Home Blog Page 1953

,,თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი სერგო შუბითიძე პოლიტიკური პატიმარია”- ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი სერგო შუბითიძე პოლიტიკური პატიმარია.

ხაბეიშვილი ეხმაურება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ყოფილი გამომძიებელის სერგო შუბითიძის დაკავებას.

“ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (მკვლელებს), დამკვეთებს – ყველაფერი ამას ადასტურებს.

საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია … ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე. სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი”, – წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.

„საქართველოს არა „დეოლიგარქიზაციაზე“, არამედ „დეოლიგოფრენიზაციაზე“ აქვს მისაღები კანონი”- ქართველიშვილი

[პრიგოჟინმა] შექმნა ილუზია, რომ მიისწრაფვიან მოსკოვისაკენ, პუტინის „აყირავების“ მიზნით. პრიგოჟინ-პუტინის ამ „ვირეშმაკობას“ მხურვალე ტაშს უკრავდა ყველა – კიევი, ვაშინგტონი, ბრიუსელი და ქართველი სექტანტები“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

„საქართველოს არა „დეოლიგარქიზაციაზე“, არამედ „დეოლიგოფრენიზაციაზე“ აქვს მისაღები კანონი. ოღონდ „ვენეციაში“ არ უნდა გადაიგზავნოს. დიდი ალბათობით, ეს კანონი მათაც ეხება. ახლა რა მოხდა:

„გალავარეზებით“ დაკომპლექტებული 40 ათასიანი ელიტარული საჯარისო ფორმირების დისლოკაციის ადგილი მდებარეობდა კიევიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მანძილზე. კიევამდე მათ აშორებდა უკრაინული სამხედრო ფორტიფიკაციებით და შეიარაღებული ძალებით გადატენილი ტერიტორია.

ამ დროს დასავლეთის სრული მხარდაჭერით, ჩვენი ნაც-ოლიგოფრენების ზეიმის ფონზე, „ვაგნერზე“ დასაწესებელი სანქციების დღის წესრიგიდან ამოღების პარალელურად სულ რამდენიმე საათში „ვაგნერმა“ შექმნა ილუზია, რომ მიისწრაფვიან მოსკოვისაკენ, პუტინის „აყირავების“ მიზნით. სრული დამაჯერებლობისთვის დედაქალაქიდან „სპეცბორტით“ გააქრეს პრეზიდენტიც. მაგრამ, „მოსკოვამდე“ ვერ მისულ „ვაგნერს“ გზაში დააწიეს „ბედნიერი ამბავი“: ლუკაშენკომ გადააფიქრებინა პრიგოჟინს ამბოხი, პუტინმა აპატია მას და კბილებამდე შეიარაღებულმა ძალებმა გადაუხვიეს ბელარუსში. ამჟამად ეს მონსტრი განლაგებულია კიევთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საკმაოდ მცირე (3 საათის სავალ) მანძილზე.

მანამდე კი ბელარუსში შეიტანეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და მისი დასავლეთის სამიზნეში აყვანა ახლა უკვე „ცოტა“ გაჭირდება. პრიგოჟინ-პუტინის ამ „ვირეშმაკობას“ მხურვალე ტაშს უკრავდა ყველა – კიევი, ვაშინგტონი, ბრიუსელი და ქართველი სექტანტები. ვინც ამ სიგიჟეს ტაშს არ უკრავდა, ტრადიციულად „პუტინის ხელისუფლება“ და „რუსული პროექტი“ ვყოფილვართ.

ერთ დღეში რუსეთის ამ სპეცოპერაციის მხარდამჭერი იყო ჩვენი მეხუთე კოლონის უკლებლივ ყველა წევრი – ხუხაშვილით დაწყებული, სალომე ზურაბიშვილით დამთავრებული. ქართულ მდიდარ ენაში არც კი ვიცი რა ეპითეტები შევურჩიო ამ ჰომო საპიენსებს (?). ამიტომ დავიწყე „დეოლიგოფრენიზაციის“ კანონის საჭიროებით, რომელსაც რაც გინდა უწოდონ, მაგრამ „რუსული“ ნამდვილად ვეღარ იქნება“, – წერს ქართველიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავა.

2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.

ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში. მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.

ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა. მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს მიუტანა დაულუქავ მდგომარეობაში, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა: ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.

იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის – მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. „შემკვრივებულ მასასთან“ ერთად უბრუნდება. დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა.

ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო. ექსპერტმა გამოკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება – მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები. ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტოილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია – შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვალდენი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშანვია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება – სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს.

შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომაროებაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ – ლ. სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დაბრუნდა 2020 წლის 12 აგვისტოს. ამდენად, ცალსახაა, რომ 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დაულუქავ მდგომარეობაში, ბრალდებულთან ვერ მოხვდებოდა და ის მომდევნო დღეებში ტელეფონს ვერ დაათვალიერებდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე ბრალდებული იმყოფება რუსთავში, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაშია და მოემართება თბილისისკენ, სადაც რჩება 23 ივლისის 01:29 საათამდე. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამდროს იმყოფება თბილისში.

ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ისაუბრა, რომ თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია, ხოლო მანამდე არსებული ინფორმაცია წაშლილი იყო.

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებითაც გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის – არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, 2020 წლის 29 ივლისს, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. ამის შემდგომ ოჯახმა მოითხოვა საქმის გადაცემა პროკურატურისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა და 2020 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გადაეცა თბილისის პროკურატურას.

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ facebook-იდან და Instagram-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რაც შეეხება დაკავებულს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1 500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი, ასევე, მან თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს.

მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ვაგნერის დაჯგუფების ლიდერთან კონტაქტი რამდენიმე საათია ვერ ხერხდება

ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებ ბოლო რამდენიმე საათია ინფორმაცია არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაგნერის დაჯგუფების ლიდერთან კონტაქტი რამდენიმე საათია ვერ ხერხდება. მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერია ცნობილი. ბოლოს პრიგოჟინი საჯაროდ მაშინ გამოჩნდა, როცა როსტოვს ტოვებდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.

ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს.

ევროკავშირის საელჩოსთან სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა აქცია გამართეს

ევროკავშირის საელჩოსთან სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა აქცია გამართეს. დიპლომატიურ უწყებასთან შეკრებილებმა ლგბტ პროპაგანდა გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ ეს საკითხი კანონით დარეგულირდეს.

„ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან კანონმდებლობით აიკრძალოს ლგბტ ცხოვრების წესის ქადაგება-პროპაგანდა, რადგანაც ჩვენ ვთვლით რომ, ეკლესიის სწავლების მიხედვით ეს არის უმძიმესი ცოდვა“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

,,ვაგნერის“ დანაყოფები ოლქის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებენ”- ალექსანდრ გუსევი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ავრცელებს ინფორმაციას.

„სრულდება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფების გადაადგილება ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე. ის მიმდინარეობს საშტატო რეჟიმში და ექსცესების გარეშე“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

გუბერნატორის ცნობით, რეგიონში ყველა შეზღუდვა სიტუაციის საბოლოოდ დარეგულირების შემდეგ მოიხსნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ. საბოლოოდ, შეთანხმების შედეგად, დაქირავებული მებრძოლების კოლონები თავიანთი ბანაკებისკენ გატრიალდნენ.

„ანალიზი და პროგნოზი შენი ძლიერი მხარე როცა არ არის და მაინც ამტკიცებ საკუთარ „პიტალოობას“- ქადაგიძე

წიგნი რომ დაიწეროს თანამედროვე ქართული პოლიტიკის პარადოქსებზე, ხუხაშვილს ერთი თავი უნდა მიეძღვნას, თუ რა მასშტაბის „პიტალოა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ანალიზი და პროგნოზი ხუხაშვილის ძლიერი მხარე არ არის და თავისი ქმედებით მხოლოდ საკუთარ უვიცობას ამტკიცებს.

„ანალიზი და პროგნოზი შენი ძლიერი მხარე როცა არ არის და მაინც ამტკიცებ საკუთარ „პიტალოობას“…

ოპოზიციის უკიდეგანო იმბეცილობა იცით, საიდან იწყება?! აი, ხუხაშვილს ექსპერტი რომ ჰქვია და ამის პროგნოზებით ქმნის დღის წესრიგს, ჩვენი „საამაყო“ ოპოზიცია.

წიგნი რომ დაიწეროს თანამედროვე ქართული პოლიტიკის პარადოქსებზე, ხუხაშვილს ერთი თავი უნდა მიეძღვნას, თუ რა მასშტაბის „პიტალოა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ამ ნაწილთან მიმართებაში კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი. აღნიშნული დეპუტატები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

უკრაინაში კიდევ ერთი  ქართველი მებრძოლი  დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი  ქართველი მებრძოლი ჯონი ოდიშვილი  დაიღუპა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო newshub.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.

მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.

გასული 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ცალმხრივად ჩაიკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ცალმხრივად ჩაიკეტა.

საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლიათ, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

უცნობია, თუ როდის გაიხსნება ე.წ. საზღვრები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

,,გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გამწვავებას”- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გამწვავებას. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება შეაფასებს.

 

„არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში შევიდე და პოლემიკა გავმართო, პირველ რიგში, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მახო კვიჟინაძეა.

ის 47-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.