Home Blog Page 1955

“ღონისძიება ბრწყინვალედ იყო ჩატარებული, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე უკეთეს ფორმაში მოდის” – სააკაშვილი

გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვებს“.

„მანიფესტს რაც შეეხება, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.

მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4081 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7122 ლარი ღირდა, ევრო – 2.9558 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3965 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 ნოემბერს ამოქმედდება.

“მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას” – ირაკლი კობახიძე

მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თითოეული პროცენტი ენანება, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დაკარგა.

„საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამას. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს საბოლოო ჯამში კარგია, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 საპარლამენტო არჩევნები.

მელია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი პროცენტიც მათთვის დასანანი, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში. ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ. არ ვიცი, მათი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

“ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან”

ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რაც შეეხება გუნდის შიგნით კონსულტაციებს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება, გაიმართოს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ვთვლით ხოლმე საჭიროდ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, ამას ვაკეთებთ ხოლმე. 11 წლის მანძილზე რა პოლიტიკაც გვქონდა, ამ პოლიტიკით დავუმტკიცეთ ჩვენ ის, რომ სადაც არის საჭირო მოქმედება, იქ აუცილებლად ვმოქმედებთ. რა დოზითაც და როგორც არის საჭირო მოქმედება, ისე ვმოქმედებთ. ამიტომ, გვაცადეთ ასეთი პოლიტიკის წარმოება“, – აღნიშნა კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით Film Industry Meetups გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს Film Industry Meetups გაიმართება, რომლის მთავარ თემასაც შემოქმედებით ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი წარმოადგენს. ღონისძიების მიზანი შემოქმედებით სფეროში არსებული პროფესიების მიმართ ცნობიერების ამაღლება, ნეთვორქინგის შესაძლებლობების შექმნა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცოდნის გაზიარებაა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ცნობილ კინემატოგრაფ Phedon Papamichael-ს დაეთმობა, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, ორჯერ არის ნომინირებული The Academy Awards-ზე საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის. იგი ღონისძიებაზე მთავარი სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმობა თემაზე – “თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შემოქმედებით ინდუსტრიაში”, რომლის მოდერატორიც POSTRED-ის დამფუძნებელი და CEO, ბესო კაჭარავა იქნება. პანელური დისკუსიის დანარჩენი მონაწილეები არიან: გიორგი ავალიანი, ალექსანდრე კორძაია (კორძი), ანა მარკოზაშვილი და გიორგი პოპიაშვილი (პოპიკა).

დღის განრიგი:

  • 10:30 – 11:00 – მიღება
  • 11:00 – 11:10 – ღონისძიების გახსნა
  • 11:10 – 12:00 – ფედონ პაპამაიკლის და ბესო კაჭარავას დიალოგი
  • 12:00 – 12:30 – ნეთვორქინგი
  • 12:30 – 13:30 – პანელური დისკუსია

ღონისძიება 27 ნოემბერს, სტამბაში გაიმართება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

R

“სურსათის ხუთ ნიმუშში აკრძალული საღებავები გამოვლინდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად ხუთ ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა:

შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა; დახლზე მოვაჭრე ფიზიკურ პირთან, ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა ერთი წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: შპს ცენტრალური ბაზარი, სენაკი, რუსთაველის ქ. N180; შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (წმინდად დაფქული, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა ერთი წელი) აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს ლუკა, ქ. ფოთი, ფარნავაზ მეფის N1 (აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), ფიზიკური პირი მზია ზუხბაია; ინდივიდუალურ მეწარმე ზეინაბ გორაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 10/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: ექვსი თვე) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4; ინდივიდუალურ მეწარმე ხვიჩა შავაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 12/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: ერთი წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, თავისუფლების ქ. N19, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან.

სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

“ნიკა მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა” – თინა ბოკუჩავა

ნიკა მელიას მხრიდან მანიფესტზე უარი და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კონტშეთავაზების გაკეთება კონტრდოკუმენტის სახით არის მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ნიკა მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც არის ერთობის მანიფესტის ინიციატორი, ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც არ შეუერთდება ერთობის მანიფესტს და მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა. განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ, რომ ის არ უერთდება მანიფესტს, მეტიც, ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა რაღაც კონტრდოკუმენტის სახით, რაც, ვფიქრობ, ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან და ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა, რომ ეს ერთობის დოკუმენტი მისთვისაც ყოფილიყო ახალი შესაძლებლობა, რათა ერთიანი ძალებით შევსულიყავით გეოპოლიტიკურ არჩევნებში. შესაბამისად, მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და არ განვიხილავთ მელიას პარტიის წევრად. ამ გადაწყვეტილების ფორმალიზების ნაწილში მე ვერ შევალ და არც შევალ, რადგან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ არის რაღაც ფორმალისტური, ტექნიკური და იურიდიული დეტალების საკითხი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მიიღო“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ნიკა მელია გუშინდელი დღის შემდეგ ითვლება თუ არა პარტიის წევრად, თინა ბოკუჩავამ განაცხადა:

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ცალსახად განმარტა, რომ ვინც არ აწერდა ერთობის მანიფესტს ხელს, ის თავად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მელიას მხრიდან აღნიშნულ მანიფესტზე უარი და პრეზიდენტისთვის კონტშეთავაზების გაკეთება კონტრდოკუმენტის სახით არის მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება” – პრემიერი

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში.

„დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ასევე, მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, უზრუნველყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა მთელ რეგიონში. რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში და საბოლოო ეტაპზეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება წელიწადში 100 მლნ ტონა. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც გასულ წელს, დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48 პროცენტით.

„2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მლნ ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი“, – აღნიშნა პრემიერმა.

“ცხრა დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია და პროცესში ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს” – რომან გოცირიძე

ცხრა დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ფორმატი უნდა იყოს შერჩეული, რომელიც ფორმალური არ იქნება და ოპოზიციის აზრს გაითვალისწინებენ.

„ცხრა დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს. ოღონდ ისეთი ფორმატი უნდა იყოს შერჩეული, რომელიც იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა, როცა სამუშაო ჯგუფები არაფერს ნიშნავდა, რადგან ამ ფორმატში ოპოზიციის არცერთი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული. ოპოზიცია ამ პროცესებისგან მთლიანად გარიყული იყო და შედეგიც იყო, რომ ცხრა რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შესრულდა. საუბარი თუ იქნება იმაზე, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეროვნული ბანკი, რომლის საბჭო არის დაშლილი, ეროვნული ბანკის ფორმირებისა და მომავალი პრეზიდენტის საკითხზე თუ ხელისუფლება, პრეზიდენტი და ოპოზიცია ითანამშრომლებენ, ამ პროცესში მონაწილეობა რატომ არ უნდა მივიღოთ? გააჩნია, თანამშრომლობის რა ფორმატი იქნება შენარჩუნებული. რაც იყო, არ ვარგა. ისეთი ფორმატი უნდა იყოს, სადაც გათვალისწინებული იქნება ოპოზიციის აზრი, არ იქნება ფორმალური და ფასადური. ასეთ ფორმატში მონაწილეობას მივიღებ“, – განაცხადა გოცირიძემ.

“ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა” – პრემიერი

საქართველო, მოგეხსენებათ ძვირფასო კოლეგებო, რომ მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფს ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით

„ამასთან, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი. ასევე, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან, სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი.

ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო.

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით, 2021 და 2022 წლებში 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებულია წელსაც, 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი- 1 პროცენტზე ნაკლები.

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 8,000 აშშ დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8500 აშშ დოლარზე მეტი.

გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი” ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე.
დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში.
ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში.

ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი”, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში გაიხსნება. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი “პეპლების იძულებითი მიგრაცია”.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, “რეჟისორი ფოკუსში”, პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს. კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, შედგება 2 დეკემბერს. ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ -ქართული ფილმი “გონდოლა”.

წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.

სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე.

საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

მხატვრული ფილმების ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი (საფრანგეთი), კატრიელ შორი (ისრაელი) და ევა ბლონდიაუ (გერმანია).

დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრებია არიან: ლუკას დ’ინტრო (იტალია), თომას ჰაიზე (გერმანია) და ჯად სალფიტი (ბრიტანეთი).

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე,  ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინო

რეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.

24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

თბილისის 24-ე სართაშორისო კინოფესტივალზე, რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: ტერმინალი, ანფაუნდ დორი, ფექტორი, სასტუმრო რუმსი, ბადაგონი.

შეიძინეთ Tkt.ge-ზე ფესტივალის ბილეთები და აბონემენტი თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 20%.

 

R