Home Blog Page 1940

“მადლობლები ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული” – კუმარ აიერი

მადლობლები ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა.

“დავიწყებ იმით, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა საქართველოში რამდენიმე თვის წინ და ამ ვიზიტისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პარტნიორობა, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან… და ამ მხრივ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული. მეორე მიზანია ის, რომ ჩვენ ვხედავთ და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, იგი გააგრძელებს სხვადასხვა გზების ძიებას. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია თუ როგორ გავაგრძელოთ ეს ძალისხმევა, რომ საბრძოლო საქონელმა რუსეთში არ მიაღწიოს.

ელჩმა ო’ბრაიენმა სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ გავლენაზე, რომელიც ამას რუსეთზე აქვს. უპირველეს ყოვლისა, ამას გავლენა აქვს ბრძოლის ველზე. ვიცით, რომ ბევრი რუსული იარაღის დასავლურ ნაწილებზე არის დამოკიდებული, ნაწილებზე, რომლებიც ჩვენს მიერ დასანქცირდა. ბრძოლის ველის განხილვიდან და ანგარიშებიდან ვიცით, რომ ამ ნაწილების დასავლეთიდან მიღება აღარ შეუძლიათ, ისინი ნაკლები ხარისხის ნაწილებს იყენებენ და მათი იარაღის ეფექტურობაც მცირდება.

ძალიან ღიად და საჯაროდ ვლაპარაკობდით იმ კომპონენტებზე, რომლებზეც ყველაზე მეტად ვართ შეშფოთებულები, ისინი ჩვენს ვებგვერდზეა. ეს იგივე 38 საქონელია, რომლებზეც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ფოკუსირებულნი არიან და ყველანი ერთსა და იმავე აზრზე ვართ ფოკუსირებულნი”, – განაცხადა აიერმა.

“საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები და შესაძლოა, ამით იმედგაცრუებული ვიყოთ” – დევიდ ო’სალივანი

საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები და შესაძლოა, ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, თუმცა ასევე გვესმის სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფება, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.

„საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივ მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.

“მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას”- სააკაშვილი

რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი. მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე

„მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა.

საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია.ახლა მთავარია არ შეგვეშინდეს!

მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება მოვეკალი. ნურც თქვენ შეგეშინდებათ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა!

რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა – ძალიან მიკვირს ამას რომ ვუყურებ.

წინ რუსეთის და უკრაინის მოვლენების პარალელურად (განსაკუთრებით უკრაინის წარმატების პარალელურად), უმძიმესი პერიოდი გველოდება, რომლის გასავლელად კონსოლიდაცია და ახალი ელემენტების შემოტანა გვჭირდება, ისეთის, რაც წინა წლებში არ ყოფილა აქტუალური.

ჩვენ მათ მოგვპარეს მომავალი და ახლა უნდათ აწმყოს წართმევაც. უნდა ვუთხრათ ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში, რომ ვერ მოგვერევით. ვერ „დაგვაჩმორებთ“, ჩვენ ბევრად მეტი ვართ.

რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი.

მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/804548184374114?ref=embed_post

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 28 ივნისის 17:00 საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის“. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია, – ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“.

„კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი „იმედის“ ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ „ტელეიმედის“ მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ჩვენი ფეისბუქგვერდის აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებგვერდზე – imedi.ge, imedinews.ge და „იმედის“ იუთუბ არხზე. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც „ფეისბუქზე“ ბოლო საათების განმავლობაში მაუწყებლობს „იმედის“ სახელით. არცერთ მათგანს არანაირი შეხება „იმედთან“ არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდი“, – ნათქვამია განაცხადებაში.

“დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ნიკოლოზმა ჩანთა” – ნეკა დოროყაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა 2018 წელს, ნიუ-იორკში გადაღებული ვიდეომასალა წარადგინა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

საკუთარ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეომასალა დოროყაშვილმა მოსამართლეს პირადად აჩვენა და თან ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა.

„დააკვირდით მოძრაობას, ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას… მომხვდა თავში, მეტკინა ძალიან, მართალია, სხვა დაზიანებებიც მქონდა ამ დროს მიღებული, აღვნიშნე, რომ ბოლო კადრებია, არ მქონია მოლოდინი, რომ იძალადებდა კიდეც ფიზიკურად, მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიურად გააგრძელებდა ძალადობას. მანამდე იყო იატაკზე თრევა.

ნიკოლოზი ნამდვილად ოთახში იმყოფება, ნამდვილად ვეუბნები, რატომ მირტყამო, ხმას არ მცემს და აგრძელებს ძალიან მშვიდად და წყნარად, არ მეწინააღმდეგება, არ მეუბნება, რას ამბობ, მე არ გირტყამო. საერთოდ, რად გვინდა ეს დისკუსია, როცა არსებობს ძალადობის კადრები, საერთოდ რატომ დავდივარ აქ, რატომ დავდივარ ეს 4 წელია, გამაგებინეთ. მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი. მე დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა“, – განაცხადა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სხდომას არ დასწრებია ნიკოლოზ ბასილაშვილი.

შემდეგ სხდომაზე, რომელიც 7 ივლისს, 11:00 საათზე ჩატარდება, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ქვეყნის პირველმა ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო განაჩენს უცვლელად დატოვებს.

“ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული, რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის?”

ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული. რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის? თუ სანქციების გვერდის ავლაში თქვენ არ ეხმარებით ან ვერ აკეთებთ თქვენს საქმეს, რატომ ჩამოვიდოდნენ?, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცრიძემ განაცხადა ბიუჯეტის ანგარიშის განხილვისას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბევრ რამეზე ტრაბახობს რუსეთთან ვაჭრობისა, თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებით, უკრაინაში ომის გახანგრძლივების ხარჯზე, რაც უზნეო საქციელია.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროოპტიმისტებმა“ გამოგიგზავნეთ შეკითხვა, როგორ ებრძვით რუსეთში სანქცირებული ტვირთების შეტანას. არ მოგწერეთ, რომ რატომ უწყობთ ხელს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დღეს ევროკავშირიდან და აშშ-დან სანქციების ჯფუფის ორი ხელმძღვანელია ჩამოსული. რა უნდათ საქართველოში, თუ პრობლემა არ არის? თუ სანქციების გვერდის ავლაში თქვენ არ ეხმარებით, ან ვერ აკეთებთ თქვენს საქმეს, რატომ ჩამოვიდოდნენ? დღეს ბრიფინგი ჩატარდა. რა უნდათ სომხეთში, რა უნდათ საქართველოში? წერილი მოგწერეთ, დაარღვიეთ, მეორეჯერ მოგწერეთ და ახლა მივიღეთ ფინანსთა მინისტრისგან – თქვენი წერილის პასუხი იხილეთ ჩვენს განცხადებაში და განცხადების ლინკი დაურთეს. კი მაგრამ, რატომ არ სცემთ პატივს პარლამენტს, მის ხელმძღვანელობას და რეგლამენტს? ეს ადამიანები აქ რომ არიან ჩამოსული, ეს არის ნიშანი და სხვათა შორის, თუ თქვენ გადაახვევთ და მოუსმენთ, ერთ-ერთმა თქვა, რომ რუსეთის მიერ სანქციების დარღვევაში ხელის შეწყობა ნიშნავს უკრაინაში ომის გახანგრძლივებას. რას ნიშნავს უკრაინაში ომის გახანგრძლივება? გახანგრძლივება ნიშნავს ახალ მსხვერპლს, ახალ დახოცილ ადამიანებს, ჯარისკაცებს, ბავშვებს, ქალებს და დაბომბილ ქალაქებს. ეკონომიკის ზრდაც ფიქტიურია, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ქაღალდზე არის, რუსეთიდან შემოსული ადამიანების ხარჯზე, ისევე როგორც დასაქმებულთა ზრდა, 20 ათასზე მეტი ინდმეწარმე დარეგისტრირდა, რუსეთის მოქალაქე საქართველოში. ჩვენი სტატისტიკით საკმარისია ერთი ფირმის შექმნა ინდმეწარმის სახით, უკვე დასაქმებულად ითვლები. ხელისუფლება ბევრ რამეზე ტრაბახობს, რუსეთთან ვაჭრობისა, თუ სხვა საქმიანობის, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებით, სწორედაც რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივების ხარჯზე. ეს არის უზნეო საქციელი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ. „ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში, ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას“.

“აზერბაიჯანელებმა სომხების პოზიციები დაბომბეს, დაიღუპა 4 ჯარისკაცი” – სომხური მედია

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სომხეთის პოზიციები დაბომბეს, – ინფორმაციას სომხური მედია ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მარტუნსა და მარტაკერტში სომხური პოზიციების არტილერიით დაბომბეს, ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები“, – აცხადებენ ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიაში.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედიაც. მათი ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ დაარტყა უკანონო სომხური შეიარაღებული რაზმების პოზიციებს აღდარასა და ხოჯავანდის მიმართულებით, რის შედეგადაც მათი 4 წევრი „გაანეიტრალეს“.

“რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები”

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ნატო-ს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემისკენ მოუწოდა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება და მორალური უპირატესობა. ამის რეალობად ქცევისთვის საჭიროა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ალიანსიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ გახედვა შეწყვიტონ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შიდა ძალებიც კი აღარ უყურებენ „კრემლის სუსტ პატრონს“.

პრეზიდენტის განცხადებით, ნატო იქნება უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის და უკრაინული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფენ ნატო-ს სხვა წევრების უსაფრთხოებასა და დაცვას.

ზელენსკის შეფასებით, „ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი ომია, ომი, რომელიც გარდაუვალად გაღვივდება და კითხვა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, როდის მოხდება ეს, რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს“.

„სწორედ ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას უნივერსალური სარგებელი გააჩნია: უკრაინა არასდროს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არცერთ ვარიანტს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად”

ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

“კიდევ კარგი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ არის ხელისუფლებაში – ქვეყანაში რუსული ტანკები იდგებოდა”

სააკაშვილის განცხადება იყო ცარიელი სპეკულაცია. როცა საუბარია „კავკასიურ გაერთიანებაზე“, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეხერხებინა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები.

„ესეც არის რა თქმა უნდა მორიგი პროვოკაციული, „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან და აქედან ჩანს მათი ბუნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კიდევ კარგი ეს ადამიანები: სააკაშვილი, გვარამია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ხაბეიშვილი და ა.შ. არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს იდგებოდა რუსული ტანკები . მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“ – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ალბათ, ერთადერთი, რაც შეიძლება დარწმუნებით ითქვას „ვაგნერის“ მხრიდან გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის არის, რომ რუსეთს არათუ მსხვილი ქალაქების, არამედ საკუთარი საზღვრების დაცვაც არ შეუძლია. შესაბამისად, დასავლეთმა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გააკეთოს: უკრაინას იმდენი თავისუფლება და ინსტრუმენტები უნდა მისცეს, რომ კიევმა რუსეთის სისუსტით ისარგებლოს და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი საბოლოოდ დაამხოს.

მთელი ამ ომის განმავლობაში პუტინი ეყრდნობოდა იმ ვარაუდს, რომ უკრაინის საომარი მოქმედებები მხოლოდ მისივე ტერიტორიით იქნებოდა შემოფარგლული. კრემლს ეგონა, რომ ომს თითზე ჩამოსათვლელ დღეებში დაასრულებდა. ახლა პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთი უკრაინის არმიას თავისი საზღვრების გარეთ გასვლის ნებას არ მისცემს. რუს დიქტატორს ჰგონია, რომ ნატოს ეშინია და ამიტომ უკრაინის ჯარის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას არ დაუშვებს.
მაგრამ რატომ არ უნდა შეიჭრას უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე? მოსკოვი უკვე დასავლეთიდან ეკონომიკურად იზოლირებულია, მისი არმია ძლივძლივობით იცავს თავს და აქედან გამომდინარე, აღორძინების პროცესში მყოფი დასავლეთისადმი მას წინააღმდეგობის გაწევა უჭირს.

რა თქმა უნდა, უკრაინის არმიას აქვს შესაძლებლობა ღია მასიური დარტყმა მიაყენოს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიას. გასული დღეების მოვლენები ექსტრაორდინარული იყო: რამდენიმე ათასმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა იოლად გაიარა ასობით კილომეტრი და მოსკოვს მიუახლოვდა. და ამ დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, რას იზამს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის რეგულარული არმია, რომელიც უახლესი დასავლური იარაღით არის შეიარაღებული?
რუსეთის მიერ განცდილმა დანაკარგებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მისი არმია ახალწვეულებისა და იმ ქვედანაყოფების იმედზეა, რომლებიც დიდი მანევრირებულობით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, უკრაინას უჩნდება შესაძლებლობა, რომ მან კონტრშეტევა, კარგი მომზადების წყალობით, უფრო შედეგიანად წარმართოს და გაარღვიოს მოწინააღმდეგის გამაგრებული ზღუდეები, რომლებსაც რუსეთი თითქმის ერთი წელი აშენებდა.

დასავლურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ აქვთ იმის შიში, რომ თუ ვლადიმერ პუტინი მარცხს იგრძნობს, ის „ბირთვული იარაღის ჟღარუნს დაიწყებს“. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დიდი რისკი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა, მაგრამ განა რუსეთში ყველას სურს ბირთვული ომის დაწყება?

და თუ ვლადიმერ პუტინს ბირთვულქობინებიანი რაკეტების გაშვება სურს, მას ამის საბაბი დიდი ხანია აქვს – რუსული სამხედრო დოქტრინა პრეზიდენტს უფლებას აძლევს ბირთვული იარაღით ისარგებლოს, თუ მოწინააღმდეგე მის ტერიტორიას შეუტევს. კრემლმა ოკუპირებული დონბასი თავის ტერიტორიად იურიდიულად გამოაცხადა და როცა უკრაინის არმია ახლა დონბასს უტევს, მოსკოვს შეუძლია ზემოხსენებული უფლება გამოიყენოს. მაგრამ მას დღემდე არაფერი არ გაუკეთებია. და არც მაშინ არ გააკეთებს, როცა უკრაინა 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიის (ყირიმის) გათავისუფლებას დაიწყებს.

გავიხსენოთ, რომ კრემლი იმუქრებოდა – თუ უკრაინა ნატოს ქვეყნების მიერ მიცემულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა, რუსეთის ამგვარ ქმედებას ნატოს აგრესიად ჩათვლიდა. ბელგოროდში შეჭრილმა უკრაინის დაქვემდებარებაში მყოფმა „რუსულმა ლეგიონმა“ ჩეხური და ბელგიური იარაღი გამოიყენა. რა გააკეთა საპასუხოდ რუსეთმა? არაფერი.

ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უბრალოდ, მას არ შეუძლია ამის გაკეთება. მან კარგად იცის, რომ თუ იგი წითელ ღილაკზე თითით დაჭერას შეეცდება, ეს ფიზიკურად მის სასიკვდილო განაჩენსაც ნიშნავს, გარანტირებული განადგურების ან შიდა სასახლის გადატრიალების სახით. პუტინი ის კაცი არ არის, რომელიც ასეთ რისკზე წასვლად გადაწყვეტს. „ვაგნერის“ ამბოხებამ მის ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა: ჩვენ პირველად ვნახეთ მისი ხელისუფლების საფრთხე რუსეთის შიგნით, თუ როგორ დაიხია უკან ე.წ. „ძლიერმა კაცმა“.

იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, მისი ხელისუფლება მართლაც დასუსტდა, ჩვენ არავითარი სინდისის ქენჯნა არ უნდა გვქონდეს, თუ მისი დამხობისათვის მოვლენებს დავაჩქარებთ. ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ სიფრთხილე დავიცვათ, რადგან შეიძლება პუტინის მემკვიდრე უფრო უარესი აღმოჩნდესო. მაგრამ ჩვენ უკვე ერთხელ დავუშვით მსგავსი შეცდომა, როცა ერაყის პირველი ომის დროს სადამ ჰუსეინს ხელისუფლებაში დარჩენის უფლება მივეცით. თუ დიქტატორი მეზობლების წინააღმდეგ ომს იწყებს, ასეთ სიტუაციაში ყველა ალტერნატივა უკეთესია. მისი მემკვიდრე უფრო უარესი რუსეთისათვის იქნება და არა ჩვენთვის.

წყარო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6220 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6220 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6220 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8727 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8774 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.