„ვაგნერის“ ანტისამთავრობო ამბოხების შეფასება – რას წერს უცხოური პრესა

86
spot_img

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ (ISW – Institute for the Study of War) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით „ვაგნერის“ ანტისამთავრობო ამბოხების შეფასება“ (ავტორები – კაროლინა ჰარდი, ანჟელიკა ევანსი, მეისონ კლარკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კრემლი ყველანაირად ცდილობდა „ვაგნერისათვის“ ეფექტური და სწრაფი პასუხი გაეცა – მობილიზება გაუწია „როსგვარდიის“ სპეცრაზმებს (ყოფილ „ომონს“’), მაგრამ ისინი ევგენი პრიგოჟინის მომხრეებთან ბრძოლაში რატომღაც არ ჩაბმულან – მაშინაც კი, როცა კერძო სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვში სამხედრო დანიშნულების მქონე მნიშვნელოვანი ობიექტები ხელში ჩაიგდო და რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. სხვათა შორის, „ვაგნერის“ მოსკოვური ლაშქრობისათვის“ ხელი არ შეუშლია არც რამზან კადიროვის ქვედანაყოფებს, რომელმაც პომპეზურად გამოაცხადა რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმერ პუტინისადმი ერთგულება, სინამდვილეში კი უმოქმედოდ იდგა. მოკლედ, „ვაგნერი“ მოსკოვამდე აუცილებლად მივიდოდა და ეს ვლადიმერ პუტინმა კარგად დაინახა. სწორედ მისი თხოვნით ჩაერია საქმეში ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც მძაფრი სიტუაცია მეტ-ნაკლებად განმუხტა.

რუსულმა სამთავრობო წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეიარაღებული ამბოხება არანაირ გავლენას არ მოახდენდა ფრონტის ხაზზე დისლოცირებულ რუსეთის ჯარებზეო, მაგრამ „ვაგნერელთა“ მოქმედებამ დაადასტურა, რომ კრემლი ზურგში (როსტოვის, ვორონეჟის, ლიპეცკის ოლქებში) რეზერვების დეფიციტს განიცდის [სხვათა შორის, იყო ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვედანაყოფი ამბოხებულთა მხარეზე გადავიდა]. შესაბამისად, რუსულ წყაროებში გამოიხატა შიში, რომ არმიაშიც მსგავსი რამ მოხდებოდა – დაუმორჩილებლობა დაიწყებოდა და ჯარის ბრძოლისუნარიანობა შესუსტდებოდა, რითაც უკრაინელები ისარგებლებდნენ.

იმ შეთანხმების მიხედვით, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით იქნა მიღწეული და რომელიც კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააჟღერა, როგორც ჩანს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ლიკვიდირებული იქნება – მისი პირადი შემადგენლობა, კონტრაქტის საფუძველზე, რუსეთის რეგულარული არმიის შემადგენლობაში ჩაირიცხება. ანუ პრაქტიკულად მოხდება ის, რაც თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სურდა – „ვაგნერელთა“ სრული გაკონტროლება.

რუსეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ბელარუსის პრეზიდენტის ჩარევამ და მისი ძალისხმევით მიღებული გადამწყვეტი შედეგი ვლადიმერ პუტინისათვის, უეჭველია, დამამცირებელ ფაქტს წარმოადგენს, ხოლო თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის – საკმაოდ  მომგებიანს. კაცმა რომ თქვას, ბელარუსის ლიდერს „ვაგნერი“ სათავისოდ ადრეც აქვს გამოყენებული: გავიხსენოთ 2020 წლის ივლისი, როცა ბელარუსის უშიშროებამ, საარჩევნო კამპანიის დროს პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით, რამდენიმე ვაგნერელი დააკავა. შემდეგ ისინი ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინის თხოვნით გაათავისუფლა და „რუსეთში გააძევა“.

კრემლი ამჟამად უკიდურესად არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაშია. ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული გარიგება არა გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ნაკლოვანებები გამოავლინა. ამასთან, ჩვენი აზრით, ის ვერსია, რომ „ვაგნერელთა“ ბუნტი, კრემლის რეაქცია და ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობა თითქოსდა წინასწარ დადგმული და კრემლის მიერ ინსცენირებული იყო, აბსურდულს წარმოადგენს. ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უშიშროება-უსაფრთხოების სტრუქტურების უუნარობა დროულად გამოეყენებინათ თავიანთი ძალები შიდა საფრთხეების აღსაკვეთად. ამრიგად, ძირი გამოეთხარა სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების მონოპოლიას.

ევგენი პრიგოჟინის „სამართლიანობის მარშმა“, ანუ სწრაფმა და დაუბრკოლებელმა წინსვლამ მოსკოვისაკენ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილ ვერტიკალში ბზარები და სიცარიელეები არსებობს: თურმე კერძო არასახელმწიფოებრივ სტრუქტურას, მთელი სახელმწიფო სისტემის საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეუძლია.

„ვაგნერელთა“ მხრიდან ანტისამთავრობო შეიარაღებულმა გამოსვლამ აჩვენა რუსეთის სამხედრო რეზერვების დეგრადაცია, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად ფრონტზეა გადასროლილი და ქვეყნის შიგნით ყველაფერი ახალწვეულების იმედზეა მიტოვებული, მათ შორი საზღვრებიც.

კრემლი ცდილობდა საინფორმაციო უპირატესობა მოეპოვებინა და „ვაგნერელებს“ ყველაზე ბნელი ფერებით წარმოსახავდა, თუმცა როსტოველებს ევგენი პრიგოჟინისადმი არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და რიგ შემთხვევაში თბილად ესალმებოდნენ კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა „ვაგნერელებს“ თანაუგრძნობდა, მაგრამ იმავდროულად ვლადიმერ პუტინსაც არ აკრიტიკებდნენ.

და ბოლოს, 23-24 ივნისის მოვლენები, მართალია, მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ პერსპექტივაში, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად დაასუსტებს ვლადიმერ პუტინის მთავრობას და ხელს შეუშლის რუსეთის სამხედრო მოქმედებების წარმატებულ განვითარებას უკრაინაში.

წყარო