაიწყება მოლაპარაკებები მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გამოიჩინეთ ზომიერება, დიპლომატია, მოთმინება. დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაისეირნეთ, დაგეგმეთ ახლო პერიოდის განრიგი. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

კურო

მოდუნდით, მოიწყვეთ განტვირთვის დღე, ასევე, შეგიძლიათ, შეამოწმოთ ტექნიკა, დაასუფთავეთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

მოაწყვეთ შაბათობა, გაათავისუფლეთ პირადი და საცხოვრებელი სივრცე ყველაფერი ზედმეტისგან. მეტი დრო დაუთმეთ ისეთ საკითხებს, რომელიც აქამდე გასარკვევი გქონდათ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კომუნიკაციებში იყავით უშუალო, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა ახლობელი ადამიანებისთვის.

ლომი

გახალისდით, მოიწყვეთ პატარა წვეულება, მეგობრების წრეში. არ არის სასურველი მოგზაურობა. კარგია დღე შემოქმედებითი აქტივობებისთვის.

ქალწული

შესაძლოა, თქვენი გეგმებიდან ამოვარდეთ, არც მოულოდნელად სადმე გამგზავრება არაა გამორიცხული. თუ სახლში ყოფნა გიწევთ, მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

სასწორი

სხვების საქმეების მოგვარების მცდელობაში თქვენი თავი, გეგმები არ დაგავიწყდეთ. იყავით მეტად წინდახედული, ნუ აჰყვებით წამიერ გატაცებებს.

მორიელი

კარგია დღეა სხვადასხვა კომუნიკაციების წარმოებისთვის, როგორც პირადი, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის. დაიცავით კვების სწორი რეჟიმი.

მშვილდოსანი

მოუფრთილდით ჯანმრთელობას, ეცადეთ, დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ნებისმიერი წამოწყება სჯობს, კარგად გათვალოთ.

თხის რქა

იყავით მეტად ჰუმანური და გახსნილი. არ არის გამორიცხული, აღმოჩნდეთ წვეულებაზე, ან საინტერესო ხალხთან შეხვედრა მოგიწიოთ.

მერწყული

ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დისკომფორტს გიქმნიან. არ არის გამორიცხული დღის განმავლობაში საქმიან პარტნიორთან, ან მეუღლესთან უსიამოვნო საუბარი მოგიწიოთ. ამიტომ, მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ.

თევზები

დღეს, მეტად გჭირდებათ იუმორი და ოპტიმიზმი, შეხედეთ სამყაროს ნათელ ფერებში. მოიწყვეთ სასიამოვნო საღამო მეგობრების გარემოში. ნუ გადაიტვირთებით.

„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა – დეტალები

„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა. მან ისრაელის პოზიციებს ცეცხლი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ გაუხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის ძალების განცხადებით, მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ისრაელის ცენტრალური ნაწილი მიმართულებით რაკეტები „ჰამასმაც“ გაუშვა.

ისრაელის თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათი“ რამდენიმე რაკეტის განეიტრალება შეძლო. „ჰამასის“ განცხადებით, მათი სამიზნე თელ-ავივი იყო.

შვეიცარიამ რუსების საკუთრებაში მყოფი 8.8 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა

სანქციების ფარგლებში შვეიცარიამ რუსების საკუთრებაში მყოფი 8.8 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მონიტორინგს უწევს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებაა და შეიძლება შეიცვალოს.

გაყინული აქტივების ზრდა განპირობებულია გასული წლის განმავლობაში სანქციების სიაში შეყვანილი 300 ადამიანისა და 100 კომპანიისა და ორგანიზაციის გამო.