Home Blog Page 1951

„უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა არაგონივრულია” – უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა არაგონივრულია: სანქციები რუსეთს არ ვნებს, ამიტომ ჩვენ კიევს იარაღის მიწოდება სასწრაფოდ უნდა გავუზარდოთ“ (ავტორი – მაქს ჰასტინგსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

დასავლეთ ევროპული ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც გასულ კვირას ლონდონში უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად იყვნენ შეკრებილნი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, ხოლო ყოველწლიურად საჩუქრებს სანტა კლაუსი მოუტანთ. ამას მათი პოლიტიკური ქცევა მოწმობს, რომლის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ მათ რიტორიკასა და მოქმედებას შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი. ბევრ დაპირებას, რომლებიც მათ ლონდონში კიევს აღუთქვეს, პირობითი ხასიათი აქვთ და აღთქმული თანხის საერთო მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა იმასთან შედარებით, რაც უკრაინას სინამდვილეში ჭირდება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს მანამდე გააჭიანურებს, სანამ დასავლეთის ქვეყნები და მოსახლეობა არ დაიღლებიან. ამასთან დაკავშირებით დასავლეთმა თვითონ უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის მანამ, სანამ რუსეთი არ გამოიფიტება, გრძელვადიანი პერსპექტივით. ამ მხრივ „კეთილგონივრულად“ იქცევიან აშშ, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც უკრაინის არმიას დახმარებას უწევენ, დანარჩენი დასავლეთევროპული სახელმწიფოები კი პირიქით, ძალიან პასიურად მოქმედებენ, რაც მათ დაპირებებს არ შეესაბამება.

გერმანია უკრაინისათვის თითქმის არაფერს არ აკეთებს. საფრანგეთი აკეთებს, მაგრამ ძალიან ცოტას. მართალია, ბერლინი და პარიზი, შარშანდლისაგან განსხვავებით, ახლა უფრო რეალისტურად აფასებენ რუსეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციის გარდაუვალობას, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, აუცილებელი ზომების მიღების სურვილი არ აქვთ. ამას მოწმობს, მაგალითად, მათ მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა: აშშ 15%-ით მეტს ეხმარება, ვიდრე მთელი ევროკავშირი. მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ლონდონმა კიევს მხოლოდ იმ დახმარების (იარაღისა და მოწყობილობების) ერთი მეშვიდედი მიაწოდა, რასაც აშშ უწევს უკრაინას. უფრო მეტიც – ვაშინგტონისაგან განსხვავებით, ლონდონი საკუთარი თავისთვისაც არაფერს აკეთებს – შეიარაღებიდან მოხსნილი ვადაგასული ტექნიკის დროულად შესაცვლელად.

დასავლეთ ევროპის სამხედრო მრეწველობა „სატირელ მდგომარეობაში“ იმყოფება. იგივე მდგომარეობა აქვს დიდ ბრიტანეთსაც, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ამბიციური სტრატეგიული ვალდებულებები აიღო „გლობალური ბრიტანეთის“ პროექტის რეალიზებისათვის. სამწუხაროდ, ქვეყანას ამისათვის რესურსები არ აქვს. პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ძირითადად საშინაო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით არის დაკავებული და თავდაცვას ნაკლებ ყურადღებას უთმობს – უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ბრალი მიუძღვით მის წინამორბედებსაც – ყოფილ პრემიერებს დევიდ კემერონს, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონს და ლიზ ტრასს.
ბევრი დასავლელი ანალიტიკოსის მტკიცებით, მოსკოვი კრახის პირას იმყოფება და სულ მალე ომის გაგრძელების თავი აღარ ექნებაო, მაგრამ სინამდვილეში რუსული ეკონომიკა სანქციებს უმკლავდება და საკმაოდ კარგადაც. გარდა ამისა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს ამჟღავნებს, ან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვთ დაკავებული.
დასავლეთი უნდა შეეგუოს ისეთ მსოფლიოს, რომელშიც რუსეთმა ისტორიული შებრუნება განახორციელა ევროპიდან აზიისაკენ. დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა და ამომრჩევლებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას და უნდა გააცნობიერონ, რომ ამისათვის ფასის გადახდაა საჭირო, ანუ უკრაინისთვის მსხვერპლი ერთმანეთს შორის უნდა იქნეს გაყოფილი“. უკრაინას ჭირდება უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები ნატოსაგან, მაგრამ იმისათვის, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, საჭირო იქნება, რომ კიევი ყირიმის რუსეთის რეგიონად ყოფნას შეურიგდეს.

წყარო

“უნდა შევძლოთ, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, გავერთიანდეთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად”- მდინარაძე

ქვეყანამ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადიკალურ ოპოზიციას ისეთი აზრები აქვს, რომ ეს არის დამანგრეველი მათთვის, ეს სერიოზული პლუსი იქნება მმართველი გუნდისთვის, როდესაც მისი ხელისუფლების დროს იღებს ქვეყანა სტატუსს, სუბიექტურად აწყობს ეს მმართველ გუნდს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს შეიძლება, არ აწყობდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„არ დავაბრალოთ ქვეყნის არსიყვარული არავის, ოპოზიციას შეიძლება, არ აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ნაკლები საშუალება ექნება მმართველი გუნდის დაზიანების და ოპონირების. რა სიტყვების წყობითაც არ უნდა თქვან, უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის მიერ მიღებული რაღაც სერიოზული სარგებელი. ეს არის ქვეყნის სარგებელი, წინ წაწევა. ევროპული ინტეგრაციის გზა, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის სარგებელი, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ნუ შეუშინდებიან ამ სტატუსის მიღებას. რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ ამის ირგვლივ და ის ნეგატიური დღის წესრიგი, რომელიც მათი მხრიდან არის გახმოვანებული და აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, დავივიწყოთ. თუ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია იმისთვის მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ, შეიძლება, ამან ხელი არ შეუშალოს მიღებას, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება უსათუოდ არის. უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ ყველა და ვთქვათ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც რადიკალიზმი, არარელევანტური ოპონირება, პოპულიზმის საკითხების შემოტანა, პიარის ელემენტებით ბრძოლა სტსტუსის წინააღმდეგ არ არის კარგი საქმე და ის საქმე, რომელიც რომელიმე ქართველმა უნდა აკეთოს. ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის შესასრულებლად. ეს იქნება ყველას მონაპოვარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ვაგნერის ამბოხება: დასავლეთი სასურველს სინამდვილედ ასაღებს” – The Global Times

ჩინეთის ინგლისურენოვან ყოველდღიური გაზეთ „გლობალ თაიმსში“ (The Global Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვაგნერის ამბოხება: დასავლეთი სასურველს სინამდვილედ ასაღებს“ (ავტორი – ჩენ ცინცინი).

გთავაზობთ ამონარიდებს:

„ვაგნერ-ჯგუფის“ ამბოხებამ, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით, 24 საათში დასრულდა, რასაკვირველია, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთმა დასავლელმა ანალიტიკოსმა „ვაგნერის“ შეიარაღებული გამოსვლა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებისადმი მიმართულ მძიმე დარტყმად წარმოაჩინა. მათი მტკიცებით, ამ მოვლენამ რუსული სახელმწიფოს სისუსტეები გამოავლინა. ჩინელი ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ რადგანაც დასავლეთი ხედავს უკრაინის არმიის კონტრშეტევის ჩიხში შესვლას, ახლა „ვაგნერის“ ამბოხების ფაქტით მანიპულირებენ და სასურველს სინამდვილედ ასაღებენ“.

საერთოდ, ჩინეთის ოფიციალური შეფასება რუსეთში მომხდარი მოვლენების მიმართ ასეთია: „ის რაც რუსეთში მოხდა, რუსეთის საშინაო საქმეს წარმოადგენს. ამავე დროს, როგორც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი მეზობელი და როგორც ახალი ეპოქაში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და კოორდინატორი, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის განმტკიცებასა და უსაფრთხოების დაცვაში“.

როგორც აღმოსავლეთ ჩინეთის პედაგოგიური უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ცუი ჰენი აღნიშნავს „გლობალ თაიმსთან“ საუბარში, დასავლეთი საგულდაგულოდ ცდილობს რუსეთში ანტისამთავრობო განწყობის პროვოცირებას, რაც, საერთოდ, საკმაოდ გავრცელებულ ტაქტიკად ითვლება და ამჟამად უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. დასავლეთს სურს რუსეთი სუსტ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, ვლადიმერ პუტინი კი უუნარო ლიდერად, მაგრამ ის, რომ ამბოხების დასრულება დროის ასეთ უმოკლეს ვადაში მოხდა, ამ ფაქტმა პირიქით – პუტინის ადმინისტრაციის ავტორიტეტი გაზარდა.

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი იმედოვნებდა, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს დაკარგავდა, რუსეთი ქაოსში ჩაიძირებოდა, არმია დასუსტდებოდა და უკრაინიდან გავიდოდა. ზოგიერთი კი უფრო შორს მიდიოდა – რუსეთის დაშლას პროგნოზირებდა. მოკლედ, დასავლელმა ანალიტიკოსებმა ვაგნერის ამბოხების მნიშვნელობის გადაჭარბებულად აღიქვეს.

„სინამდვილეში ევგენი პრიგოჟინის გამოსვლა რუსეთის მთავრობის დამხობას არ ითვალისწინებდა. მან უკიდურესი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, რადგან იმედოვნებდა, რომ სწორედ ასეთი სახის გამოსვლით მოახერხებდა უმაღლესი მთავარსარდლის ყურადღების მიპყრობას „ვაგნერის“ პრობლემების მიმართ“, – ამბობს ვან ივეი, ჟენმინის უნივერსიტეტის პროფესორი „გლობალ თაიმსთან“ საუბარში.

და მაინც, რა თქმა უნდა, „ვაგნერელეთა“ ლიდერის ასეთი ღია გამოსვლა – კრემლისადმი დაუმორჩილებლობის ელემენტებით – რუსეთის არმიის სტაბილურობაზე და დისციპლინაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ვლადიმერ პუტინისათვის ამბოხების შემდგომი პერიოდიც გამოცდა იქნება.

„ასეთი დრამატული მოვლენა ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას აიძულებს მკაფიოდ გააცნობიერონ უკრაინის ომის მნიშვნელობა. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო გახშირდება მსგავსი უკმაყოფილებების გამოვლენის ფაქტები. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ვლადიმერ პუტინმა გააქტიუროს ძალისხმევა კონფლიქტის დასასრულებლად, რათა თავიდან აირიდოს ანალოგიური რისკები. ალბათ, შეეცდება კიდევ უფრო გააფართოოს და განამტკიცოს კავშირები [მისთვის მეტ-ნაკლებად საიმედო] მეზობლებთან“, – ამბობს ვან ივეი.

წყარო

ვინ გადაარჩინა სინამდვილეში რუსეთი და ვინ შეაჩერა „ვაგნერელთა“ კოლონა?

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (Комсомольская правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამბოხების ერთი დღე: ვინ გადაარჩინა სინამდვილეში რუსეთი და ვინ შეაჩერა „ვაგნერელთა“ კოლონა?“ (ავტორი – ალექსანდრე გრიშინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დივანზე მოხერხებულად მჯდომმა და ნოუთბუქებით შეიარაღებულმა არმიამ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შაბათს ან გაყუჩებული იყო, ან „ვაგნერის“ დირექტორს აქებდა და მისი „მოსკოვური ლაშქრობისგან“ რაღაც დიდ შედეგს ელოდებოდა, უკვე კვირას, როცა ევგენი პრიგოჟინის გეგმა ვერ განხორციელდა, საპირისპირო განცხადებების გაკეთება დაიწყო – ხელისუფლებამ ყველაფერი ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო – მასთან მოლაპარაკება არ უნდა დაეწყოო. ზოგიერთები, სხვათა შორის, იმასაც ფიქრობენ, რომ რუსეთი თურმე ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაურჩენია.

მართლაცდა, სადაო არაა, რომ ალექსანდრე გრიგორევიჩმა თავისი დიდი როლი შეასრულა კრიზისის გადაწყვეტაში. პირველ რიგში იმით, რომ მან კომუნიკაციის არხი შექმნა: „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს იგი არაერთი ათეული წელია პირადად იცნობს. მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკო ევგენი პრიგოჟინს თავის პირობებს კი არ ეუბნებოდა, არამედ იმ ადამიანის სიტყვებს უმეორებდა, რომელმაც რთულ სიტუაციაში სიმტკიცე შეინარჩუნა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად მოქმედებდა.

ეს ადამიანი იყო ვლადიმერ პუტინი. სინამდვილეში სწორედ მან შეძლო ამ ისტორიის მშვიდობიანად დასრულება.

შეიძლებოდა თუ არა „ვაგნერის“ განადგურება ძალისმიერი მეთოდებით? რა თქმა უნდა. დამეთანხმებით, რომ კოლონა, რომელიც გზატკეცილზე მარშით მოძრაობს, საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს. პრიგოჟინი რომ კრემლში პუტინის ნაცვლად მჯდარიყო, ეჭვი არ მეპარება, იგი ამბოხებულთა კოლონას ნამდვილად გაანადგურებდა. და საერთოდ, ყოველი გენერალიც პუტინის ადგილზე იგივეს გააკეთებდა. მადლობა ღმერთს, რომ მათგან ვერცერთი პრეზიდენტის როლს ვერ შეასრულებდა და კიდევ ერთი მადლობა უფალს, რომ იქ, კრემლში, სწორედ ვლადიმერ პუტინი ზის და სხვა არა.

თუ თქვენ აქამდე არ შეგინიშნავთ, მაშინ მე გეტყვით, რომ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება, მით უმეტეს, არ სურს საქმის სისხლისღვრამდე მიყვანა. იგი პოლიტიკურ ოპონენტებთან და ამპარტავან ოლიგარქებთანაც კი ცდილობს საქმე მშვიდობიანად მოაგვაროს და ოპონენტს გონივრულობისაკენ უხმობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პრეზიდენტი ყველა მათგანს, თავისი გარემოცვის ჩათვლით, ჭკვიან ადამიანებად თვლის და დარწმუნებულია, რომ ისინი სრულიად ნორმალურად იქცევიან (თუმცა, ჩვენში დარჩეს და ბევრი მათგანი ყოველთვის ვერ გებულობს არათუ მინიშნებებს, არამედ უბრალო რუსულ სიტყვებსაც კი). პრეზიდენტი ხისტ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სხვა მეთოდი ამოიწურება. და როცა მიიღებს, იშვიათად თუ ცვლის, უძლურია ხვეწნა-მუდარები და თხოვნები…

გახსოვთ, რამდენ ხანს ელოლიავებოდა უკრაინას? იმიტომ რომ სისხლის დაღვრა არ სურდა და ნამდვილად თვლიდა უკრაინელებს მოძმე ხალხად (ახლა როგორ თვლის, არ ვიცი), მაგრამ რადგანაც „ტოვარიშჩ ბერია ვიშიოლ იზ დოვერია“, პრეზიდენტმაც უკან აღარ დაიხია.

ვლადიმერ პუტინისათვის „პრიგოჟინელებიც“ ასეთივე გზადაბნეული ადამიანები არიან, რომელთა განადგურებას იგი არავითარ შემთხვევაში არ გეგმავდა და არ იძლეოდა რადიკალურ ბრძანებებს, სანამ ეს მოსათმენი იყო – სხვათა შორის ბორის ელცინისაგან განსხვავებით, რომელმაც მსგავსი ბრძანება 1993 წელს გასცა და რომლის მწარე გემოს საზოგადოება დღესაც გრძნობს. განა სასიამოვნოა ბრძანების გაცემა რამდენიმე ათასი რუსი ადამიანის მოკვლის მიზნით? არავის არ ვუსურვებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ განა პრეზიდენტმა მერყეობა უნდა გამოიჩინოს, როცა ისინი „წითელ ხაზებს“ გადაკვეთენ და რეალურად დაემუქრებიან ქვეყნის უსაფრთხოებას? დიახ, ასეთი ბრძანება, ალბათ, გაცემული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც აშკარად არ ღირს თავზე ნაცრის წაყრა და მოთქმა-გოდება. ყველაფერი გაკეთდა ოპტიმალური სცენარით.

რასაკვირველია, „პრიგოჟინელები“ რუსულ სახელმწიფოს ორხელისუფლებიანობისა და სამოქალაქო ომის ზღურბლამდე ვერ მიიყვანდნენ – მათ ამისათვის არც ხალხისაგან არ ექნებოდათ მხარდაჭერა და არც სახელმწიფო ორგანოებისაგან, მაგრამ სისხლისღვრამდე სიტუაცია, ალბათ, მართლაც მივიდოდა. ამიტომაც არ ღირს „ნიანგის ცრემლების“ დაღვრა, როგორც ამას აკეთებენ ყველაზე „ადეკვატური“ უკრაინული ტელეგრამ-არხები და რუსი ლიბერალები, რომლებიც წერენ და გაიძახიან – რუსეთის პრეზიდენტმა რეპუტაცია შეილახა და პრესტიჟი დაკარგაო ასეთ სიტუაციაში. პირიქით – რუსეთმა თავისი ავტორიტეტი უფრო განიმტკიცა და აჩვენა, რომ ის ყოველ კრიზისს უმკლავდება – შინაგანსაც და გარეგანსაც.

რუსეთმა მორიგი გამოცდა გაიარა, ვლადიმერ პუტინმა კი მორიგი „ქრაშ-ტესტი“ (ანუ ტესტი შეტაკებაზე) ჩააბარა.

და უნდა დავიმახსოვროთ ორი რამ: პირველი – ვლადიმერ პუტინი არ ირჩევს გარეგნულად ეფექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ყოველთვის დგას ეფექტურობის პოზიციაზე. მეორე – მას კარგი მახსოვრობა აქვს: ახსოვს, თუ ვინ სად როდის რას აკეთებდა. 24 ივნისის შემდეგ მე მხოლოდ განმიმტკიცდა ის რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ისეთი ლიდერი ჰყავს, როგორიც ჭირდება. წინ მივდივართ, მტრების გულის გასახეთქად.

წყარო

რას ნიშნავს „ვაგნერის“ შეიარაღებული გამოსვლა ვლადიმერ პუტინის რეჟიმისათვის

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ნიუ სთეითსმენ“-ის (New Statesman) ვებ-გვერდზე გამოქვენებულია სტატია სათაურით „ამბოხება რუსეთში: რას ნიშნავს „ვაგნერის“ შეიარაღებული გამოსვლა ვლადიმერ პუტინის რეჟიმისათვის“ (ავტორი – ქეით სტალარდი).

გთავაზობთ ამონარიდს:

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ისტორია იცის. პრეზიდენტმა იცის, რომ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია, რომლის შედეგად რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები (კომუნისტები) მოვიდნენ, არმიაში მომხდარი ბუნტით დაიწყო – სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩაბმული და საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ მოქმედება სამხედრო ამბოხების მცდელობად შეაფასა (რუსეთი ახლაც საომარ მდგომარეობაშია – უკრაინასთან ომშია ჩაბმული) და მას „ქვეყნისა და ხალხის ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ის, ვინც ღალატის გზაზე დადგა, სწრაფად იქნება დასჯილი… მაგრამ იმ დროს, სანამ ვლადიმერ პუტინი ამას ამბობდა, პრიგოჟინის სამხედრო ქვედანაყოფები მოსკოვს სწრაფად უახლოვდებოდნენ. დღის წესრიგში დადგა მთავრობის ძალების (არმიის, როსგვარდიის, სპეცსამსახურების და ა.შ.) ერთგულების საკითხი: გამოავლენდნენ თუ არა ეს სტრუქტურები ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას?

თუმცა ამ საკითხმა გადამწყვეტ ფაქტორად გადაქცევა ვერ მოასწრო. ამბოხება სწრაფად დაიწყო და სწრაფადვე დასრულდა. პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თავდებობით ევგენი პრიგოჟინმა თავშესაფარი ბელარუსში მიიღო, „ვაგნერელებს“ კი ამბოხში მონაწილეობის ბრალდებები მოუხსნეს და ისინი რუსეთის არმიის შემადგენლობაში იქნებიან (ფაქტობრივად, კერძო სამხედრო კომპანია გაუქმდა).

მოვლენების ასეთმა დასრულებამ უფრო მეტი კითხვები დაბადა, ვიდრე პასუხები გასცა. რა ბედი ელოდება სინამდვილეში ევგენი პრიგოჟინს? მართლაც აპატიებს თუ არა მას ვლადიმერ პუტინი „ქვეყნის ღალატს“? სანქტ-პეტერბურგში მუშაობის დროს, იგი, ახალგაზრდა ჩინოვნიკი, მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ მოაწყვეს საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა შეთქმულება მაშინდელი ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის დამხობის მიზნით. ვლადიმერ პუტინს ისიც ემახსოვრებოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩაშლის მიუხედავად, მიხეილ გორბაჩოვი პუჩტის შემდეგ რეპუტაციაშელახულ პიროვნებად დარჩა, მისი პოლიტიკური კარიერა ფაქტობრივად დასრულდა. მალე საბჭოთა კავშირიც დაიშალა. ივნისი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს პირდაპირი დარტყმა მიაყენეს. თუ პრეზიდენტი შესაბამის გრძელვადიან დასკვნებს არ გააკეთებს, მაშინ გამოდის, რომ იგი თვითმარქვია ძალოსანია და აშკარად სუსტად გამოიყურება.

წყარო

„ვაგნერის“ ანტისამთავრობო ამბოხების შეფასება – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ (ISW – Institute for the Study of War) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით „ვაგნერის“ ანტისამთავრობო ამბოხების შეფასება“ (ავტორები – კაროლინა ჰარდი, ანჟელიკა ევანსი, მეისონ კლარკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კრემლი ყველანაირად ცდილობდა „ვაგნერისათვის“ ეფექტური და სწრაფი პასუხი გაეცა – მობილიზება გაუწია „როსგვარდიის“ სპეცრაზმებს (ყოფილ „ომონს“’), მაგრამ ისინი ევგენი პრიგოჟინის მომხრეებთან ბრძოლაში რატომღაც არ ჩაბმულან – მაშინაც კი, როცა კერძო სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვში სამხედრო დანიშნულების მქონე მნიშვნელოვანი ობიექტები ხელში ჩაიგდო და რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. სხვათა შორის, „ვაგნერის“ მოსკოვური ლაშქრობისათვის“ ხელი არ შეუშლია არც რამზან კადიროვის ქვედანაყოფებს, რომელმაც პომპეზურად გამოაცხადა რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმერ პუტინისადმი ერთგულება, სინამდვილეში კი უმოქმედოდ იდგა. მოკლედ, „ვაგნერი“ მოსკოვამდე აუცილებლად მივიდოდა და ეს ვლადიმერ პუტინმა კარგად დაინახა. სწორედ მისი თხოვნით ჩაერია საქმეში ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც მძაფრი სიტუაცია მეტ-ნაკლებად განმუხტა.

რუსულმა სამთავრობო წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეიარაღებული ამბოხება არანაირ გავლენას არ მოახდენდა ფრონტის ხაზზე დისლოცირებულ რუსეთის ჯარებზეო, მაგრამ „ვაგნერელთა“ მოქმედებამ დაადასტურა, რომ კრემლი ზურგში (როსტოვის, ვორონეჟის, ლიპეცკის ოლქებში) რეზერვების დეფიციტს განიცდის [სხვათა შორის, იყო ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვედანაყოფი ამბოხებულთა მხარეზე გადავიდა]. შესაბამისად, რუსულ წყაროებში გამოიხატა შიში, რომ არმიაშიც მსგავსი რამ მოხდებოდა – დაუმორჩილებლობა დაიწყებოდა და ჯარის ბრძოლისუნარიანობა შესუსტდებოდა, რითაც უკრაინელები ისარგებლებდნენ.

იმ შეთანხმების მიხედვით, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით იქნა მიღწეული და რომელიც კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააჟღერა, როგორც ჩანს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ლიკვიდირებული იქნება – მისი პირადი შემადგენლობა, კონტრაქტის საფუძველზე, რუსეთის რეგულარული არმიის შემადგენლობაში ჩაირიცხება. ანუ პრაქტიკულად მოხდება ის, რაც თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სურდა – „ვაგნერელთა“ სრული გაკონტროლება.

რუსეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ბელარუსის პრეზიდენტის ჩარევამ და მისი ძალისხმევით მიღებული გადამწყვეტი შედეგი ვლადიმერ პუტინისათვის, უეჭველია, დამამცირებელ ფაქტს წარმოადგენს, ხოლო თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის – საკმაოდ  მომგებიანს. კაცმა რომ თქვას, ბელარუსის ლიდერს „ვაგნერი“ სათავისოდ ადრეც აქვს გამოყენებული: გავიხსენოთ 2020 წლის ივლისი, როცა ბელარუსის უშიშროებამ, საარჩევნო კამპანიის დროს პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით, რამდენიმე ვაგნერელი დააკავა. შემდეგ ისინი ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინის თხოვნით გაათავისუფლა და „რუსეთში გააძევა“.

კრემლი ამჟამად უკიდურესად არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაშია. ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული გარიგება არა გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ნაკლოვანებები გამოავლინა. ამასთან, ჩვენი აზრით, ის ვერსია, რომ „ვაგნერელთა“ ბუნტი, კრემლის რეაქცია და ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობა თითქოსდა წინასწარ დადგმული და კრემლის მიერ ინსცენირებული იყო, აბსურდულს წარმოადგენს. ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უშიშროება-უსაფრთხოების სტრუქტურების უუნარობა დროულად გამოეყენებინათ თავიანთი ძალები შიდა საფრთხეების აღსაკვეთად. ამრიგად, ძირი გამოეთხარა სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების მონოპოლიას.

ევგენი პრიგოჟინის „სამართლიანობის მარშმა“, ანუ სწრაფმა და დაუბრკოლებელმა წინსვლამ მოსკოვისაკენ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილ ვერტიკალში ბზარები და სიცარიელეები არსებობს: თურმე კერძო არასახელმწიფოებრივ სტრუქტურას, მთელი სახელმწიფო სისტემის საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეუძლია.

„ვაგნერელთა“ მხრიდან ანტისამთავრობო შეიარაღებულმა გამოსვლამ აჩვენა რუსეთის სამხედრო რეზერვების დეგრადაცია, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად ფრონტზეა გადასროლილი და ქვეყნის შიგნით ყველაფერი ახალწვეულების იმედზეა მიტოვებული, მათ შორი საზღვრებიც.

კრემლი ცდილობდა საინფორმაციო უპირატესობა მოეპოვებინა და „ვაგნერელებს“ ყველაზე ბნელი ფერებით წარმოსახავდა, თუმცა როსტოველებს ევგენი პრიგოჟინისადმი არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და რიგ შემთხვევაში თბილად ესალმებოდნენ კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა „ვაგნერელებს“ თანაუგრძნობდა, მაგრამ იმავდროულად ვლადიმერ პუტინსაც არ აკრიტიკებდნენ.

და ბოლოს, 23-24 ივნისის მოვლენები, მართალია, მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ პერსპექტივაში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად დაასუსტებს ვლადიმერ პუტინის მთავრობას და ხელს შეუშლის რუსეთის სამხედრო მოქმედებების წარმატებულ განვითარებას უკრაინაში.

წყარო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივნისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6284 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6284 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6284 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8663 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8560 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0103 ლარი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საკმარისი მტკიცებულება არ მაქვს, ვთქვა, რომ საქართველო სანქცირებას იმსახურებს” – იაგო ხვიჩია

საკმარისი მტკიცებულება არ მაქვს, ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველო სანქცირებას იმსახურებს, ქვეყანაშია „შავი ხვრელი“ და ა.შ. მტკიცებულებების გარეშე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რიტორიკის დონეზე ყველაფერს აკეთებს, რათა დასავლელ პარტნიორებთან სიტუაცია არ დალაგდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ეს არდალაგებული სიტუაცია მივა სანქციებამდე, ამას დაედება რაიმე მტკიცებულებები, თუ ეს იქნება კონფლიქტი, რომელიც სანქციების გარეშე იმედგაცრუებას გამოიწვევს, თუ რას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორად არ ვიქცევით, პარტნიორებმა რომც არ დაგვასანქცირონ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კობა კობალაძემ და ქართულმა დელეგაციამ, ტექსელის აჯანყების დროს დაღუპულ თანამემამულეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, კუნძულ ტექსელზე, ფაშიზმის წინააღმდეგ აჯანყების დროს დაღუპული ქართველი მეომრების ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც აჯანყების მონაწილეთა პირადი და ომის ამსახველი ნივთებია წარმოდგენილი; მოინახულეს ბუნკერები, სადაც ტყვეები თავს აფარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ დელეგაციასთან ერთად, კუნძულ ტექსელზე იმყოფებოდა „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის” პრეზიდენტი, თიკა სვანიძე- ვენკო; მიმდინარე წლის 4 მაისს, სწორედ მისი ინიციატივით და მხარდაჭერით,ასევე, კუნძულ ტექსელის მერიასა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი გაიხსნა, რომელზედაც ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელებია ამოტვიფრული. ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ მებრძოლთა შორის, იდენტიფიცირებულია ათამდე ჯარისკაცი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მემორიალის დიზაინის ავტორი, ბელგიის სამეფოში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე გახლავთ.

ქართველთა აჯანყება ტექსელზე _ასე მოიხსენიებენ ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებულ აჯანყებას ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე 1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე. ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ, ხშირად, ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე, თითქმის, მთელი კუნძული ამბოხებულთა ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

“ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება”

ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დრო მოვიდა. ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მივმართავ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის ბოლო თვეებს ითვლის. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში.

როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ჩვენი ვალი, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა მილიონი ტანჯვით განადგურებული ჩერქეზისთვის და აგრეთვე ჩვენ დავდგით ამ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.

ჩვენ გავხსენით უვიზო შემოსვლა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის, შევქმენით საგანმანათებლო პროგრამები. გავხსენით სატელევიზიო არხი Первый Кавказский (ПИК), რათა მოგვეცა თქვენთვის თავისუფალი სატელევიზიო პლატფორმა. მეომარმა უკრაინამ საკუთარი პარლამენტის მეშვეობით აღიარა იჩქერიის რესპუბლიკა. დადგა დრო ყველას გააქტიურებისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე.

აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგომის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და რა თქმა უნდა უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები.

მე გთავაზობთ, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს ამ წამოწყებაში.

გწერთ, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, რომელიც საქართველოს დღევანდელმა პრორუსულმა ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა შეთითხნილი ბრალდებებით და ამყოფებს ტყვეობაში მოსკოვიდან პირდაპირი მითითების შესაბამისად.

როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პერსპექტივები, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ამავდროულად, აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელს ევროპაზე გასასვლელად. ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს და ჩვენ ყველა უნდა შევიდეთ თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობის და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის.

ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ რაც უფრო ერთად შეკრულები და კოორდინირებულები ვიქნებით, მით ნაკლებად შეძლებენ ჩვენი მტრები მათი თამაშის წესების თავზე მოხვევას.
მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული, კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, ცხვირ-პირში მიიღებს” – ბექა ოდიშარია

ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. შესაბამისად, მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ბრალდებების ავტორები პასუხს მიიღებენ.

„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა. მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 – კრწანისის რაიონში. წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.

„დღეს 66 ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ქალაქის მერისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული პროგრამის მოგვარებაში მოქალაქეებს დავეხმარებოდით. დღეის მდგომარეობით 3000-მდე ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა. ცხადია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აწუხებს ეს საკითხი. მათ უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. ჩვენი თანამშრომლები ყველანაირად დაეხმარებიან და აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფართების დაკანონება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.