Home Blog Page 1909

ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა განაცხადა.

„ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წელია ახორციელებს, ათავისუფლებს რა ჩვენს მიწებს სომხეთის ოკუპაციისგან, დაიმსახურა ასეთი ტიტულის ტარების უფლება. მჯერა, რომ ამ მოსაზრებას ყველა აზერბაიჯანელი იზიარებს“, – განაცხადა ბუდაგოვმა.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების შესახებ.

“იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას” – ანა ნაცვლიშვილი

იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას და წლის ბოლოს საქართველოს ექნება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირში „ქართული ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ორბანი არის სწორედ ის პირი, ვისი ხელითაც შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის“.

„ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ ვინმე ერკვევა ყველა აღნიშნავს, რომ ვეტოს დადება უკრაინის საკითხისთვის გავლენას აუცილებლად იქონიებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორბანის ხელით ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს პუტინის რუსეთი უშლის“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

“ასეთი ომი არ ყოფილა არც XX საუკუნეში და არ იქნება არც XXI-ში”-BBC

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურისათვის (BBC Russian) მიცემულ ინტერვიუში სათაურით „ასეთი ომი არ ყოფილა არც XX საუკუნეში და არ იქნება არც XXI-ში“.

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. პირიქით, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, – ხაზი გაუსვა ალექსი დანილოვმა.

სხვათა შორის, საინტერესოა გავიხსენოთ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაწყების წინ, 2023 წლის მაისში ალექსი დანილოვმა განაცხადა, რომ „უახლოეს თვეებში უკრაინას რუსეთზე გამარჯვების ისტორიული შესაძლებლობა ექნება“.

ამჟამად კი, თავისი იმდროინდელი განცხადების გახსენებისას, ალექსი დანილოვი აღიარებს, რომ მაისში უკრაინის ყოველ მოქალაქეს სურდა, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებულიყო. შესაბამისად, იმედები არსებობდა, მაგრამ… მოლოდინები არ გამართლდა“. „რას ვიზამთ… ხდება ხოლმე. ადამიანები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ. მთელი ცხოვრება ფრიადოსანი ვერ იქნები“, – თქვა ალექსი დანილოვმა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ინტერვიუში, რომელიც მას BBC-ის კორესპონდენტმა ჯესიკა პარკერმა ჩამოართვა, ფრონტის ხაზზე შექმნილი სიტუაცია შეაფასა როგორც „ძალიან რთული და მძიმე“ და განაცხადა, რომ ძველი სამხედრო სახელმძღვანელოები, მათ შორის ნატოს სახელმძღვანელოებიც, უკვე არქივში უნდა ჩაბარდეს, ისინი პრაქტიკულად გამოუსადეგრები გახდნენ. „ასეთი ომი არ ყოფილა არც XX საუკუნეში და მეტად არ იქნება არც XXI-ში“, – აღნიშნა ალექსი დანილოვმა.

„ის, რომ ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვიცავთ ქვეყანას, ჩვენს დიდ გამარჯვებას ნიშნავს“, – ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი ინტერვიუში.

როგორც ალექსი დანილოვი ვარაუდობს, უკრაინისადმი დახმარების საკითხში აშშ-ის კონგრესში შექმნილი პრობლემის მიუხედავად, უკიდურეს შემთხვევაში აშშ-საგან გარკვეული სამხედრო დაფინანსება მაინც იქნება აუცილებლად მიღებული.

„თუ ისე მოხდება, რომ აშშ-საგან ამ საჩუქარს ქრისტეშობის დღესასწაულამდე მივიღებთ, ჩვენ ძალიან კმაყოფილები და გახარებულები ვიქნებით“, – აღნიშნა მან, – „მაგრამ თუ ეს უფრო მოგვიანებით მოხდება, ამისგან ტრაგედიას ნუ შევქმნით“.

ალექსი დანილოვმა უარი თქვა პასუხი გაეცა კითხვებისათვის – შესაძლებელია თუ არა სამომავლოდ ახალი მცდელობის განხორციელება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით და წააგებს თუ არა უკრაინა ომს, თუ აშშ მის დახმარებას შეწყვეტს.

„შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით“, – აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, – „ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის აუცილებლად გავაგრძელებთ“.

წყარო:

“2024 წელს არჩევანი გასაკეთებელი იქნება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის” – შალვა პაპუაშვილი

ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ, თითქოს სხვა ცენტრები იქმნება და და ამით დააბნიონ საზოგადოება, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია არჩევნებზე ქართველი ხალხი არ დაიბნევა.

„ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაზე. ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება. სინამდვილეში, ოპოზიციაში ერთადერთი ძალა არის  „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ფინანსური და სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რუსეთის გაძლიერებისა და მოკავშირეებში არსებული განხეთქილების შემყურე უკრაინა დამწუხრებული და მიყუჩებულია“ – უცხოური პრესა

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის გაძლიერებისა და მოკავშირეებში არსებული განხეთქილების შემყურე უკრაინა დამწუხრებული და მიყუჩებულია“ (ავტორები – დენიელ მაიკლსი და ალისტერ მაკდონალდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებელი საზაფხულო კონტრშეტევის შემდეგ მომავალ 2024 წელს რაიმე ახალი მსხვილი შემტევითი მოქმედება განახორციელოს“, – ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის მასალაში, რომელიც დასავლელი დიპლომატებისა და სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს იმოწმებს.

უკრაინის არმია დაიღალა…

„უკრაინის არმია, რომელმაც ფართოდ პროპაგანდირებული კონტრშეტევით რეალურად  რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია, იძულებული გახდა თავდაცვითი, პოზიციური ბრძოლის ტაქტიკაზე გადასულიყო. ამასთან ერთად, დასავლეთის ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად შესუსტდა, ევროკავშირი და აშშ გარკვეულ სიძნელეებს განიცდის კიევისადმი პრაქტიკული სოლიდარობის საკითხში. მოხდა კიდევ უფრო უარესი ამბავი: თვით უკრაინის ხელისუფლებასა და სამხედრო სარდლობას შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდა“, – აღნიშნავენ ავტორები.

„დასავლელი დიპლომატები და სამხედრო სტრატეგოსები ამბობენ, რომ დაღლილ დაქანცული და ძალებისაგან გამოფიტული უკრაინას დრო ჭირდება აღსადგენად და რომ კიევი, როგორც ჩანს, 2025 წლამდე ძალას ვერ მოიკრებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრშეტევის განსახორციელებლად“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

…და მას დასვენება და ძალების აღდგენა ჭირდება

სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინის უნარი – დაიბრუნოს და კვლავ გააკონტროლოს დაკარგული ტერიტორიები – დღეს საეჭვოდ არის მიჩნეული. იმავდროულად კი, უკრაინისაგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკა ვითარდება, „ქვეყანა პრაქტიკულად სამხედრო რელსებზეა გადასული“. კრემლის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ რუსეთის პოზიციები საგრძნობლად განამტკიცა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე – ბოლო დროს – დიპლომატიურ სარბიელზეც.

ამ ფონზე დასავლელი ლიდერები „უკრაინისათვის გამარჯვების დაპირებებიდან“ ნელ-ნელა გადადიან მისი ბრძოლისადმი „უბრალო მხარდაჭერაზე“. ისეთი პირი უჩანს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ომი უკვე გაჭიანურებული და ხანგრძლივი იქნება.

თუ უკრაინა და მისი მოკავშირეები  შეძლებენ ამჟამინდელი პრობლემებისადმი გამკლავებას, ასეთ სიატუაციაში, დასავლელი სტრატეგოსების აზრით, 2024 წელი, უკეთეს შემთხვევაში, უკრაინის არმიისათვის „აღდგენისა და ძალების მოკრების წელი“ გახდება.

წყარო

“დარწმუნებული ვარ, რომ ის დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, იქნება შედეგიანი” – ილია დარჩიაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ის დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს წევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის უნგრეთთან ერთადაც, რათა კვირის ბოლოს გაფართოების პაკეტი იყოს მიღებული, იქნება შედეგიანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა.

„მე არ მინდა ნეგატიურ სცენარზე საუბარი, ერთი რამის თქმა შემიძლია – უნგრეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოსთვუს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს გზავნილი არაერთხელ მიგვიღია და დღესაც მივიღეთ. ეს არის ოჯახი, 27 ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს წევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის უნგრეთთან ერთადაც, რათა კვირის ბოლოს გაფართოების პაკეტი იყოს მიღებული, იქნება შედეგიანი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან აქტიური დიალოგი და რთული მოლაპარაკებები მიდის წევრ ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვირის ბოლოსთვის ვნახავთ კონკრეტულ შედეგებს. ჩვენი ჭრილიდან ყველაზე მნიშვნელოვანია – გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

“ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი”-მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

“უკლებლივ ყველა ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ეს ვარაუდი გვიყალიბდებოდეს, მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„ამჟამად, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას რუსეთის მიერ მოწოდებულ ბირთვულ საწვავზე ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება წარმოადგენს“, – განაცხადა კონგრესმენმა ქეითი როჯერსმა.

ენერგეტიკული საინფორმაციო ადმინისტრაციის ცნობით, ურანის უმეტესი ნაწილი, რომელიც აშშ-ის ატომურ ელექტროსადგურებს კვებავს, იმპორტირებულია და დაახლოებით 12% 2022 წელს აშშ-მა რუსეთიდან მიიღო.

რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ჯერ აშშ-ის სენატის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობას მოითხოვს და იგი ძალაში 90 დღის შემდეგ შევა.

“საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ ენგურჰესი წარმატებულად ფუნქციონირებდეს” – ლევან დავითაშვილი

ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ – წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე ენგურჰესი იმედისმომცემია, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ენგურჰესის, როგორც ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ენერგო-ობიექტის და ზოგადად, ენერგეტიკის დარგის, ამ მხრივ საქართველოში არსებული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ენგურჰესი ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის.

ასევე ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ, ვმართოთ და ქვეყნის ენერგეტიკა განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით განვითარდეს. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. თუმცა, დღეს ჩვენთვის ენერგეტიკა პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამინისტროც ენერგოპროექტების, ასევე კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით. მაგრამ ასევე, არცერთი წუთით შეგვიჩერებია მუშაობა მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განვითარების კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენგურჰესის ეფექტურად მუშაობასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობით, ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ეს პროექტები, უკვე ახლებურად გააზრებული, ახალი დიზაინით და უფრო ეფექტიანად განხორციელდეს და ქვეყნის ენერგოპოტენციალი მეტად იქნას ათვისებული – რათა საბოლოოდ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ. ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად არასტაბილური ვითარების და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ენერგოდამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა კი შეიძლება ვითარდებოდეს მხოლოდ ენერგორესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში.

ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჰესის თანამშრომლები, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ენერგოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს „საპატიო ენგურჰესელები“ – სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა ენგურჰესის ისტორიისადმი მიძღვნილი, თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია და ჩვენება.

„ჩვენ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ უპირველესად, შევინარჩუნოთ ეს მნიშვნელოვანი ობიექტი, წარმატებულად ფუნქციონირებდეს და ამასთან, ვავითარებდეთ ჩვენს ენერგოპოტენციალს სხვა პროექტების განხორციელების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

“საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, „მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს“.

„საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ – ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულით-ხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რომლის კულტურის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ქართული კულტურა.

ეს გამარჯვება სისხლით მოიპოვეს გმირებმა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში, ასევე უკრაინაში მხარდამხარ მებრძოლმა უკრაინელმა და ქართველმა გმირებმა, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ თავისუფლებას, დნესტრისპირეთში მოლდოვის თავისუფლებისათვის მებრძოლმა გმირებმა და ა.შ.

ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის.

2023 წლის 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვიშურებ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსურს გულწრფელად მივულოცო მათი, როგორც ხელისუფალთა, და ქვეყნის ეს ისტორიული წარმატება.

მინდა, ჩემი ხმა შევუერთო საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს: ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის (უკვე აღარ – “პოსტსაბჭოთა”) სამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას – ევროკავშირის ღირსეულ მომავალ წევრებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ისანში ორი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობამ შალვა დოლიძის ქუჩასა და გაბრიელ სალოსის VI შესახვევის N3 კორპუსის მიმდებარედ, სკვერების რეაბილიტაცია დაასრულა.

მოსახლეობის თხოვნით, ძველი უსახური ჯიხურების და ღობეების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ადგილას კი 4850 კვ.მ. ფართობზე, ბავშვთა გასართობი მოედნები, დასასვენებელი სივრცე და გამწვანება მოეწყო.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა  და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან  679 145 ლარით დაფინანსდა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს ულოცავს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ.

ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა უფალს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.

ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.