„უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა არაგონივრულია” – უცხოური პრესა

153
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინისადმი დასავლეთის მიდგომა არაგონივრულია: სანქციები რუსეთს არ ვნებს, ამიტომ ჩვენ კიევს იარაღის მიწოდება სასწრაფოდ უნდა გავუზარდოთ“ (ავტორი – მაქს ჰასტინგსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

დასავლეთ ევროპული ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც გასულ კვირას ლონდონში უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად იყვნენ შეკრებილნი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, ხოლო ყოველწლიურად საჩუქრებს სანტა კლაუსი მოუტანთ. ამას მათი პოლიტიკური ქცევა მოწმობს, რომლის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ მათ რიტორიკასა და მოქმედებას შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი. ბევრ დაპირებას, რომლებიც მათ ლონდონში კიევს აღუთქვეს, პირობითი ხასიათი აქვთ და აღთქმული თანხის საერთო მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა იმასთან შედარებით, რაც უკრაინას სინამდვილეში ჭირდება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს მანამდე გააჭიანურებს, სანამ დასავლეთის ქვეყნები და მოსახლეობა არ დაიღლებიან. ამასთან დაკავშირებით დასავლეთმა თვითონ უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის მანამ, სანამ რუსეთი არ გამოიფიტება, გრძელვადიანი პერსპექტივით. ამ მხრივ „კეთილგონივრულად“ იქცევიან აშშ, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც უკრაინის არმიას დახმარებას უწევენ, დანარჩენი დასავლეთევროპული სახელმწიფოები კი პირიქით, ძალიან პასიურად მოქმედებენ, რაც მათ დაპირებებს არ შეესაბამება.

გერმანია უკრაინისათვის თითქმის არაფერს არ აკეთებს. საფრანგეთი აკეთებს, მაგრამ ძალიან ცოტას. მართალია, ბერლინი და პარიზი, შარშანდლისაგან განსხვავებით, ახლა უფრო რეალისტურად აფასებენ რუსეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციის გარდაუვალობას, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, აუცილებელი ზომების მიღების სურვილი არ აქვთ. ამას მოწმობს, მაგალითად, მათ მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა: აშშ 15%-ით მეტს ეხმარება, ვიდრე მთელი ევროკავშირი. მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ლონდონმა კიევს მხოლოდ იმ დახმარების (იარაღისა და მოწყობილობების) ერთი მეშვიდედი მიაწოდა, რასაც აშშ უწევს უკრაინას. უფრო მეტიც – ვაშინგტონისაგან განსხვავებით, ლონდონი საკუთარი თავისთვისაც არაფერს აკეთებს – შეიარაღებიდან მოხსნილი ვადაგასული ტექნიკის დროულად შესაცვლელად.

დასავლეთ ევროპის სამხედრო მრეწველობა „სატირელ მდგომარეობაში“ იმყოფება. იგივე მდგომარეობა აქვს დიდ ბრიტანეთსაც, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ამბიციური სტრატეგიული ვალდებულებები აიღო „გლობალური ბრიტანეთის“ პროექტის რეალიზებისათვის. სამწუხაროდ, ქვეყანას ამისათვის რესურსები არ აქვს. პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ძირითადად საშინაო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით არის დაკავებული და თავდაცვას ნაკლებ ყურადღებას უთმობს – უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ბრალი მიუძღვით მის წინამორბედებსაც – ყოფილ პრემიერებს დევიდ კემერონს, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონს და ლიზ ტრასს.
ბევრი დასავლელი ანალიტიკოსის მტკიცებით, მოსკოვი კრახის პირას იმყოფება და სულ მალე ომის გაგრძელების თავი აღარ ექნებაო, მაგრამ სინამდვილეში რუსული ეკონომიკა სანქციებს უმკლავდება და საკმაოდ კარგადაც. გარდა ამისა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს ამჟღავნებს, ან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვთ დაკავებული.
დასავლეთი უნდა შეეგუოს ისეთ მსოფლიოს, რომელშიც რუსეთმა ისტორიული შებრუნება განახორციელა ევროპიდან აზიისაკენ. დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა და ამომრჩევლებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას და უნდა გააცნობიერონ, რომ ამისათვის ფასის გადახდაა საჭირო, ანუ უკრაინისთვის მსხვერპლი ერთმანეთს შორის უნდა იქნეს გაყოფილი“. უკრაინას ჭირდება უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები ნატოსაგან, მაგრამ იმისათვის, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, საჭირო იქნება, რომ კიევი ყირიმის რუსეთის რეგიონად ყოფნას შეურიგდეს.

წყარო