,,თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი სერგო შუბითიძე პოლიტიკური პატიმარია”- ხაბეიშვილი

165
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი სერგო შუბითიძე პოლიტიკური პატიმარია.

ხაბეიშვილი ეხმაურება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ყოფილი გამომძიებელის სერგო შუბითიძის დაკავებას.

“ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (მკვლელებს), დამკვეთებს – ყველაფერი ამას ადასტურებს.

საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია … ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე. სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი”, – წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.