ვინ გადაარჩინა სინამდვილეში რუსეთი და ვინ შეაჩერა „ვაგნერელთა“ კოლონა?

192
spot_img

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (Комсомольская правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამბოხების ერთი დღე: ვინ გადაარჩინა სინამდვილეში რუსეთი და ვინ შეაჩერა „ვაგნერელთა“ კოლონა?“ (ავტორი – ალექსანდრე გრიშინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დივანზე მოხერხებულად მჯდომმა და ნოუთბუქებით შეიარაღებულმა არმიამ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შაბათს ან გაყუჩებული იყო, ან „ვაგნერის“ დირექტორს აქებდა და მისი „მოსკოვური ლაშქრობისგან“ რაღაც დიდ შედეგს ელოდებოდა, უკვე კვირას, როცა ევგენი პრიგოჟინის გეგმა ვერ განხორციელდა, საპირისპირო განცხადებების გაკეთება დაიწყო – ხელისუფლებამ ყველაფერი ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო – მასთან მოლაპარაკება არ უნდა დაეწყოო. ზოგიერთები, სხვათა შორის, იმასაც ფიქრობენ, რომ რუსეთი თურმე ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაურჩენია.

მართლაცდა, სადაო არაა, რომ ალექსანდრე გრიგორევიჩმა თავისი დიდი როლი შეასრულა კრიზისის გადაწყვეტაში. პირველ რიგში იმით, რომ მან კომუნიკაციის არხი შექმნა: „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს იგი არაერთი ათეული წელია პირადად იცნობს. მაგრამ ალექსანდრე ლუკაშენკო ევგენი პრიგოჟინს თავის პირობებს კი არ ეუბნებოდა, არამედ იმ ადამიანის სიტყვებს უმეორებდა, რომელმაც რთულ სიტუაციაში სიმტკიცე შეინარჩუნა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად მოქმედებდა.

ეს ადამიანი იყო ვლადიმერ პუტინი. სინამდვილეში სწორედ მან შეძლო ამ ისტორიის მშვიდობიანად დასრულება.

შეიძლებოდა თუ არა „ვაგნერის“ განადგურება ძალისმიერი მეთოდებით? რა თქმა უნდა. დამეთანხმებით, რომ კოლონა, რომელიც გზატკეცილზე მარშით მოძრაობს, საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს. პრიგოჟინი რომ კრემლში პუტინის ნაცვლად მჯდარიყო, ეჭვი არ მეპარება, იგი ამბოხებულთა კოლონას ნამდვილად გაანადგურებდა. და საერთოდ, ყოველი გენერალიც პუტინის ადგილზე იგივეს გააკეთებდა. მადლობა ღმერთს, რომ მათგან ვერცერთი პრეზიდენტის როლს ვერ შეასრულებდა და კიდევ ერთი მადლობა უფალს, რომ იქ, კრემლში, სწორედ ვლადიმერ პუტინი ზის და სხვა არა.

თუ თქვენ აქამდე არ შეგინიშნავთ, მაშინ მე გეტყვით, რომ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება, მით უმეტეს, არ სურს საქმის სისხლისღვრამდე მიყვანა. იგი პოლიტიკურ ოპონენტებთან და ამპარტავან ოლიგარქებთანაც კი ცდილობს საქმე მშვიდობიანად მოაგვაროს და ოპონენტს გონივრულობისაკენ უხმობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პრეზიდენტი ყველა მათგანს, თავისი გარემოცვის ჩათვლით, ჭკვიან ადამიანებად თვლის და დარწმუნებულია, რომ ისინი სრულიად ნორმალურად იქცევიან (თუმცა, ჩვენში დარჩეს და ბევრი მათგანი ყოველთვის ვერ გებულობს არათუ მინიშნებებს, არამედ უბრალო რუსულ სიტყვებსაც კი). პრეზიდენტი ხისტ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სხვა მეთოდი ამოიწურება. და როცა მიიღებს, იშვიათად თუ ცვლის, უძლურია ხვეწნა-მუდარები და თხოვნები…

გახსოვთ, რამდენ ხანს ელოლიავებოდა უკრაინას? იმიტომ რომ სისხლის დაღვრა არ სურდა და ნამდვილად თვლიდა უკრაინელებს მოძმე ხალხად (ახლა როგორ თვლის, არ ვიცი), მაგრამ რადგანაც „ტოვარიშჩ ბერია ვიშიოლ იზ დოვერია“, პრეზიდენტმაც უკან აღარ დაიხია.

ვლადიმერ პუტინისათვის „პრიგოჟინელებიც“ ასეთივე გზადაბნეული ადამიანები არიან, რომელთა განადგურებას იგი არავითარ შემთხვევაში არ გეგმავდა და არ იძლეოდა რადიკალურ ბრძანებებს, სანამ ეს მოსათმენი იყო – სხვათა შორის ბორის ელცინისაგან განსხვავებით, რომელმაც მსგავსი ბრძანება 1993 წელს გასცა და რომლის მწარე გემოს საზოგადოება დღესაც გრძნობს. განა სასიამოვნოა ბრძანების გაცემა რამდენიმე ათასი რუსი ადამიანის მოკვლის მიზნით? არავის არ ვუსურვებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ განა პრეზიდენტმა მერყეობა უნდა გამოიჩინოს, როცა ისინი „წითელ ხაზებს“ გადაკვეთენ და რეალურად დაემუქრებიან ქვეყნის უსაფრთხოებას? დიახ, ასეთი ბრძანება, ალბათ, გაცემული უნდა ყოფილიყო. ამიტომაც აშკარად არ ღირს თავზე ნაცრის წაყრა და მოთქმა-გოდება. ყველაფერი გაკეთდა ოპტიმალური სცენარით.

რასაკვირველია, „პრიგოჟინელები“ რუსულ სახელმწიფოს ორხელისუფლებიანობისა და სამოქალაქო ომის ზღურბლამდე ვერ მიიყვანდნენ – მათ ამისათვის არც ხალხისაგან არ ექნებოდათ მხარდაჭერა და არც სახელმწიფო ორგანოებისაგან, მაგრამ სისხლისღვრამდე სიტუაცია, ალბათ, მართლაც მივიდოდა. ამიტომაც არ ღირს „ნიანგის ცრემლების“ დაღვრა, როგორც ამას აკეთებენ ყველაზე „ადეკვატური“ უკრაინული ტელეგრამ-არხები და რუსი ლიბერალები, რომლებიც წერენ და გაიძახიან – რუსეთის პრეზიდენტმა რეპუტაცია შეილახა და პრესტიჟი დაკარგაო ასეთ სიტუაციაში. პირიქით – რუსეთმა თავისი ავტორიტეტი უფრო განიმტკიცა და აჩვენა, რომ ის ყოველ კრიზისს უმკლავდება – შინაგანსაც და გარეგანსაც.

რუსეთმა მორიგი გამოცდა გაიარა, ვლადიმერ პუტინმა კი მორიგი „ქრაშ-ტესტი“ (ანუ ტესტი შეტაკებაზე) ჩააბარა.

და უნდა დავიმახსოვროთ ორი რამ: პირველი – ვლადიმერ პუტინი არ ირჩევს გარეგნულად ეფექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ყოველთვის დგას ეფექტურობის პოზიციაზე. მეორე – მას კარგი მახსოვრობა აქვს: ახსოვს, თუ ვინ სად როდის რას აკეთებდა. 24 ივნისის შემდეგ მე მხოლოდ განმიმტკიცდა ის რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ისეთი ლიდერი ჰყავს, როგორიც ჭირდება. წინ მივდივართ, მტრების გულის გასახეთქად.

წყარო