“2022 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

48
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიც არის შეფასებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა, რომელსაც სავარაუდოდ ხელმძღვანელობდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული პირები.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია და მისი კონტრტერორისტული განყოფილება რეგულარულად განაგრძობს წვრთნას და აღჭურვას საერთაშორისო პარტნიორების და შიდა სწავლების მეშვეობით”, – ნათქვამია დოკუმენტში.